ეფრემ მცირე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფრემი (მრავალმნიშვნელოვანი).

ეფრემ მცირე — XI საუკუნის II ნახევრის ქართველი სასულიერო მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი. შუა საუკუნეების ქართული სასულიერო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

ეფრემის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. კორნელი კეკელიძის აზრით ეფრემი უნდა ყოფილიყო შვილი ტაოელი აზნაურის ვაჩე კარიჭისძისა, რომელიც 1027 წელს ბიზანტიაში გადასახლდა (თავად ეფრემის თხზულებებით ეს არ დასტურდება). ეფრემს, ჩანს, საფუძვლიანი ბერძნული განათლება მიუღია. 1091 წელს ის აირჩიეს კასტანის მონასტრის წინამძღვრად შავი მთის ქართულ კოლონიაში (ანტიოქიის მახლობლად). სავარაუდოდ იქვე გარდაიცვალა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტები მას უკვე მიცვალებულთა შორის იხსენიებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად ღირსი ეფრემ მცირის სახელით. მისი ხსენების დღეა 18 (31) იანვარი.

იოანე დამასკელის „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემის“ ეფრემისეული თარგმანის ხელნაწერი (XII საუკუნე).

ეფრემ მცირე შუა საუკუნეების ქართული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ის გამოირჩეოდა ღრმა განსწავლულობითა და ბერძნული მწერლობის ენციკლოპედიური ცოდნით. მთარგმნელობითი მოღვაწეობის დასაწყისში ეფრემი წინამორბედ ქართველ მთარგმნელთა, განსაკუთრებით კი ათონელთა, მთარგმნელობითი პრინციპების („სიტყუა დართვითი თარგმანის“) მიმდევარი იყო და მათ მოწაფედ თვლიდა თავს, ხოლო შემდგომ თანდათან ჩამოაყალიბა საკუთარი მთარგმნელობითი კონცეფცია. ეფრემმა სათავე დაუდო ელინოფილურ მიმართულებას ქართულ მწერლობაში.

ეფრემმა თარგმნა და ააგო ისეთი კრებულები, რომლებიც შედგენილობით, სქოლიოებით — კომენტარებითა და შენიშვნებით — კოლოფონებით (ანდერძებით), ზანდუკებით, მარგინალური ნიშნებით, პუნქტუაციით, მხატვრული გაფორმებით და ა. შ. არ ჩამოუვარდება საუკეთესო ბიზანტიურ კრებულებს. ეფრემმა პირველმა მოახდინა ქართული თეოლოგიური ტერმინოლოგიის სისტემატიზება, შეიმუშავა მწიგნობრული, პალეოგრაფიული, გრამატიკული, სალექსთწყობო ტერმინოლოგია, რაც დიდწილად დღესაც გამოიყენება. ეფრემი ლიტერატურის პირველი ქართველი თეორეტიკოსია. მანვე ჩამოაყალიბა სტილური, პოეტიკური თეორია და სხვადასხვა ლიტერატურულ-თეორიული შეხედულებები. ეფრემმა შექმნა პირველი ქართული ლექსიკონიფსალმუნთა განმარტების სახისმეტყველებითი ლექსიკონი.

ეფრემ მცირემ თარგმნიდა სასულიერო მწერლობის თითქმის ყველა დარგიდან. მას ეკუთვნის სამოციქულოს ახალი რედაქცია, კირილე ალექსანდრიელის მიერ შედგენილი კატენური კრებული სამოციქულოს თარგმანებისა, შექმნა დამოუკიდებელი რედაქცია დავითნის კატენებისა; უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის 19 აპორეტული (არალიტურგიკული) საკითხავი, ბასილი კესარიელისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელი) ეპისტოლეები, იოანე დამასკელის „გარდამოცემა“, ბასილი კესარიელის, ეფრემ ასურის, კასიანე ჰრომაელის, პალადიოს ელენოპოლელის, თეოდორიტე კვირელის ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებანი, არეოპაგიტული კორპუსი მაქსიმე აღმსარებლისა და გერმანე პატრიარქის სახელით ცნობილი კომენტარებით, გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 სადღესასწაულო სიტყვა ბასილი მინიმუსის კომენტარებით (ხელმეორედ თარგმნილი ექვთიმე ათონელის შემდეგ ახალი მთარგმნელობითი პრინციპით), სხვადასხვა ავტორის მეტაფრასული ცხოვრებანი, ჰომილეტიკური თხზულებანი.

დიდია ეფრემის ღვაწლი ლიტურგიკულ თუ არალიტურგიკულ თარგმანსა და ორიგინალურ ჰიმნოგრაფიაში (მარხვანის ციკლი). მისი ჰიმნოგრაფიული ტრადიცია შემდეგ გაგრძელდა გელათის სკოლაში (გრიგოლ ღვთისმეტყველის „ასეული იამბიკო“, აგრეთვე ორიგინალური იამბიკური თუ 16-მარცვლიანი შესხმები და სხვ.).

ეფრემ მცირეს მნიშვნელოვანი ორიგინალური თხზულებაა ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული ხასიათის „უწყებაჲ“, რომელშიც სხვადასხვა ბერძნული წყაროდან შეკრებილია ცნობები ქართველთა მოქცევის შესახებ. მისი მიზანი იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვა. ორიგინალურად ითვლება ეფრემის კოლოფონები, ზოგიერთი კომენტარი და შენიშვნა. ჩვენამდე მოაღწია ეფრემის ერთმა ავტოგრაფულმა ნუსხამ (ხეც S-1276) — ჰომილეტიკურმა კრებულმა, რომელიც უმეტესად საკუთრივ მისეული თარგმანების კრებულია. მასზე ჩანს ტექსტზე მუშაობის ეფრემისეული მეთოდი, კომენტირებისა და რედაქტირების პრინციპები.

ეფრემმა დაამკვირდა შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში არეოპაგიტული მოძღვრება. მის მიერ თარგმნილმა არეოპაგიტულმა კორპუსმა და კომენტარებმა გააღრმავა ინტერესი არეოპაგიტული მოძღვრების ანტიკური წყაროების, კერძოდ, პროკლეს მოძღვრებისადმი. იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს“ ეფრემისეული თარგმანისა და შენიშვნების მიხედვით კი — ელინური განათლება, გარეშე სიბრძნე, კლასიკური ტრივიუმი და კვადრიუმი ღვთისმეტყველებას უნდა ემსახურებოდეს, რათა „მათითავე ისრითა“ განიგმიროს გარეშე ფილოსოფია. ეფრემის მოღვაწეობის მიმართულებები გააგრძელეს არსენ იყალთოელმა და გელათური სკოლის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით იოანე პეტრიწმა.

  • ეფრემ მცირე: უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, ტექსტი გამოსცა, შესავალი და ლექსიკონ-საძიებლები დაურთო თ. ბრეგაძემ, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1959.
  • იოანე დამასკელი: დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. რაფავამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1976.
  • პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი): შრომები, ეფრემ მცირის თარგმანი, გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ს. ენუქაშვილმა, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1961.
  • ბეზარაშვილი ქ., ეფრემ მცირე, ელინოფილები და ბერძნულ-ქართული ლექსთწყობის საკითხები, კრ.: ფილოლოგიური ძიებანი, [ტ.] 2, თბ., 1995.
  • ბრეგაძე თ., ეფრემ მცირის მიერ ნათარგმნი ძეგლები, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 1, თბ., 1971.
  • თვალთვაძე დ., ეფრემ მცირის ერთი უცნობი ანდერძი, თბ., 1988 (თსუ. ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 27); კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.1, თბ., 1960.
  • მეტრეველი ე., ეფრემ მცირის ავტოგრაფი, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1969, [ტ.] 1.
  • ოთხმეზური თ., ფსევდონონეს მითოლოგიურ კომენტართა ქართული თარგმანები, თბ., 1989.
  • სარჯველაძე ზ., ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ., 1984.
  • სირაძე რ., ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბ., 1975.
  • ბააკაშვილი ვ., ბეზარაშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 112.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ირემაძე, თ. ეფრემ მცირე, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია; წვდომა განხორციელდა: 18 აგვისტო, 2024.