ვედსვორტის ათენეუმი | |
---|---|
| |
41°45′49″ ჩ. გ. 72°40′23″ დ. გ. / 41.76371111° ჩ. გ. 72.67308611° დ. გ. | |
დაარსდა | 1844 წელს |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ჰარტფორდი |
დირექტორი | თომას ლუგმანი[1] |
ოფიციალური საიტი | https://www.thewadsworth.org/ |
![]() |
ვედსვორტის ათენეუმი — ხელოვნების მუზეუმი ჰარტფორდში, კონექტიკუტის შტატში. ვედსვორტი გამოირჩევა ევროპული ბაროკოს ხელოვნების კოლექციებით, ძველი ეგვიპტური და კლასიკური ბრინჯაოებით, ფრანგული და ამერიკული იმპრესიონისტული ნახატებით, ჰადსონის მდინარის სკოლის პეიზაჟებით, მოდერნისტული შედევრებითა და თანამედროვე ნამუშევრებით. ასევე მუზეუმში განთავსებულია ადრეული ამერიკული ავეჯისა და დეკორატიული ხელოვნების კოლექციები.
დაწესებულება დაარსდა 1842 წელს, ხოლო გაიხსნა 1844 წელს. არის უძველესი მუდმივად მოქმედი საზოგადოებრივი ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში. [2]
მუზეუმი მდებარეობს 600 მთავარ ქუჩაზე, ციხის მსგავს შენობაში, ჰერტფორდის ცენტრში. 75,000 კვადრატული ფუტი (7,000 მ²) საგამოფენო სივრცის მუზეუმი არის უდიდესი ხელოვნების მუზეუმი კონექტიკუტის შტატში.
მუზეუმი არის ჩრდილოეთ ამერიკის საპასუხო მუზეუმების პროგრამის წევრი.
მუზეუმს ვედსვორტი ეწოდა, რადგან იგი აშენდა დენიელ ვედსვორტის ოჯახის სახლში, ჰერტფორდის შუა გულში.[3] მისი არქიტექტორები იყვნენ ალექსანდრე ჯექსონ დევისი და ითიელ თაუნი. მშენებლობა დაიწყო 1842 წელს მას შემდეგ, რაც მუზეუმი დაარსდა იმავე წლის 1 ივნისს. მუზეუმი გაიხსნა 1844 წლის 31 ივლისს და მას შემდეგ მუდმივად მუშაობს.
ვედსვორტის ოჯახმა, რომელიც იყო ერთ -ერთი უძველესი და მდიდარი ოჯახი ქალაქში, ხელი შეუწყო მრავალი ღირებული ხელოვნების ნიმუშის გამოფენას მუზეუმის გახსნის დროს. პირველი კოლექცია შედგებოდა 78 ნახატის, ორი მარმარილოს ბიუსტის, ერთი პორტრეტული მინიატურის და ერთი ბრინჯაოს ქანდაკებისგან. სახვითი ხელოვნების კოლექციის გარდა, თავდაპირველ შენობაში განთავსებული იყო ჰარტფორდის საჯარო ბიბლიოთეკისა და კონექტიკუტის ისტორიული საზოგადოების წინამორბედები, რამაც წარმოშვა სახელი "ათენეუმი", დაწესებულება, რომელიც ფართოდ ეძღვნება კულტურის სწავლებას. ვედსვორტმა, დაარსებიდან დღემდე, უმასპინძლა მრავალფეროვან კულტურულ და საზოგადოებრივ აქტივობებს, მათ შორის დრამატულ და საცეკვაო წარმოდგენებს და ისტორიული არტეფაქტების ექსპონატებს.
მუზეუმის კოლექციების შემომწირველებს შორის გამორჩეულია ელიზაბეტ ჯარვის კოლტი, სამუელ კოლტის ქვრივი და ფინანსისტი და ჰარტფორდის მკვიდრი ჯონ პირპონტ მორგანი. თითოეულმა მათგანმა 1000-ზე მეტი ობიექტი უსახსოვრა მუზეუმებს. ამ კოლექციებს შორისაა მდინარე ჰადსონის სკოლის პეიზაჟების მნიშვნელოვანი ჯგუფი და კოლტის ცეცხლსასროლი იარაღის კოლექცია, რენესანსული ფასდაუდებელი დეკორატიული ხელოვნებისა და კოლონიური ეპოქის ამერიკული ავეჯის კოლექცია. სამუელ პ. ევერიმ მუზეუმს უსახსოვრა ბაბილონის თიხის ფირფიტები, ჩინეთის დინასტიის ფაიფურები და მე-19 საუკუნის ფრანგული ქანდაკებები, მან ასევე ფულადი სახსრები გამოყო ახალი მშენებლობისთვის.
1927 წელს მუზეუმმა მიიღო მილიონი დოლარი ბანკირი ფრანკ სამნერის ანდერძისგან, რათა შექმნილიყო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფონდი. მუზეუმის წინამძღოლების, განსაკუთრებით ა. ევერეტის "ჩიკ" ოსტინისა და ჩარლზ კანინგემის ხელში, ფონდმა შეძლო გამორჩეული მხატვრების ხელოვნების ნიმუშების ყიდვა, მათ შორისაა კარავაჯოს, სალვადორ დალის, პოლ გოგენის, ჟოან მიროს, სტროზის, ტინტორეტოს, ვან დიკისა და ფრანსისკო დე სურბარანის ნამუშევრები.
1940-იან და 1950-იან წლებში კლარა ჰინტონ გოლდისა და ენ პარიშ ტიცელის ანდერძებმა გაამდიდრა მუზეუმი, ჰადსონის მდინარის სკოლის და იმპრესიონისტული ნახატების, კოულის, გიფორდის, მონესა და რენუარის ცნობილი ნახატებით. ამავე პერიოდში, ჰენრი შნაკენბერგმა მუზეუმს უანდერძა რამდენიმე ნამუშევარი და ფულადი სახსრები, რომლითაც მუზეუმმა შეძლო კვიპროსული, ეგვიპტური და ბერძნული სიძველეების შესყიდვა. ასევე მუზეუმმა შეიძინა მოდერნისტების ნახატები, მათ შორის პიტერ ბლუმის, სტიუარტ დევისის და რეჯინალდ მარშის ნახატები.
ომისშემდგომ და თანამედროვე განყოფილებაში გამოფენილია ტონი სმიტისა და სიუზან მორს ჰილესის მიერ შემოწირული ნამუშევრები. მათ შორისაა იოზეფ ალბერსის, ჯექსონ პოლოკის, ბარნეტ ნიუმანის, რობერტ რაუშენბერგისა და მარკ როტკოს ნახატები. არჩიბალდის, გუდვინის, კენისა და სმიტების ოჯახებისა და ალექსანდრე გოლდფარბის და ჩარლზ შვარცის სახსრებით, მუზეუმმა შეიძინა ალექსანდრე კოლდერის, არტემიზია ჯენტილესკის, სინდი შერმანის, ბილ ვიოლას და კარა უოკერის ძვირფასი ნივთები.[4]