ზადენი — ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში დადასტურებული სახელწოდება მთისა, ციხესიმაგრისა და კერპისა (ღვთაებისა).
ზადენის მთას მკვლევარნი აიგივებენ ბერძნულ-რომაულ წყაროებში მოხსენიებულ სევსამორასთან, თანამედროვე სოფ. წიწამურის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ადგილას (მდ. არაგვის მარცხენა სანაპიროზე). როგორც ჩანს, ქართლის მეოთხე მეფე ფარნაჯომმა სწორედ აქ „აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს”. „ციხე ზადენი”, არმაზციხესთან ერთად, უნდა ყოფილიყო „დიდი მცხეთის” ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი და საკულტო ცენტრი, ღვთაება ზადენის ადგილსამყოფელი.
მეფე ფარნაჯომის მიერ შექმნილი ზადენის კერპი ქართლის ერთ-ერთ მთავარ ღვთაებად ითვლებოდა (არმაზის შემდეგ). ამ სამეფო ღვთაების შემოღების მიზეზი, ისევე როგორც სიტყვა ზადენის ეტიმოლოგია, დაუდგენელია. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „ზადენი“ დასაკავშირებელია სამხრეთ მცირეაზიურ (ხეთურ-ლუვიურ) ღვთაება „სანდონის”, „სანთას” სახელწოდებასთან. ძველ ქართულ წყაროებში შემონახულია აგრეთვე ზადენისაგან ნაწარმოები ტოპონიმები: ზადენ-გორა (სოფელი „საზღუართა სამცხისათა”), ზედაზენი (ციხესიმაგრე ქართლ-კახეთის საზღვარზე). სავარაუდოა, რომ ტოპონიმი „ზედაზენი” მიღებულია „ზედა ზადენისაგან”. ზადენი სოფლის სახელად გვხვდება მესხეთში (ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი).