ვასილ ვირასტიუკი, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პლაკატი | |||||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | Васи́ль Яросла́вович Вірастю́к | ||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | უკრაინელი | ||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 22 აპრილი, 1974 | ||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ივანო-ფრანკივსკი, უკრაინის სსრ, სსრკ | ||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 191 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 160 კგ | ||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | მძლეოსნობა | ||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ | ||||||||||||||||||||||||||||||||
|
უკრაინის უმაღლესი რადა | |
IX მოწვევა | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 15 ივნისი 2021 |
პოლიტიკური პარტია | ხალხის მსახური |
ვასილ ვირასტიუკი (უკრ. Василь Вірастюк) დ. 22 აპრილი, 1974, ივანო-ფრანკივსკი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი სპორტსმენი და პოლიტიკოსი. 2004 წელს პლანეტის უძლიერესი მამაკაცის ტიტული მოიგო. სპორტის შემდეგ პოლიტიკაში გადაერთო, 2021 წლის 28 მარტს უკრაინის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა. არის უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატი.
ვასილი 1974 წლის 22 აპრილს ივანო-ფრანკივსკში დაიბადა. მამამისი მძღოლი იყო, დედა კი მკერავი. სწავლობდა ამავე ქალაქის მე-4 საშუალო სკოლაში. 1989-1992 წლებში განათლება ივანო-ფრანკივსკის ტექნიკუმში მიიღო, ფიზკულტურის განხრით. 1992-1994 წლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურა.
1984-დან 2000 წლამდე მძლეოსნობას მისდევდა (ბირთვის კვრაში) და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება მიიღო. 1999 წლამდე უკრაინის ნაკრების წევრი იყო. იმავე წელს სიდნეის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა, თუმც უკვე სპეციალობის შეცვლა და მძლეოსნობიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და შეჯიბრში გამოსვლაზე უარი თქვა. 1999 წლის ბოლოს ივანო-ფრანკოდან კიევში წავიდა და 2000-2003 წლებში კომპანია „გალჰაფტოგაზში“ მცველ-მძღოლად მუშაობდა. 2000 წელს უკრაინის შსს-ში მცველის კურსები გაიარა და ფიზიკური პირების დაცვის C კატეგორიის ლიცენზია მოიპოვა. 2003 წელს მეუღლე სვეტლანასთან ერთად კიევში გადავიდა საცხოვრებლად და მალე შვილი ადამი შეეძინათ. სამწუხაროდ 2006 წელს სვეტლანა ტრაგიკულად დაიღუპა.
2000 წლიდან სპორტის ახალ სახეობაში „ძალისმიერ ექსტრიმში“ დაიწყო გამოსვლა. ექვსჯერ იასპარეზა პრესტიჟულ ტურნირზე „Arnold Strongman Classic“, სადაც სამჯერ (2005, 2006 და 2007) მეორე ადგილი დაიკავა.
2003 წელს ზამბიაში „პლანეტის უძლიერესი მამაკაცის“ ჩემპიონატზე გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ-მეორეზე წინა წლების მსგავსად მარიუშ პუდზიანოვსკი და ჟიდრუნას სავიცკასი გავიდნენ.
2004 წელს ნასაუში პუდზიანოვსკი და სავიცკასი ჩამოიტოვა და ოქროს მედალი აიღო. მოგვიანებით მარიუშის სისხლი აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.
იმავე წელს ძლიერი მამაკაცების შეჯიბრში განხეთქილება მოხდა. რამდენიმე მონაწილემ (მათ შორის ვირასტიუკმა და სავიცკასმა) IFSA-ს ტურნირზე გააგრძელეს გამოსვლა. ვასილმა 2005 წელს ვერცხლის მედალი აიღო, 2006-ში ბრინჯაო, ხოლო 2007-ში ოქრო. ამ გამარჯვებით გახდა პირველი ადამიანი ვინც ჩემპიონობა ორი ვერსიით (პლანეტის უძლიერესი ადამიანი და IFSA ვერსიით) მოიგო.
უკრაინის ნაკრების კაპიტანი იყო და მისი თაოსნობით „პლანეტის ყველაზე ძლიერი ერის“ ტიტული ოთხჯერ მოიგო (2003, 2004, 2006 და 2007 წლებში). 6-ჯერ გახდა უკრაინის ყველაზე ძლიერი მამაკაცი (2000—2004, 2007).
2007 წელს კიევში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო.
2008 წელს Arnold Strongman Classic-ზე ტრავმის გამო იძულებული შეიქმნა ტურნირი დაეტოვებინა და 8,5 ქულით მეათე ადგილს დასჯერდა. საბოლოოდ კი ტრავმის გამო სპორტსმენის პროფესიული კარიერა დაასრულა.
2009 წელს მოქმედ ათლეტებთან ერთად უკრაინის ძლიერი ათლეტების ფედერაცია ოფიციალურად დატოვა და უკრაინის "სტრონგმენების" პროფესიონალური ლიგა ჩამოაყალიბა. 2011 წელს უკრაინის "სტრონგმენების" ფედერაცია დაარეგისტრირა და 2015 წელს ეროვნული ფედერაციის სტატუსი მიიღო.
ამჟამად ითვლება ამ ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად.
მონაწილეობდა ფილმებში:
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2009 | ფ | კაზაკებმა როგორ... | How Cossacks... | მჭედელი |
2013 | ფ | ძლიერი ივანი | Strong Ivan | ველეტი |
2014 | ფ | მარტოხელა კონსტრაქტით | Lonely under the Сontract | ედიკი |
2016 | ფ | დრაკონის შელოცვა | The Dragon Spell | კირილო კოჟუმიაკა |
2018 | ფ | მოპარული პრინცესა | The Stolen Princess | ტროიეშინა განგსტერი |
2019 | ფ | სასტუმრო ედელვაისი | Edelweiss Hotel | პოლიციის კაპიტანი |
2019 | ფ | პოლინა და კინოსტუდიის საიდუმლო | Polina and the Mystery of a Film Studio | ვიკინგი |
ასევე გადაღებულია რეკლამებში და გამოდიოდა იუმორისტულ ტელეშოუში „დიზელ-შოუ“.
2004 წელს ტელეშოუში „ფორტ ბოიარდში“ გოლიათების გუნდში მონაწილეობდა.
2013 წელს „პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემია“ დაასრულა. სპეციალობით: „მენეჯმენტი, ეკონომიკა და ბიზნესის მართვა“.
2021 წლის 11 თებერვალს პოლიტიკურმა პარტია „ხალხის მსახურის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა შუალედურ არჩევნებში ივანო-ფრანკოს ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ვირასტიუკი წარედგინა[1]. არჩევნებში მონაწილეობა პირადად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.
არჩევნები 28 მარტს ჩატარდა და უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კიმისიამ ვირასტიუკი გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნებში სულ 50 181 ბიულეტენი შევიდა, საიდანაც ვასილმა ხმათა 30,95% მიიღო (15 536 ხმა). მეორე ადგილზე 30,11%-ით (15 114 ხმა) ბიზნესმენი ალეკსანდ შევჩენკო გავიდა პარტია „მომავლისთვის“ , მესამეზე რუსლან კოშულინსკი 28,51%-ით (14 311).
შევჩენკოს გუნდმა განაცხადა რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა და 2 მაისს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ივნისის დასაწყისში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ შედეგები ძალაში დატოვა და ვასილი 15 ივნისს უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა[2][3].