იშა (ლათ. Prangos ferulacea) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 150 სმ-მდეა. ფესვის ყელი სქლად არის დაფარული ბოჭკოებით. აქვს მსხვილი, შუა ნაწილიდან ძლიერად დატოტვილი, მოპირისპირედ განთავსებული ტოტები. გრძელყუნწიანია დიდი ზომის, ფართო, კვერცხისებური ფორმის ქვედა ფოთლები, რომლებიც მრავალჯერაა ფრთისებურად განკვეთილი ხაზურ-ჯაგრისებურ ნაკვთულებად. გვირგვინის ფურცლები ყვითელია. ნაყოფი დიდია, თეთრი ფერის, ფრთები სწორია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, სირიასა და ირანში. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება კახეთში, ქართლსა და ჯავახეთში. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე.[1]