თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ჩიკაგო)

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმის ძირითადი შენობა
41°53′49″ ჩ. გ. 87°37′15″ დ. გ. / 41.897211389° ჩ. გ. 87.620988194° დ. გ. / 41.897211389; -87.620988194
დაარსდა 1967 წ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა ჩიკაგო
ექსპონატი დაახ. 2,700
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
დირექტორი მადელენ გრინშტეინი
ოფიციალური საიტი mcachicago.org/Home
Map

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თხმ) (ინგლ. The Museum of Contemporary Art (MOCA)) - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქალაქ ჩიკაგოს ცენტრში, ილინოისის შტატში. სპეციალიზირდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ძირითადად ამერიკულ და ევროპულ ხელოვნებაზე. მოიცავს როგორც მუდმივ, ასევე დროებით, ინდივიდუალურად კურირებულ გამოფენებს. მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო ცენტრია და წარმოადგენს არასამთავრობო დაწესებულებას, რომელსაც კერძო პირები აფინანსებენ.

მუზეუმმა სტარტი მისცა ბევრ ცნობილ მხატვარს. აქ გაიმართა ფრიდა კალოს პირველი გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯეფ კუნის პირველი სოლო გამოფენა. ჯეფ კუნიმ შემდგომში მუზეუმში კიდევ ერთი გამოფენა ჩაატარა, რომელმაც მუზეუმის სტუმრების რაოდენობის რეკორდი მოხსნა. დღეს რეკორდი უჭირავს 2017 წლის ტაკაში მურაკამის გამოფენას.

ჩიკაგოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დაარსების საჭიროების საკითხი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, სანამ ეს იდეა რეალობად იქცეოდა. 1964 წელს საკითხზე დისკუსია გამართეს კრიტიკოს დორის ლეინ ბატლერის სახლში, სადაც 30 მხატვარი, კოლექციონერი და კრიტიკოსი იყო შეკრებილი. [1] შეკრების შედეგად, 1967 წლის შემოდგომაზე, მუზეუმი დაარსებული იყო.

მუზეუმი გაიხსნა პატარა შენობაში აღმოსავლეთ ორლანდოს ქუჩაზე, რომელიც ადრე საცხობი და, ერთ დროს, "Playboy Enterprises"-ის ოფისიც იყო. [2] მუზეუმის პირველი დირექტორი იან ვან დერ მარკი გახდა. [3] მუზეუმის თავდაპირველი კონცეპტი ითვალისწინებდა მხოლოდ დროებითი გამოფენების ჩატარებას, გერმანული "კუნსტჰოლების" სტილში, მაგრამ 1974 წელს მუზეუმმა მუდმივი კოლექციის შეგროვება დაიწყო. [4] მუზეუმის პირველი გამოფენა "Pictures To Be Read/Poetry To Be Seen" ("წასაკითხი სურათები/დასანახი პოეზია) გახდა.

მუზეუმის გაფართოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს მუზეუმმა, მეათე წლისთავის პატივსაცემი შემოწირვების ასაგროვებელი ღონისძიებების შედეგად, გაფართოება დაიწყო და საგალერეო სივრცედ მეზობელი შენობები შეიძინა. მათ შორის გალერეად გადაკეთდა მეზობელი სამსართულიანი ტაუნჰაუსი. [5]

1991 წელს მუზეუმის ქომაგების კომიტეტმა დაიწყო ფულის შეგროვება ახალი ძირითადი შენობისთვის. საჭირო 55 მილიონი დოლარისგან (2021 წლის კურსით დაახ. 104) შეგროვდა მხოლოდ 37 (დაახ. დღევანდელი 70). შემოწირვები ძირითადად ეკუთვნოდა ინვესტორებს, ფილანტროპებს და ხელოვნების ენთუზიასტებს ბეატრის მაიერს,. ჯერომ სტოუნს, ედვინ ბერგმანს, ირვინგ ჰარისს, თომას და ფრანსის დიტმერს და მათ ოჯახებს. [6] ახალი შენობისთვის მოეწყო არქიტექტორების კონკურსი, რომელშიც 229 მონაწილესგან ექვსი ფინალისტი გამოვლინდა ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი). [7] არქიტექტურის კრიტიკოსმა ბლერ კამინმა შედეგები კონტროვერსულად დაასახელა, რადგან ფინალში ვერც ერთი ჩიკაგოელი არქიტექტორი ვერ გავიდა, მიუხედავად იმის, რომ ნახევარფინალებში მონაწილეობდნენ ცნობილი ჩიკაგოელი არქიტექტორები ჰელმუთ ჯანი და სტენლი თაიგერმანი. მიუხედავად ამის, კონკურსი ჩვეულებრივად გაგრძელდა.

გამარჯვებული არქიტექტორი ჯოზეფ პოლ კლაიჰუსი გახდა. [8] ახალი, დღევანდელი შენობა ყოფილი სამხედრო საცავის ადგილზე აიგო აღმოსავლეთი ჩიკაგოს გამზირზე, მიჩიგანის გამზირის და მიჩიგანის ტბის შუაში. საცავი 1907 წლიდან მოქმედებდა და 1993 წელს დანგრეული იყო მუზეუმისთვის ადგილის დასათმობად. ახალმა მუზეუმმა ოთხი სართული და 20,000 მ² დაიკავა და წინაზე ხუთჯერ დიდი გახდა. 1996 წლისთვის ეს მსოფლიოში უდიდესი ხელოვნებას მიძღვნილი სივრცე იყო. [9] შენობა გაიხსნა 1996 წლის 21-22 ივნისს. გახსნას მოჰყვა 24-საათიანი ღონისძიება, რომელსაც დაახ. 25,000 ადამიანი დაესწრო.

2011 წელს მუზეუმის დირექტორმა მადელეინ გრინშტეინმა განაცხადა, რომ მუზეუმი ახალი პიროვნების ძიებაშია და ახალ ხედვას იმუშავებს. ახალი გეგმის თანახმად მუზეუმი მხატვრების და სტუმრების აზრის მეტი გათვალისწინებით იმუშავებდა, შეიცვლებოდა გამოფენების განლაგება. 2017 წელს, მუზეუმის 50-ე წლისთავისთვის, საგამოფენო სივრცის დიზაინის ნახევარზე მეტი განახლდა. დიზაინის ავტორი ჯონათან მორკლი გახდა. შენობას დაემატა მეხუთე სართული, საგანმანათლებლო ცენტრი, ქანდაკების ბაღი, სუვენირების მაღაზია და კაფე. [10]

მუზეუმის მუდმივი კოლექცია მოიცავს 1940-1970 წლების სურეალისტურ, პოსტმოდერნისტულ, მინიმალისტურ, პოპ არტის სტილის და კონცეპტუალურ ნამუშევრებს . ფერწერის გარდა მუზეუმში ინახება ფოტოგრაფია, ქანდაკება, ვიდეო, მულტიმედიური ხელოვნება, წარმოდგენილია მუსიკა, თეატრი, ცეკვა. სულ წარმოდგენილია დაახ. 2,700 ობიექტი და 3,000 ართბუქი.

კოლექციაში წარმოდგენილია ისეთი თვალსაჩინო მხატვრები, როგორც ჯასპერ ჯონსი, ენდი ვამოლი, სინდი შერმანი, კარა უოკერი და ალექსანდრე კალდერი.

რესურსები ინტერნეტში=

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]