კლიონი, ზღვის ანგელოზი (ლათ. Clione limacina) — ზღვის ბოლოლაყუჩიანი მოლუსკი ფრთაფეხიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 5 სმ-მდეა, წაგრძელებულ-თითისტარასებრი, ნახევრად გამჭვირვალე, მოვარდისფრო. თავზე, რომელიც ტანისაგან გამოკვეთილია, განლაგებულია პირი და მწებვარე სეკრეტის გამომყოფი საცეცების წყვილი (ეხმარება ნადავლის დაჭერასა და დაკავებაში). ფეხები შედგება სამი ნაწილისგან — შუა და ორი სამკუთხა გვერდითი ლაპოტისგან (ფარფლისგან). ნიჟარა არ აქვს. განგლიონები კონცენტრირებულია თავის განყოფილებაში. ჰერმაფროდიტია. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გრილ და ცივ წყლებში; პელაგიური სახეობაა, შეუძლია დიდი თავმოყრების წარმოქმნა. მრავლდება ზაფხულში; წამწამებით დაფარულ ლარვებს დროებითი კონუსური ნიჟარა აქვთ. გაუმაძღარი სპეციალიზებული მტაცებელია: იკვებება მხოლოდ Limacina-ს გვარის პლანქტონური მოლუსკებით; თვითონ უკბილო ვეშაპების საკვებს წარმოადგენს.[2]
ცნობილია ორი ქვესახეობა:[3]
- Clione limacina australis (Bruguière, 1792)
- Clione limacina limacina (Phipps, 1774)