კახა ბენდუქიძე | |
---|---|
კახა ბენდუქიძის პორტრეტი, გადაღებული მის კაბინეტში დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში. მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი / ფოტო გადაღებულია გაგა კაპანაძის მიერ | |
დაბადების თარიღი |
20 აპრილი, 1956 თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
13 ნოემბერი, 2014 (58 წლის) ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება |
|
ალმა-მატერი |
|
პროფესია | ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ბიოლოგი |
შვილ(ებ)ი | ანასტასია |
ჯილდოები | |
საიტი | http://kakhabendukidze.com/ |
კახა ბენდუქიძე (დ. 20 აპრილი, 1956, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 2014, ლონდონი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[1]
განათლებით ბიოლოგმა, კახა ბენდუქიძემ მისი პირველი ბიზნესი, „ბიოპროცესი“ დააარსა 1987 წელს. მალევე ის ცნობილი გახდა, როგორც რუსეთის წამყვანი ლიბერტარიანელი. რუსეთში საქმიანობისას ის აქტიურად მუშაობდა ინდუსტრიალისტთა კავშირის გადასახადებისა და სავალუტო ჯგუფში. ჯგუფის მუშაობის მიზანი იყო რუსეთის საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა და ფიქსირებული 13 %-იანი საშემოსავლო განაკვეთის შემოღება. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლისა და მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავების შემდეგ ბენდუქიძემ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.[2]
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას წარდგინებით კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა.[3] საქართველოში კახა ბენდუქიძე მსახურობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად (2004 წლის ივნის-დეკემბერი), რეფორმების კოორდინაციის მინისტრად (2004 წლის დეკემბერი – 2008 წლის იანვარი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად (2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის თებერვლამდე). სწორად ბენდუქიძე იყო იმ ლიბერალური რეფორმების ავტორი, რომლებმაც კარდინალურად შემოაბრუნა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკა.[4]
ეკონომიკის მინისტრად ბენდუქიძის დანიშნვამ 2004-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9,3%-ით, გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები; სახელმწიფომ ოთხჯერ შეამცირა საგადასახადო წნეხი, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა და მოახდინა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო კლასი.[3]
2007 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძემ დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი.[2]
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ კახა ბენდუქიძე დაინიშნა უკრაინის მთავრობის მრჩევლად.[2]
დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე.
1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“. მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“ გადაიქცა საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
2002 წლიდან იყო ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის დასაწყისში იგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესსაქმიანობას.
2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ - ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2004 წლის ბოლოს იგი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. კახა ბენდუქიძე ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად. მისი უშუალო ავტორობით განხორციელდა ეკონომიკის დელეგურილების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. მასვე ეკუთვნის გახმაურებული ფრაზა – „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“.
2007 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდი
2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.
იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.[5]
შვეიცარიაში კახა ბენდუქიძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, რის შემდეგაც ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა.[6]
2014 წლის სექტემბრიდან უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება დაიწყო. რეფორმების ეროვნული საბჭო რეფორმების კოორდინაციისთვის შეიქმნა და მას უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შედიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საკვანძო მინისტრები.[7]
რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფში მოწვეული არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცნობილი რეფორმატორები - ვალდას დომბროვსკისი (ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2009-2013 წელი), ლეშეკ ბალცეროვიჩი (პოლონეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი 1989-1991 წლებში, ეროვნული ბანკის თავმჯდომარე 2001-2007 წლებში), ივან მიკლოში (სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი 2004-2006 წლებში) და კახა ბენდუქიძე.[7]
რეფორმების ეროვნული საბჭოს მთავარი ამოცანა იყო 2020 წლამდე უკრაინის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.[7]
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გარდაცვალების შემდეგ კახა ბენდუქიძე დაახასიათა როგოროც „დიადი ცვლილებების მამოძრავებელი მილიონობით ადამიანისთვის“.[8]
კახა ბენდუქიძეს ჰყავს ქალიშვილი - ანასტასია ბენდუქიძე, დაბადებული 1990 წლის 1 ნოემბერს, რომელიც ატარებს დედის გვარს.[9] 2009 წლიდან ლონდონში, King's College-ში სწავლობდა, რომელიც 2013 წელს დაამთავრა.[10]
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ცოდნის ფონდი კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დააფუძნა. ორგანიზაცია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა.
ფონდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობის უზრუნველყოფა მსოფლიო დონის უმაღლესი განათლებითა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, ცოდნის ფონდი ახდენს ინვესტირებას საქართველოს მომავალ თაობაში, მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურასა და სტუდენტთა სწავლის დაფინანსებაში.[1]
ჯამში ცოდნის ფონდმა უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩადო.[1]
დღეს ცოდნის ფონდის დირექტორი კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია ბენდუქიძეა.
|