ვადი სირჰანი (არაბ. وَادِي سِرْحَان, რომანიზებული: Wādī Sirḥān; თარგმანი: „სირჰანის ხეობა“) — ფართო ტაფობი ჩრდილო-დასავლეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ის მიემართება საუდის არაბეთის ალჯუფის ოაზისიდან ჩრდილო-დასავლეთით იორდანიაში. ისტორიულად, ის ასრულებდა ძირითადი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტის ფუნქციას სირიასა და არაბეთს შორის. ანტიკური პერიოდიდან ადრეულ მე-20 საუკუნემდე, ვადი სირჰანზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა სხვადასხვა არაბული ტომი. ხეობას ეწოდა სირჰანის ტომის სახელი, რომელიც იმიგრირდა მე-17 საუკუნის შუა წლებში.
ვადი სირჰანი არის ფართო, ჩაკეტილი ტაფობი, რომელიც იწყება საუდის არაბეთის ალჯუფის რეგიონიდან (სიმაღლე ზღვის დონიდან – 525 მეტრი) და მიემართება 140 კილომეტრის (87 მილის) ჩრდილო-აღმოსავლეთით იორდანიაში,[1] დასრულებული მაიბუს ჭებით.[2] მისი სიგანე მერყეობს 5–18 კილომეტრს (3.1–11.2 მილის) შორის. ისტორიკოს ირფან შაჰიდის თანახმად, „ტერმინი ვადი, რომელიც ვიწრო გადასასვლელს გულისხმობს, შესაძლოა, არასწორად გამოიყენონ“, როგორც ვადი სირჰანი, რომელიც „ფართო დაბლობს“ ნიშნავს.[3] ჩეხმა მკვლევარმა ალოის მუსილმა ის აღწერა, როგორც „ქვიშიანი, ჭაობიანი დაბლობი„ გაფანტული ბორცვებით.[2]
ისტორიულად, ვადი სირჰანი ასრულებდა მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტის ფუნქციას არაბეთსა და სირიას შორის. ასურეთის მეფე ასარხადონმა დაიწყო ლაშქრობა ბაზუსა და ხაზუს ტომების წინააღმდეგ ვადი სირჰანში ძვ. წ. მე-7 საუკუნეში.[2]
ხეობა განაგრძობდა მნიშვნელოვანი მარშრუტის ფუნქციის შესრულებას რომაული ეპოქის დროს, კერძოდ, ქვიანი არაბეთის პროვინციას აკავშირებდა არაბეთის ნახევარკუნძულთან.[3] მისი სტრატეგიული ღირებულება მომდინარეობდა ტრანს-არაბული სავაჭრო და სატრანსპორტო კარიბჭისგან, ვადი სირჰანი ასევე იყო მარილის უმნიშვნელოვანესი წყარო.[4] ჩრდილოეთ ბოლოში, მას იცავდა აზრაკის ციხესიმაგრე, ხოლო სამხრეთ ბოლოში – დუმატ ალ-ჯანდალის ციხესიმაგრე.[4] ორივე ციხესიმაგრის ნაპოვნი წარწერა მიანიშნებს ჯარისკაცების არსებობაზე, რომლებიც ბოსრაში რომის III ლეგიონის სახით იყვნენ დაბანაკებული.[4]
ვადი სირჰანი იყო სამშობლო, საიდანაც სალიჰიდები შევიდნენ სირიაში და გახდნენ ბიზანტიის იმპერიის მთავარი არაბული ფედერატები მთელი მე-5 საუკუნის განმავლობაში.[3] როდესაც სალიჰიდები მე-6 საუკუნის დასაწყისში გასანიდებმა ჩაანაცვლეს, ვადი სირჰანი დომინირებდა ამ უკანასკნელის მოკავშირეების, ბანუ კალბების მიერ.[3] გასანიდებს ბიზანტიელებმა რეგიონზე ზედამხედველობა დააკისრეს მას შემდეგ, რაც იმპერატორმა იუსტინიანე I-მა დაშალა Limes Arabicus, კერძოდ, გარნიზონირებული ციხესიმაგრეების სერია, რომელიც იცავდა იმპერიის აღმოსავლეთ უდაბნოს საზღვრებს, დაახლ. 530 წელს.[3] ღასანიდებმა და კალბებმა არსებითად ჩაანაცვლეს ლიმესი.[3] გასანიდმა ფილარქმა არეტასმა გაიარა ტაფობი, რათა ბანუ ტამიმი დაემარცხებინა.[3] ანალოგიურად, ამ უკანასკნელის ტომის პოეტმა ალქამამ გაიარა ვადი სირჰანი, რათა შეხვედროდა არეტასს, რათა ლობირება გაეწია მისი ძმის ტყვეობიდან გათავისუფლების საქმეში.[3]
ძვ. წ. 634 წელს მუსლიმების დაპყრობიდან მოყოლებული, ხეობა ხშირად ხდებოდა ფრონტის ხაზი ბანუ კალბსა და ბანუ ალ-ქაინიდან წამოსულ მათ შორეულ ნათესავებს შორის.[5]
დაბლობმა თავისი ამჟამინდელი სახელი მოიპოვა სირჰანის ტომის, ბანუ კალბის სავარაუდო შთამომავლების მიგრაციის შემდეგ, დუმატ ალ-ჯანდალის რეგიონში ჰაურანიდან დაახლ. 1650 წელს.[6] მათ მიგრაციამდე, ვადი სირჰანი ცნობილი იყო, როგორც ვადი ალ-აზრაკი, აზრაკის ოაზისის მიხედვით.[7]
თომას ედვარდ ლოურენსი არაბული რევოლუციის დროს, ვადის მოიხსენიებდა, როგორც „ჩვენ სირჰანი აღმოვაცინეთ არა როგორც ხეობა, არამედ გრძელი ღრმული, რომელიც იწრიტება ქვეყნის თითოეულ მხარეს და აგროვებს წყლებს მისი კალაპოტის თანმიმდევრულ ჩაღრმავებებში“.[8]
მე-19 საუკუნის ბოლოს, საუდის არაბეთის ტომი რუვალა წარმოადგენდა ვადი სირჰანის გაბატონებულ ბედუინურ ტომს.[5] ტომის ემირმა, ნური შალანმა, ხელი მოაწერა ჰადდას შეთანხმებას ტრანს-იორდანიის ემირატსა და ნეჯდის სულთანატს შორის, შესაბამისად, თანამედროვე იორდანიის და საუდის არაბეთის წინამორბედებს შორის.[5] ხელშეკრულების შედეგად, ვადი სირჰანის უმეტესი ტერიტორია გახდა საუდის არაბეთის ნაწილი, ხოლო იორდანიამ შეინარჩუნა ხეობის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე აზრაკის გარშემო.[5]