ირინა მურავიოვა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
8 თებერვალი, 1949 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი, რადიოწამყვანი |
ჯილდოები |
![]() |
ირინა ვადიმის ასული მურავიოვა (რუს. Ири́на Вади́мовна Муравьёва; დ. 8 თებერვალი, 1949, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, რადიოწამყვანი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1994)[1], სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).[2]
ირინა მურავიოვა დაიბადა 1949 წლის 8 თებერვალს მოსკოვში, ვადიმ სერგეის ძე (1923-2008) და ლიდია გიორგის ასულ (1926-2015) მურავიოვების ოჯახში. მამა სამხედრო ინჟინერი, დედა კი - ბელორუსის ქალაქ ორშას მკვიდრი იყო. მშობლები შეხვდნენ ნაცისტურ გერმანიაში, სადაც ლიდია მანამდე ტყვედ წაიყვანეს. მურავიოვას ჰყავს უფროსი და (დ. 1947).
სკოლის დამთავრების შემდეგ ირინამ მოსკოვის ყველა თეატრალურ სკოლაში შეიტანა განაცხადი, მაგრამ ვერსად მოხვდა. მოუწია გაცდენილი ერთი წლის განმავლობაში ემუშავა და მომდევნო გამოცდებს დალოდებოდა. მაგრამ შემდეგ წელსაც ისტორია თითქმის ისევ ისე განმეორდა — ირინა მხოლოდ ცენტრალური საბავშვო თეატრის სტუდიაში მიიღეს, სადაც კონკურსი შედარებით დაბალი იყო და მხოლოდ იმ აბიტურიენტებს იღებდნენ, რომელთაც მოსკოვის ბინადრობა ჰქონდათ. სტუდიის დამთავრების შემდეგ, მურავიოვა საბავშვო თეატრში დარჩა სამუშაოდ.
1970-იან და 1980-იან წლებში ირინა უძღვებოდა კვირა დილის საბავშვო სატელევიზიო გადაცემას „მაღვიძარა“, რომელიც 1967-1997 წლებში გადაიცემოდა ჯერ საბჭოთა, შემდეგ რუსეთის სატელევიზიო ეთერით. 1977 წლიდან 1991 წლამდე იყო მოსკოვის მოსსოვეტის თეატრის მსახიობი, სადაც მრავალი ცენტრალური როლი შეასრულა თანამედროვე ავტორების სპექტაკლებში.
კინოში გადაღება 1973 წლიდან დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი მთავარი როლი იყო სიუზანი სამსონ სამსონოვის 1974 წლის დეტექტიურ ფილმში „წმინდა ინგლისური მკვლელობა“.
მსახიობმა ფართო პოპულარობა მოიპოვა ვლადიმერ მენშოვის ლეგენდარულ ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ მონაწილეობის წყალობით. პრაგმატული პროვინციელი გოგონას - ლუდმილას როლმა მსახიობს ეროვნული პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული მოუტანა. ამ როლისთვის ირინა მურავიოვას სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
შემდეგ ირინამ ითამაშა 1981 წლის ფილმში „კარნავალი“, რომლის რეჟისორია ტატიანა ლიოზნოვა, სადაც მან კვლავ პროვინციელის როლი მოირგო. ნინა სოლომატინა, რომლის მამაც მეორე ოჯახით მოსკოვში ცხოვრობს, ოცნებობს „არტისტობაზე“. დიდ ქალაქში მამის იმედად ჩასული გამოცდებზე სამარცხვინოდ ჩაიჭრება და მომდევნო წლის გამოცდებამდე დარჩენას გადაწყვეტს. ამ პერიოდში სხვადასხვა ადგილებზე უწევს მუშაობა, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან შორს დგას მომავალი პროფესიისგან. ფილმი მთავრდება ცნობილი მუსიკალური სცენა-მონოლოგით ტელეფონ-ავტომატებთან: „დამირეკე, დამირეკე!“, რომელიც სახალხო ჰიტი გახდა.
1982 წელს ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ მკითხველთა გამოკითხვის შედეგებით, ირინა მურავიოვა წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს ფილმში „კარნავალი“ შესრულებული როლისთვის. ფილმმა იმ წელს მოხსნა ყველა რეკორდი მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით და საბჭოთა კინოდისტრიბუციის ლიდერი გახდა. იმავე წელს მურავიოვამ დაუსწრებლად დაამთავრა ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) სამსახიობო ფაკულტეტი.[3]
ასევე საინტერესო სახე შექმნა ირინამ გერალდ ბეჟანოვის 1985 წლის ფილმში „ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი“ მთავარი როლის შესრულებით. ამ ფილმებმა სრულად გამოავლინა მურავიოვას ბრწყინვალე არტისტიზმი და მისი ბრწყინვალე იუმორის გრძნობა.
მურავიოვა გადაღებულია სერიალებში: „დრომ აგვარჩია“, „ლენინის ანდერძი“, „არ დაიბადო ლამაზი“ და სხვა. მსახიობმა გაახმოვანა მრავალი მულტფილმი, მათ შორის: „პიფ-პაფი“, „ჩექმებიანი ძაღლი“, „მხიარული გოჭი ფუნტიკის თავგადასავლები“, „მაშენკა“ და სხვა.
1993 წლიდან მსახურობს მოსკოვის სახელმწიფო აკადემიურ მცირე თეატრში. სცენაზე მან შეასრულა რამდენიმე ცენტრალური როლი რუსული კლასიკური რეპერტუარიდან, მათ შორისაა: რანევსკაია (ა. პ. ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“), კუპავინა (ა. ნ. ოსტროვსკის „მგლები და ცხვრები“), არკადინა (ა. პ. ჩეხოვის „თოლია“), გურმიჟსკაია (ა. ნ. ოსტროვსკის „ტყე“). მურავიოვასთვის თანაბრად დაძლევადია რბილი ლირიკული და მკვეთრი ხასიათის როლები. მსახიობი ბრწყინვალედ ხსნის ყველა პერსონაჟს და შემოაქვს მათთვის მისეული შემოქმედებითი ინდივიდუალურობა - ნათელი ტემპერამენტი და ფანტაზია, ცხოვრებით ტკბობისა და მახვილგონივრული ხუმრობის უნარი.
2017 წლის ივლისიდან ის უკრაინული ვებსაიტის „მშვიდობისმყოფელის“ ბაზაშია. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ის „უკრაინის სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევისა“ და ყირიმში „უკანონო ტურისტული აქტივობების“ გამო შეიყვანეს მონაცემთა ბაზაში.[4]
ქმარი: ლეონიდ ეიდლინი (1937-2014), რეჟისორი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1998; ქორწინებაში 40 წელზე მეტი გაატარეს).
ვაჟი - დანილ ეიდლინი (დ. 1975). 2012 წლის 4 სექტემბერს იგი დაქორწინდა იულია კრაინოვაზე, დაამთავრა სამსახიობო კურსი საფრანგეთის ხელოვნების სკოლაში, შემდეგ ВГИК და კონსტანტინე რაიკინის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სკოლა. შვილიშვილი - ივანე (დ. 2005).
ვაჟი - ევგენი ეიდლინი (დ 1983). 2016 წლის 3 ივლისს იგი დაქორწინდა პოეტსა და მსახიობზე ვერონიკა დელიონზე, დაამთავრა ГИТИС-ის საპროდიუსერო ფაკულტეტი, მუშაობს ტელევიზიაში და ჩართულია რესტორნების ბიზნესში. შვილიშვილი - ლეონიდი (დ. 2017).
ორივე ვაჟმა ითამაშა სერიალში „გილოცავთ ახალ წელს!“ ეპიზოდურ როლებში - კურიერები (ყვავილების მიმტანები).