ვატ პჰო (ტაი: วัดโพธิ์; ასევე გამოითქმის, როგორც ვატ პო ) — ბუდისტური სატაძრო კომპლექსი ტაილანდში, ბანგკოკში, პჰრა ნახონის რაიონში. კომპლექსი მდებარეობს რატანაკოსინის კუნძულზე, პირდაპირ დიდი სასახლის სამხრეთით.[1] იგი ასევე წამოწოლილი ბუდას ტაძრის სახელწოდებითაა ცნობილი. კომპლექსის ოფიციალური სახელწოდებაა ვატ პჰრა ჩეტუპჰონ ვიმონ მანგხალარამ რაჯვარამაჰავიჰანი[2] (ტაი: วัดโพธิ์; วัดพระเชตุพนวิมลมังคลารามราชวรมหาวิหาร).[3] ვატ პჰო კომპლექსის ძველი სახელწოდების, ვატ პჰოტარამის (ტაი: วัดโพธาราม;) შემოკლებული ვარიანტია.[4]
ვატ პჰო ტაილანდის პირველი კლასის სამეფო ტაძართა ექვსეულში პირველია.[5][6] მეფე რამა I-მა სატაძრო კომპლექსი ძველი ტაძრის ადგილას ხელახლა ააშენა და მისი მთვარი ტაძარი გახდა.[7] შემდეგში ტაძარი უფრო გაფართოვდა და განახლდა მეფე რამა III-ის დროს. კომპლექსში შენახულია ტაილანდში ბუდას გამოსახულებათა ყველაზე დიდი კოლექცია, მათ შორის 46 მეტრის სიგრძის წამოწოლილი ბუდას გამოსახულება. ტაძარი ტაილანდში საჯარო განათლების უძველეს ცენტრად მიიჩნევა. ტაძრის მარმარილოს ილუსტრაციები და წარწერები იუნესკომ მსოფლიო მეხსიერების სიაში შეიტანა. კომპლექსი ტაილანდური მედიცინის კერაა და ტაილანდური მასაჟის დაბადების ადგილად ითვლება, რომელსაც აქ დღემდე ასწავლიან.[8]
ვატ პჰო ბანგკოკის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ტაძარი ჯერ კიდევ რამა I-ის მიერ ბანგკოკის დაარსებამდე არსებობდა. თავდაპირველად მას ვატ პჰოტარამი ან პოდჰარამი ეწოდებოდა.[4][9] ძველი ტაძრის დაარსების თარიღი და დამაარსებლის ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, იგი მეფე პეტრაქას (1688-1703) მმართველობისას აიგო, ან გაფართოვდა.[6][10] ვატ პჰოს სამხრეთი ნაწილი საფრანგეთის ოკუპაციის დროს ბასტიონად იყო გადაკეთებული, რომელიც მეფე პეტრაქამ 1688 წელს, ბანგკოკის ალყის შემდეგ გაანადგურა.[11]
ვატ პჰო ბანგკოკის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ვატია, რომელსაც 50 რაის (80 000 მ²) ფართობი უკავია.[12] კომპლექსში ბუდას 1000-ზე მეტი გამოსახულებაა. ვატ პჰოს კომპლექსი შედგება ორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით ერთმანეთისგან განცალკევებული შემოკედლილი სივრცისგან შედგება. დიდი ჩრდილოეთის ნაწილი დამთვალიერებელთათვის ღიაა და ბუდასადმი მიძღვნილი შენობებისგან შედგება და შეიცავს ბოტსაც (Bot), სადაც წამოწოლილი ბუდას გამოსახულებაა. სამხრეთის სივრცე ბერების საცხოვრებელ ნაწილსა და სკოლას მოიცავს. მთავარი სატაძრო კომპლექსის კედელში 16 კარია დატანებული, რომელთაგანაც ორი საზოგადოებისთვის ღიაა.[13]
კომპლექსში 4 დიდი სტუპა, 91 პატარა სტუპა, ორი ბარელიეფი, ბოტი (ცენტრალური სამლოცველო), რამდენიმე დარბაზი და სხვადასხვა ნაგებობა, ბაღები და პატარა სატაძრო მუზეუმი შედის. არქიტექტურულად კომპლექსის სტუპები და შენობები სტილითა და ზომებით განსხვავდება.[14] კომპლექსში რამდენიმე დიდი ჩინური ქანდაკებაა, რომელთა ნაწილიც ევროპელებს ასახავს. ქვის ქანდაკებები ჩინეთთან გემებით ვაჭრობისას შემოიტანეს.[14]
ვატ პჰო საჯარო საგანმანათლებლო ადგილიცაა. გრანიტის ფილებზერვა სფეროს შესახებაა ამოკვეთილი: ისტორია, მედიცინა, ჯანმრთელობა, წეს-ჩვეულებები, ლიტერატურა, ბრძნული გამონათქვამები, ლექსიკოგრაფია და ბუდისტური რელიგია.[15][16] ეს დაფები, რომლებიც მედიცინის, ტაილანდური ტრადიციული მასაჟისა და სხვა საკითხების შესახებ ტექსტებსა და ილუსტრაციებს მოიცავს, მთელს კომპლექსშია განლაგებული.[17] ბიბლიოთეკის კედელზე თანავარსკვლავედთა ნახატები, ადგილობრივი მმართველობის შესახებ წარწერები, სახალხო თქმულებების, ზღაპრებისა და ცხოველებისადმი მოპყრობის ნახატებია განთავსებული.[15]
პჰრა უბოსოტი ან ბოტი კომპლექსის მთავარი დარბაზია, რომელიც ბუსიტური რიტუალების ჩასატარებლად გამოიყენება და კომპლექსში ყველა წმინდა ნგებობაა. დარბაზი მეფე რამა I-ის დროს აიუთიას სტილთი აიგო და მოგვიანებით, მეფე რამა III-ის პერიოდში გაფართოვდა და განახლდა რატანაკოსინის სტილში. ბოტის აგების თარიღად 1791 წელი მიიჩნევა. შენობა მარმარილოს პლატფორმაზეა აღმართული.[18]
უბოსოტის შიგნით ოქროსა და შუში სამიარუსიანი კვარცხლბეკია, რომლის თავზეც ოქროსა და სპილენძისგან დამზადებული ბუდას ქანდაკება დგას, რომლის ზემოთავ ცხრაიარუსიანი ქოლგა ტაილანდის ხელისუფლებას აღნიშნავს.[14] ბუდას ქანდაკება აიუთიას პერიოდს ეკუთვნის. იგი მეფე რამა I-მა თონბურიდან, ვატ სალა სი ნადან (ამჟამად ვატ ხუჰასავანი) კომპლექსში გადაიტანა.[19][20] მოგვიანებით მეფე რამა IV-მ რამა I-ის ფერფლის ნაწილი კვარცხლბეკის ქვევით მოათავსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ერთდროულად პატივს მიაგებს როგორც ბუდას, ისე რამა I-ს. დარბაზში ბუდას მოწაფეთა 10 გამოსხულებაა. მაუდგალიანა ბუდას მარცხნივ, სარიპუტა - მარჯვნივ, ხოლო მათ ქვევით რვა არჰატია გამოსახული.[2]