კალიფორნიის შტატის გზატკეცილი 1 (ინგლ. California State Route 1, ან SR 1, ხშირად Highway 1) საშტატო სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც აშშ-ის კალიფორნიის წყნარი ოკეანის სანაპიროს მიჰყვება. განთქმულია ულამაზესი პანორამული ხედებით, რის გამოც ის აშშ-ის ”National Scenic Byway" რეესტრშია შეყვანილი.
SR 1 იწყება ინტერსტეიტ 5 გზატკეცილთან ორენჯ კაუნტიში, შემდეგ ლოს-ანჯელესის დასავლეთ კიდეს მიჰყვება და ზღვისპირა ქალაქებს სანტა-მონიკასა და მალიბუს ჭრის. გზატკეცილი ჩრდილოეთისკენ გრძელდება, შიგადაშიგ US 101-ს (მთავარი მაგისტრალი) უერთდება და ამ მაგისტრალის პანორამულ ალტერნატივას წარმოადგენს რამდენიმე მონაკვეთში. SR 1 აკავშირებს ვენტურას, სან-ლუის-ობისპოს, სან-სიმეონს (სადაც ჰერსტის ციხე-კოშკი მდებარეობს), მონტერეისა და სანტა-კრუზს.
ამის შემდეგ SR 1 აგლომერაციულ არეში შედის, ჭრის ქალაქ სან-ფრანცისკოს ზღვარს, გადადის გოლდენ გეიტ ბრიჯზე და გრძელდება მარინ-კაუნტიში. გზატკეცილით შესაძლებელია პოინტ-რეის ეროვნულ სანაპიროზე და ფორტ-ბრაგზე მოხვედრა, სანამ ის ლეგიტთან ისევ US 101-ს შეუერთდება.
SR 1-ის რამდენიმე ნაწილს ალტერნატიულად ასევე ჰქვია ”წყნარი ოკეანის სანაპირო გზატკეცილი”, ”კაბრილოს გზატკეცილი” ან ”შორლაინ-ჰაივეი”.