ვასილი მაკუხი

ვასილი მაკუხი
მშობლიური სახელი უკრ. Василь Омелянович Макух
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი 1927
კაროვი, ლვოვის ოლქი, უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი 1968 (40 წლის)
კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პროფესია მუშა, ჯარისკაცი
ცნობილია როგორც უკრაინაში საბჭოთა პოლიტიკის პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა

ვასილი მაკუხი (უკრ. Василь Омелянович Макух;  დ. 14 ნოემბერი, 1927, კაროვი, ლვოვის ოლქი  —  გ. 6 ნოემბერი, 1968, კიევი) —   უკრაინელი, საბჭოთა მუშა, რომელმაც 1968 წელს კრეშჩატიკზე პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა სსრკ-ში უკრაინის მდგომარეობისა და ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანის გამო.[1][2]

დაიბადა გლეხის ოჯახში ლვოვის სავოევოდოს სოფელ კაროვში.

1944 წელს, მამისა და მეზობლების გავლენით,  შეუერთდა უკრაინის აჯანყებულთა არმიას, სადაც მსახურობდა სამხედრო დაზვერვაში. 1946 წლის თებერვალში დაიჭრა ფეხში და ტყვედ აიყვანეს საბჭოელებმა.

ვასილი მაკუხს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით გადასახლება. მან სასჯელი მორდვეთში მოიხადა. ციმბირში გადასახლებაში ყოფნისას  შეხვდა მსახიობ ლიდია  ზაპარას, რომელიც დააპატიმრეს გერმანიის ოკუპაციის დროს პროპაგანდისტული ბრიგადის კონცერტებში მონაწილეობისთვის. გათავისუფლების შემდეგ ვასილი მაკუხმა ლიდია ზაპარასთან მიმოწერა დაიწყო.

გათავისუფლების შემდეგ ვასილი მაკუხს დასავლეთ უკრაინაში ცხოვრება აუკრძალეს, ამიტომ იგი დნეპროპეტროვსკში გაემგზავრა ლიდიასთან. მან გაარემონტა ლიდიას ბებიის სახლი, მოგვიანებით მაკუხი და ლიდია დაქორწინდნენ. 1960 წელს წყვილს შეეძინა ქალიშვილი, ოლია, ხოლო 1964 წელს  —   ვაჟი, ვლადიმერი. მაკუხი მუშაობდა პრომზინკის ქარხანაში ცეცხლგამძლე მასალების სახიფათო საამქროში, რის გამოც  ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. იგი ასევე მუშაობდა მანქანათმშენებლობის ცეხში მექანიკოსად. შევიდა საღამოს სკოლის მე-9 კლასში, დაამთავრა ათწლიანი პროგრამა. უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ შესარჩევი კომისიისთვის ნასამართლობის დამალვის გამო  გარიცხეს. ვასილიმ დამოუკიდებლად გააგრძელა მეცადინეობა სასწავლებელში საღამოს ან დაუსწრებელ განყოფილებაზე თავის აღდგენის მიზნით, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს.

ვასილი მაკუხმა შვილები ადგილობრივ საბავშვო ბაღსა და სკოლაში შეიყვანა. ბავშვები ჩიოდნენ, რომ თანატოლები დასცინოდნენ მათ უკრაინული ენაზე საუბრის გამო. მაკუხი აღშფოთებული იყო, რომ უკრაინული ენა არ გამოიყენებოდა დნეპროპეტროვსკში, ყოფილ კაზაკთა რეგიონში. იგი გაემგზავრა გალიციაში, შეხვდა ყოფილ თანამოაზრეებს.

მაკუხზე ძალიან იმოქმედა ჟურნალ „სამშობლოს“ 1968 წლის იანვრის ნომერში ფამოქვეყნებული უკრაინელი მწერლის ოლეს გონჩარის მიერ დაწერილი რომანის — „კათედრალის“ უსამართლო კრიტიკამ. იგი ასევე შოკირებული იყო ვარშავის პაქტის ჯარების შესვლით ჩეხოსლოვაკიაში. მაკუხმა ცოლს განუცხადა, რომ მზად იყო თავი გაეწირა თავისუფალი უკრაინისა და მათი შვილების მომავლისთვის.

1968 წლის ოქტომბერში ვასილიმ შვებულება აიღო ლვოვის რაიონში გასამგზავრებლად. წასვლის წინ მან ცოლ-შვილს უთხრა: „თუ რამე დამემართება, იცოდეთ, რომ ყველა ძალიან მიყვარხართ“. მისმა დისშვილმა შეამჩნია, რომ ნივთების ჩალაგებისას,  ვასილიმ ჩაიდო სამლიტრიანი ქილა, თუმცა როგორც თავად განმარტა, ქილა საჩუქარი იყო, რომელიც მას მეზობელმა გადასცა.

ლვოვის რაიონის ნაცვლად, მაკუხი გაემგზავრა კიევში, სადაც 1968 წლის 5 ნოემბერს, ნაშუადღევს, კრეშჩატიკზე N 27 სახლთან, ბესარაბიის ბაზრის მახლობლად, თავის დაწვის მიზნით,  ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი გაიქცა ამჟამინდელი მაიდანის მიმართულებით და დაიყვირა: „ძირს კოლონიალისტები! გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას!  ხალხი შეშინებული გაიქცა, პოლიცია ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. მაკუხს კანის 70%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.[3][4]

როდესაც ქვრივი ცხედრის წასაღებად მივიდა, იგი მკაცრი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. პანაშვიდი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) მეთვალყურეობით  გაიმართა. დამსწრე პირებს ფოტოები გადაუღეს. ქვრივი სუკ-ში სამი თვით დაიბარეს დაკითხვაზე, გააძევეს  სამსახურიდან, სადაც მზარეულად მუშაობდა. შემდგომში სამსახური ვეღარ იშოვა.  მაკუხის და პრასკოვია დაიბარეს სუკ-ში, საიდანაც დაზიანებული ფილტვებითა დაბრუნდა და ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

უკრაინულ მედიაში მაკუხის თავის დაწვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უცხოურმა საინფორმაციო სააგენტოებმა ინფორმაცია Samizdat-ისგან მიიღეს და მომხდარის შესახებ მოკლე სიუჟეტი გადასცეს.[5][6]

  1. https://www.ustrcr.cz/data/pdf/pamet-dejiny/pad1601/073-090.pdf (ჩეხ.)
  2. Czech National Authority Database (ჩეხ.)
  3. "For our and your freedom!" - The feat of Vasyl Makukh Museum “Jewish Memory and Holocaust in Ukraine"
  4. The Ukrainian who set himself on fire protesting the Soviet invasion of Czechoslovakia Euromaidan Press
  5. "Український герой – палаючий смолоскип Василь Макух". Радіо Свобода (უკრ.). Retrieved 2018-11-11.
  6. "Makukh, Vasyl". Internet Encyclopaedia of Ukraine. Retrieved 16 July 2015.