კლოდ ფროლო

კლოდ ფროლოს ხელთ უპყრია ჩვილი კვაზიმოდო. ნახატი ლუკ–ოლივიე მერსონის მიერ

კლოდ ფროლო (ფრანგ. Claude Frollo [klod fʁɔlo]) — (დ. 1447, პარიზი — გ. 1482, პარიზი) ვიქტორ ჰიუგოს რომანის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. კუზიანი ზართმრეკავის, კვაზიმოდოს მამობილი, დიდად განსწავლული მეცნიერ-ინტელექტუალი სხვადასხვა სფეროში და ამავდროულად ნოტრ-დამის არქიდიაკვანი/არქიდიაკონი. დომ კლოდის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მაშინ, როდესაც მისი ბედისწერა ახალგაზრდა, მაცდურ მოცეკვავესთან, ესმერალდასთან იკვეთება, რომლის მიმართაც ღვთისმსახურს ძლიერი, მგზნებარე გრძნობები უჩნდება.

კლოდ ფროლო ეკუთვნოდა საშუალო ფენას, რომელსაც შუა საუკუნეებში წვრილ აზნაურობას ან წარჩინებულ მოქალაქეებს უწოდებდნენ. მშობლები მას ბავშვობიდანვე სასულიერო წოდებისთვის ამზადებდნენ. ასწავლეს ლათინური, მიაჩვიეს თვალების ძირს დახრასა და დაბალი ხმით საუბარს. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი მამამ კოლეჯში გამოკეტა; იქ იზრდებოდა კურთხევანსა და ლექსიკონებში თავჩარგული. ისედაც ბუნებით სევდიანი, ჩაფიქრებული და სერიოზული, გულმოდგინედ სწავლობდა და სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, არ ანცობდა და არ მონაწილეობდა მოსწავლეთა ამბოხებებში.

სამაგიეროდ, იგი ბეჯითად მეცადინეობდა სენ-ჟან-დე-ბოვეს ქუჩის ყველა დიდსა თუ პატარა სასწავლებელში. ასე რომ, თექვსმეტი წლის სწავლულს უკვე შეეძლო მისტიკურ თეოლოგიაში ნებისმიერ მოძღვარს გატოლებოდა, კანონიკურ თეოლოგიაში – საკრებულოს ნებისმიერ წევრს, ხოლო სქოლასტიკურ თეოლოგიაში – თვით სორბონის დოქტორს. თეოლოგიის მერე კანონიკური სამართლის შესწავლა დაიწყო. ცოდნას მოწყურებული დეკრეტალიებს გულმოდგინედ სწავლობდა. კარგად შეისწავლა შუა საუკუნეების სამოქალაქო და კანონიკური სამართალი. შემდეგ მედიცინასა და თავისუფალ ხელოვნებას დაეწაფა. ისე დაოსტატდა ციებ-ცხელების, ჩირქოვანი ჭრილობა-იარების და სიმსივნეების მკურნალობაში, რომ თავისუფლად მიანიჭებდნენ ექიმ-დასტაქრის ხარისხს. წარმატებით გაიარა ხელოვნების ყველა სამეცნიერო საფეხური ლიცენციატის, მაგისტრისა და დოქტორისა. მან შეისწავლა ლათინური, ბერძნული და ებრაული – იგი მეცნიერული ცოდნის დაგროვების ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი. თვრამეტი წლისამ ოთხი ფაკულტეტი დაამთავრა. ყმაწვილს ცხოვრების ერთადერთი მიზანი ცოდნა ეგონა.

დაახლოებით 1466 წლის მეტისმეტად ცხელ ზაფხულს შავმა ჭირმა იფეთქა. სენმა განსაკუთრებით იმ ქუჩის მაცხოვრელებს გაავლო მუსრი სადაც კლოდის მშობლები ცხოვრობდნენ. შეშფოთებულმა ვაჟმა მამისეული სახლისკენ გასწია. დედ-მამა უკვე მკვდარი დაუხვდა, ხოლო ბედის ანაბარად მიტოვებული უმცროსი ძმა აკვანში ჩხაოდა. ამ ტრაგედიამ ახალგაზრდა სწავლულის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. ცხრამეტი წლის დაობლებულმა ყმაწვილმა თავი ოჯახის უფროსად იგრძნო. მას აქამდე მხოლოდ წიგნები უყვარდა; ახლა კი უცნაური და ტკბილი ადამიანური სიყვარული იგრძნო. ჯერ კიდევ გაურყვნელი სულისთვის იგი პირველ სიყვარულს ჰგავდა. ბავშვობიდანვე მშობლებს მოშორებული საბრალო ბავშვი, მონასტერში გამომწყვდეული და წიგნებში ჩაფლული, სწავლასა და ცოდნაზე დახარბებული - უმცროსმა ძმამ, მოულოდნელად ციდან ხელებში რომ ჩაუვარდა - იგი სრულიად გარდაქმნა, ახალ ადამიანად აქცია. და მაშინ მიხვდა კლოდი, რომ ადამიანს სჭირდება სიყვარული. გამოუცდელობიდან გამომდინარე, წარმოიდგინა, რომ მხოლოდ პატარა ძმის სიყვარული იქნებოდა საკმარისი არსებობის შესავსებად. რთული ბუნების ფიცხი ახალგაზრდა ძმის მხურვალე სიყვარულმა გაიტაცა. ეს საბრალო პაწია ობოლი, რომელსაც სხვა არავინ ჰყავდა, გარდა მეორე ობლისა, სულის სიღრმემდე აღელვებდა მას. სიღრმისეულად მოაზროვნეს სერიოზულად აფიქრებდა ძმის ბედი და დაიწყო დედასავით ზრუნვა მასზე.

მას შემდეგ, რაც მძიმე ტვირთი იგრძნო, ბიჭმა ცხოვრებას უფრო სერიოზულად შეხედა. გადაწყვიტა, ბავშვის მომავლისთვის მიეძღვნა თავი და სამუდამოდ უარი თქვა ცოლსა და შვილზე, რათა სხვა საზრუნავი აღარ ჰქონდა. კლოდმა კიდევ უფრო მეტად მოინდომა სასულიერო წოდება მიეღო. ღირსება და დიდებული ცოდნა ფართოდ უღებდა მას ეკლესიის კარს. ოცი წლის იყო, როცა პაპის საგანგებო ნებართვით მღვდლად დაინიშნა; პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ყველაზე ახალგაზრდა კაპელანი, ღვთისმსახურებანს ასრულებდა ხოლმე. კლოდ ფროლო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირა საყვარელ წიგნებში. ცოდნისა და მტკიცე ხასიათის წყალობით, მან მთელი მონასტრის პატივისცემა და აღტაცება დაიმსახურა. მალე იგი ხალხმაც გაიცნო და სწავლული ყმაწვილი ჯადოქრად მონათლა, რაც იმ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ერთ დღეს, წირვიდან შინ მიმავალის ყურადღება ეკლესიის წინ დატოვებოლმა ჩვილმა მიიპყრო, რომელსაც გარს ქალები ერტყნენ. ვინაიდან ბავშვი მათი თქმით, ამაზრზენად მახინჯი იყო, დედაკაცებმა პატარა ეშმაკად შერაცხეს და დაწვას უპირებდნენ. მაშინ კლოდი მიუახლოვდა ჩვილს და ნახა რომ ის ერთი დეფორმირებული, მაგრამ ჩვეულებრივი, საბრალო ობოლი იყო რომელმაც მყისვ თავისი საყვარელი ძმა მოაგონა. და მაშინ გადაწყვიტა კლოდმა ეშვილა კუზიანი და ისიც აღეზარდა. სახლში მან ნახა, რომ ჩვილი მართლაც რომ ამაზრზენად უშნო და დეფორმირებული იყო. მაშინ მას კვაზიმოდო უწოდა, რაც ლათინურად უსრულს, დაუსრულებელს ნიშნავს. ფროლომ თავად ასწავლა მას ლაპარაკი და წერა-კითხვა. მისი წყალობით გახდა კუზიანი კათედრალის ზართამრეკავი. კვაზიმოდოს მადლიერების გრძნობა კლოდისადმი უსაზღვრო იყო. მართალია, მამობილს სახე ხშირად ეღრუბლებოდა და სუსხიანი უხდებოდა, ხოლო სიტყვები ჩვეულებრივად მოკლე, მკაცრი და მბრძანებლური ჰქონდა, მადლიერების გრძნობა კუზიანს ერთი წამითაც არ დაუკარგავს. კვაზიმოდოს სახით არქიდიაკონს ყველაზე მორჩილი მონა, ყველაზე ერთგული მსახური, ყველაზე ფხიზელი ძაღლი ჰყავდა. როდესაც საბრალო ზართამრეკავი ზარების ხშირი რეკვის წყალობით დაყრუვდა, ის და ფროლო ერთმანეთს რაღაც ნიშნებით აგებინებდნენ, რაც მხოლოდ ამ ორისთვის იყო გასაგები. არქიდიაკვანი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც კვაზიმოდოს სხვებივით ცუდად არ ექცეოდა და დასცინოდა, ამიტომ ნოტრ-დამის ზარების კოშკში გამომწყვდეული კვაზიმოდო მხოლოდ მამობილთან ურთიერთობდა. ორივეს, მამობილსაც და შვილობილსაც უზომოდ უყვარდათ ნოტრ-დამის დიდებული ტაძარი. დომ კლოდს ძალიან უყვარდა სიმბოლოებიც.

საკმარისად რომ წამოიზარდა, კლოდმა მის უმცროს ძმას, ჟანს, თავის მსგავსი გზა მოუნიშნა და იმავე სასწავლებელში მიაბარა განათლების მისაღებად, სადაც თვითონ გაატარა სტუდენტობის პირველი წლები. იგი ფიქრობდა, ჟანი მასსავით ღვთისნიერი, მორჩილი, სწავლასმოწყურებული და პატივისცემის ღირსი სტუდენტი იქნებოდა. მცდელობის მიუხედავად, უმცროსი ძმა იზრდებოდა და ღონიერ ტოტებს იყრიდა სიზარმაცის, უვიცობისა და ლოთობა-გარყვნილების გზაზე. მისი თავხედობისა და ურჩობის გამო მამა კლოდი შუბლს იჭმუხნიდა, ხოლო მოხერხებულ და გონებამახვილურ ხუმრობაზე ეღიმებოდა. უფროსი დედმამიშვილი უსაქციელობათა გამო ჟანს მეტად სასტიკ და გრძელ ქადაგებანს უკითხავდა. მოუსვენარ ახალგაზრდას კეთილი გული ჰქონდა, თუმცა ძმის დარიგების შემდეგ, თითქოს არაფერი მომხდარაო, სრულიად მშვიდად განაგრძობდა ჯანყსა და უსაქციელობას. ყოველივე ამის გამო, ადამიანურ სიყვარულში იმედგაცრუებული და ნაღვლიანი კლოდი კიდევ უფრო მეტი გულმხურვალებით დაეწაფა მეცნიერებას. ის სულ უფრო განსწავლული მეცნიერი ხდებოდა და უფრო მკაცრი, როგორც ხუცესი და უფრო სევდიანი და მარტოსული, როგორც ადამიანი. ფროლო მონაწილეობდა სორბონის თეოლოგთა თათბირებში, არ აკლდებოდა ფილოსოფოსთა შეკრებებს კანონიკური სამართლის დოქტორთა დისპუტებს, მედიკოსთა კონგრესებს. შესაძლოა, სული საფრთხეშიც კი ჩაიგდო როცა მღვიმეში ალქიმიკოსთა, ასტროლოგთა და ჰერმეტიკოსთა გასაიდუმლოებულ ტრაპეზს მიუჯდა, რომელიც შუა საუკუნეებში ავეროესს, გილიომ პარიზელსა და ნიკოლა ფლამელს ეკავათ, ხოლო აღმოსავლეთში მისი ბოლო სოლომონამდე, პითაგორასა და ზოროასტრამდე აღწევდა.

ნოტრ-დამის კოშკში, რომელიც გრევის მოედანს დაჰყურებს, არქიდიაკონი შეეჩვია ერთ პატარა სენაკს, სადაც მის უნებართვოდ თვით ეპისკოპოსიც კი ვერ შევიდოდა. რა ხდებოდა ამ სენაკში, არავინ იცოდა, მაგრამ ღამღამობით მდინარის მეორე ნაპირიდან ხშირად დაუნახავთ, როგორ ჩნდებოდა და ქრებოდა კოშკის უკანა მხარეს რაღაც ცვალებადი ფერის უცნაური ნათება, რომელიც სიმაღლეზე უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა; ამ დროს ჭორიკანა დედაკაცები ამბობდნენ: – “შეხედეთ, არქიდიაკონი ცეცხლს აჩენს! იქ, ზევით, ჯოჯოხეთი გიზგიზებსო.” შემოგარენში მაცხოვრებელთაგან მისი ალქიმიისადმი სიყვარულის გამო ჯადოქრად შერაცხული არქიდიაკონი ხალხის კეთილგანწყობით ნამდვილად არ სარგებლობდა, თუმცა კი თვით ყველაზე უმანკო თეთრ მაგიასაც კი არ ჰყავდა იმაზე უფრო დაუძინებელი მტერი, ვიდრე კლოდ ფროლო იყო.

ასაკის მატებასთან ერთად, დომ კლოდი სულ უფრო და უფრო ღვინდებოდა; ზოგჯერ, ისეთი უცნაური გამოხედვა ჰქონდა ხოლმე, რომ მის დანახვაზე ბევრჯერ მგალობელი ბავშვიც კი შეშინებული გაქცეულა; გუნდში, ღვთისმსახურების ჟამს, სკამზე მეზობლად მჯდომს არაერთხელ მოუსმენია, როგორ ურევდა საეკლესიო საგალობელში რაღაც გაუგებარ სიტყვებს. მრეცხავ ქალს შიშით არაერთხელ შეუნიშნავს არქიდიაკონის ანაფორაზე კრუნჩხვით გამოწვეული ფრჩხილების კვალი. თუმცა, თავი სანიმუშოდ ეჭირა. აღსანიშნავია რომ ის ქალებს მუდამ გაურბოდა. როგორც კი ახლომახლო ქალის აბრეშუმის კაბის შარიშურს გაიგონებდა, თვალებზე სწრაფად ჩამოიფხატებდა კაპიუშონს. როდესაც 1481 წლის დეკემბერში პრინცესა დე ბოჟიომ ღვთისმშობლის მონასტრის ნახვა მოისურვა, იგი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო და თავად უარი თქვა პრინცესას წინაშე წარმდგარიყო.

არქიდიაკონი და ზართამრეკავი კათედრალის მიდამოებში მცხოვრებთ არ უყვარდათ. ბევრჯერ, როცა კლოდი და კვაზიმოდო, ბატონს ადევნებული ლაქია, ღვთისმშობლის ტაძრის უბნის ქუჩებში გამოჩნდებოდნენ, იქაურები რაიმე გასაღიზიანებელს ეტყოდნენ, ირონიულ სიმღერას შემოსძახებდნენ ან უხამს ხუმრობას დაადევნებდნენ ხოლმე. თუმცა, კლოდ ფროლოს დიდებული სახის დანახვაზე, მქირდავნი გაწბილებულან კიდეც. ხან რომელიმე თამამი ლამაზმანი გავლისას განზრახ შეეხებოდა არქიდეაკონის ანაფორას. ხშირად ფიქრებში ჩაძირული მღვდელი შეურაცხყოფასა თუ ლანძღვა-გინებას საერთოდ ვერ ამჩნევდა, კუზიანი ზართმრეკავი კი ყრუ იყო.

1482 წელს კვაზიმოდო ოციოდე წლის იყო, ფროლო კი დაახლოებით ოცდათქვსმეტს უკაკუნებდა. ერთი დავაჟკაცებულიყო, მეორე კი მალე ასაკში შესვლას დაიწყებდა. კლოდი აღარ იყო ტორშის სასწავლებლის გულუბრყვილო სტუდენტი, ბავშვის ნაზი მფარველი, ახალგაზრდა და მეოცნებე ფილოსოფოსი, რომელმაც ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ბევრი რამისა არაფერი გაეგებოდა. ის იყო მკაცრი და მედიდური ხუცესი, სულთა ზედამხედველი, არქიდიაკონი ჟოზასელი, ეპისკოპოსის მეორე ქორეპისკოპოსი, მონლერიის, შატოფორის ორი სადეკანოზოსა და ასსამოცდათოთხმეტი სოფლის მრევლის მეურვე. ის ზვიადი და პირქუში პიროვნება იყო, რომლის წინაშეც კანკალებდნენ გრძელ კვართებსა და ქურთუკებში ჩაცმული პატარა მომღერლები, ეკლესიის მგალობელნიც, წმინდა ავგუსტინეს ძმანიცა და ღვთისმშობლის ტაძრის მედავითნენიც. როცა მკერდზე ხელებგადაჯვარელინებული პატრონიკეს ისრულ თაღქვეშ ჩაფიქრებული დინჯად გაივლიდა, თავი იმდენად დაბლა ჰქონდა დახრილი, რომ მხოლოდ შუბლი მოუჩანდა, ხოლო მისი ღრმად ჩამჯდარი, ჭკვიანი თვალებიდან მუდამ გამოსჭვიოდა უჩვეულო ახალგაზრდობა, მგზნებარე წყურვილი ცხოვრებისა და გულის სიღრმეში ჩამარხული მწველი ვნებები.

და ერთ დღესაც, არქიდიაკვანში ამ ვნებებს გამოავლენს ახალგაზრდა ბოშა გოგონას, ესმერალდას გამოჩენა, რომელიც ყოველდღე ნოტრ-დამის წინ, მოედანზე ცეკვას დაიწყებს. კლოდი ჩათვლის, რომ გოგონა ეშმაკის მიერ გამოგზავნილი ჯადოქარია, რათა ღვთისმსახური გამოსცადოს და აცდუნოს მისი მომხიბლავი ცეკვებით, სიმღერითა და მის თხასთან, ჯალისთან ერთად ჩატარებული ფოკუსებით, რომლითაც ბოშა ფულს შოულობს. მთავარდიაკვანმა შუამდგომლობით მიმართა ეპისკოპოსს და საგანგებო ბრძანება გამოაცემინა, რომელიც ბოშებს კარიბჭის ახლოს მისვლას, ცეკვასა და დაირის დაკვრას უკრძალავდა. ამავდროულად, სასულიერო სასამართლოს ისეთ ობმოკიდებულ საქმეებში იქექებოდა, რომლებშიც ჯადოქრები ადამიანებს ჯადოს უკეთებდნენ ვაცების, ღორებისა თუ თხების საშუალებით. სწორედ ამ პერიოდებში ამოკვეთს დომ ფროლო თავის სენაკის კედელზე სიტყვას "ANÁΓKH", რაც ძველბერძნულად ბედისწერას ნიშნავს. კლოდს ღრმას სწამდა ბედისწერის, ისევე როგორც ღმერთის. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა მართლა იყო ნოტრ დამში კედელზე ამოკვეთილი - ვიქტორ ჰიუგოსათვის სწორედ ეს სიტყვა გახდა ამ წიგნის დაწერის ინსპირაცია.

თვეების განმავლობაში მამაკაცი იტანჯება; მისთვის ყველაფერი აზრს დაკარგავს იმდენად შეიპყრობს მშვენიერი ქალწული და მისი ყოველდღიურად სენაკის ფანჯრიდან ან ზარების კოშკის აივნიდან ცქერა. ვნების ალში გახვეული ყველაფერს ცდის, ლუცულობს და თავს მკაცრად სჯის, თუმცა უშედეგოდ, დღისით და ღამით, სიზმრებსა თუ წიგნებში სულ ახალგაზრდა მზეთუნახავი ელანდება. საბოლოოდ იგი მივა დასკვნამდე რომ ვეღარ ეწინააღმდეგება ამ ცდუნებას და გადაწყვეტს რომ მას აჰყვეს. იგი ყველაფერს გაარკვევს მშვენიერ, კეკლუც ქალიშვილზე და უფრო და უფრო ღრმად ჩაეფლობა მისადმი ტრფობის ღრმა მორევში.

კლოდი ფროლო პროფესორიც გახლდათ. სწავლული ის ტაძარში ასწავლიდა მსურველთ სხვადასხვა საგნებს. მას ჰყავდა ახალგაზრდა მოსწავლე, პიერ გრენგუარი, რომელსაც წერა-კითხვა, ლათინური ენა და ჰერმეტიკა ასწავლა. პოეტი პიერი კარგ ჩანახატებში ზოგჯერ კლოდისგან ანაზღაურებასაც იღებდა ხოლმე ჯილდოდ. ერთ დღეს პიერი შემთხვევით ამოყოფს თავს სასწაულთა სასამართლოში - ეს იყო ქალაქი პარიზის კატაკომბებში, სადაც ყველანაირი მაწანწალა, ქურდი, მკვლელი და ბოშა იკრიბებოდა. იქ მოხვედრილ ყველას, ვინც უცხო იყო მაწანწალათა მეფის, კლოპინის წინ “სასამართლოზე” წარადგენდნენ ხოლმე. პიერიც “გაასამართლეს” და ვინაიდან ის არც მკვლელი იყო, არც დამნაშავე და საზოგადოებისგან გარიყული, ჩამოხრჩობა გადაუწყვიტეს. წესის მიხედვით, თუ ვინმე იქ მცხოვრები მაწანწალა ქალი განწირულს ოთხი წლით ქმრად წაიყვანდა, ის სიკვდილს გადარჩებოდა. იმედგადაწურულ პიერს უეცრად გადაარჩენს ესმერალდა და ისინი ერთად დაიწყებენ ცხოვრებას, თუმცა დაძმური თანაცხოვრებით. პიერი ესმერალდას თავის წარმოდგენებშიც ეხმარებოდა ხოლმე ეკლესიის წინ - პარალელურად თავის პიესებს კითხულობდა და ხურდას კრეფდა. ეჭვიანი კლოდი ამის დანახვაზე შეშფოთდება და გრენგუარს დაჰკითხავს და იმის გაგებაზე რომ ისინი დაქორწინდნენ შეძრწუნდება, თუმცა მისი რეაქციით დაბნეული პიერი აუხსნის რა როგორ მოხდა და გაცეცხლებულს დაამშვიდებს. კლოდი მისგან შეიტყობს რომ თურმე ესმერალდა თავის ქალიშვილობას დიდად უფრთხილდება და სჯერა რომ მისი შენახვა მას დაკარგულ მშობლებს აპოვნინებს. ამის გაგონება ისედაც თავდაკარგულ არქიდიაკვანს კიდევ უფრო მოხიბლავს.

ერთ დღეს, ფროლო კვაზიმოდოს ესმერალდას გატაცებას დაავალებს და ჩუმად თვითონაც გაყვება თან, თუმცა კვაზიმოდოს მოულოდნელად შეიპყრობენ მეფის მეისრეთა კაპიტანი ფებუს დე შატოპერი და მისი მცველები, მეოცნებე ესმერალდა კი გატაცებას გადარჩება და მისი გადამრჩენელით, კაპიტანი ფებუსით მოხიბლული დარჩება, რომელიც შემდგომში მექალთანე აღმოჩნდება. კლოდი უჩუმრად მოახერხებს გაქცევას, შეპყრობილ კვაზიმოდოს კი გაასამართლებენ და საჯაროდ გაამათრახებენ ბოშას გატაცების მცდელობისთვის, თუმცა ფროლო დააიგნორებს შვილობილს, რომელიც მისი დავალების გამო დაისაჯა. გულკეთილი ესმერალდა დაეხმარება და წყალს შეასმევს მწყურვალე, დაბმულ, გამათრახებულ კუზიანს, მიუხედავად იმისა რომ მან გოგოს გატაცება სცადა.

ფებუსი, მიუხედავად იმისა რომ საცოლე ჰყავს რომელსაც ფულის გულისთვის ირთავს, საღამოს ესმერალდას დაპატიჟებს პაემანზე. გულუბრყვილო გოგონა დათანხმდება. როდესაც ფროლო ამას ყურს მოჰკრავს, ეჭვისგან აფორიაქებული, კაპიშონით შენიღბული იგი გოგონასთან მიმავალ მთვრალ ფებუსს გაყვება, რომელიც მღვდელს ფულს გამოართმევს და სანაცვლოდ კაპიშონიან ფიგურას, რომლის ვინაობის გასარკვევად თავი არ შეუწუხებია, ოთახში “შოუს” საყურებლად დამალვას შეჰპირდება. მამაკაცები მეორე სართულზე ავლენ სადაც უკვე იცდის ესმერალდა. ფროლო დაიმალება, ფებუსი კი გოგონას მიუახლოვდება და დაუწყებს ტყუილების ლაპარაკს, თუ როგორ შეუყვარდა იგი და რომ ის ერთადერთი ქალია მის ცხოვრებაში. გულუბრყვილო ესმერალდა ამას დაიჯერებს და გადაწყვეტს გაიღოს თავისი ქალიშვილობა სიყვარულისთვის, (მიუხედავად იმისა რომ მას მტკიცედ სწამს რომ თუკი ქალიშვილობას შეინარჩუნებს, დაკარგულ დედ-მამას იპოვის) მან არ იცის რომ იგი ფებუსს მხოლოდ ერთი ღამისთვის უნდა. ამ დროს, ეჭვისგან გონდაკარგული, ნანახით გაშმაგებული არქიდიაკვანი, რომელიც ხვდება როგორ ბრიყვდება ქალწული, კედელს რომლის უკანაც იმალებოდა გამოანგრევს და სწორედ იმ მომენტში როდესაც ესმერალდაზე გადაიხრილი ფებუსი აწითლებულ ქალს მხრებს უკოცნის, მექალთანეს ზურგში ხანჯალს დასცემს. კაპიტანი ჩაიკეცება, დაბნეული, შეშინებული გოგონა კი შეჰკივლებს და გული წაუვა, თუმცა სანამ მგრძნობელობას მთლად დაკარგავს იგი ბუნდოვნად იგრძნობს ტუჩებზე იდუმალი კაპიშონიანის გავარვარებულ, მწველ კოცნას.

სასამართლო ესმერალდასა და მის თხას, რომელიც იმ დროს ასევე ოთახში იმყოფებოდა, პროსტიტუციას, ჯადოქრობასა და მკვლელობის მცდელობას დააბრალებს და იმისთვის რათა გოგომ დანაშაული აღიაროს, მას საწამებელ ოთახში გაგზავნის. მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს არქიდიაკვანიც ესწრება, ის არ ცდის ჩარევას ან გოგონას დაცვას, თუმცა კი გაფითრებული ხვდება რომ მის საქციელს იმაზე უარესი შედეგები მოჰყა ვიდრე წარმოედგინა. იგი ჩაჰყვება ესმერალდას ჯალათთან და გოგონას გატანჯულ კივილების მოსმენისას იგი ანაფორის შიგნით გულმკერდს ხანჯლით მწარედ დაისერავს. წამების წყალობით, ყმაწვილქალი აღიარებს დანაშაულს რომელიც არ ჩაუდენია და ნოტრ-დამის წინ კოცონზე დაწვა მიესჯება, იქამდე კი მას რამდენიმე დღით საპყრობილეში ჩააგდებენ.

დილეგში, ესმერალდას კლოდი ეწვევა. ეტყვის რომ მღვდელია, მოსული რათა ის სიკვდილისთვის მოამზადოს. როდესაც კაპიშუნს გადაიწევს, გოგონა იცნობს მას და ჰკითხავს თუ რატომ ჩააგდო იგი ასეთ დღეში. მაშინ დაემხობა არქიდიაკვანი ქალის წინაშე და მხურვალედ სიყვარულს შეჰღაღადებს. გულწრფელად აუხსნის თუ რა და როგორ მოხდა და დასტურად საზარლად დაგლეჯილ, კვლავ შეუხორცებელ გულმკერდსაც ანახებს. გოგონა კიდევ უფრო შეძრწუნდება, თუმცა კაცის ცრემლები გულს ოდნავაც არ მოულბობს, არამედ პირიქით. კვლავ თავის საოცნებო კაპიტანზე დადარდიანებული, ის კვლავ დაბნეული, ზიზღით დახედავს არქიდიაკვანს და კვლავ და კვლავ თავისი ფებუსის სახელს გაიმეორებს. გოგოს კითხვაზე, თუ რა ბედი ეწია კაპიტანს, არქიდიაკვანი ვარაუდით მიუგებს რომ იგი მოკვდა. ამის გაგონებაზე გამძვინვარებული ყმაწვილი დიდი სიძულვილით გააგდებს კაცს დილეგიდან, ისე რომ მის შემოთავაზებას, გოგონა გადაარჩინოს, თავისთან წაიყვანოს და ბედნიერად აცხოვროს, არც კი განიხილავს. ისედაც სასოწარკვეთილი კლოდი საპყრობილეს უარეს დღეში დატოვებს.

ესმერალდას ნოტრ-დამის წინ სახალხოდ წვავენ დილით ადრე. დაწვის წინა ცერემონიაზე მას არქიდიაკონი კლოდი ლათინურად უგალობს. ის კიდევ ერთხელ ჩუმად შესთავაზებს ესმერალდას გადარჩენას, თუმცა გოგო კვლავ ზიზღით უარყოფს. კლოდი დაამთავრებს გალობას, ჯალათს ნიშანს მისცემს და გაფითრებული სწრაფად დატოვებს იქაურობას და თავზარდაცემული გარეუბანში უაზროდ გაიქცევა, თან თავის ბედსა და გოგონას მისტირის, საძულველ პარიზს გაურბის. წარმოიდგენს, როგორი ბედნიერი შეიძლებოდა ყოფილიყო მისადმი ბედისწერა, ღმერთს რომ ენება, ის რომ მღვდელი არ ყოფილიყო და ესმერალდა ბოშა, თუმცა სწამს რომ რადგან “ჯადოქარი” დაწვეს, მისი წყევლისგან გათავისუფლდება. როდესაც შუაღამისას ტაძარში დაბრუნდება, ზარების კოშკის აივანზე ესმერალდას და მისი თხის, ჯალის სილუეტს დაინახავს რაც იმდენად შეაძრწუნებს რომ იქვე გაქვავებული ჩაიკეცება.

კლოდ ფროლომდე მივა ამბავი რომ ესმერალდა თურმე კვაზიმოდოს გადაურჩენია - უკვე განწირული გოგოსთვის ხელი დაუვლია და ეკლესიაში, თავშესაფარში შეუყვანია სადაც ჯარისკაცებს შესვლის უფლება არ აქვთ და ესმერალდა უსაფრთხოდაა. კლოდი ორი კვირა სენაკში ჩაიკეტება; კარს არ უღებს არავის, არც ეპისკოპოსს, არც საყვარელი ძმის ხვეწნებს. ყველა დარწმუნებულია რომ ის ძალიან ავადაა. კვირები, უჭმელ-უძინარი არქიდიაკვანი ფანჯარას შეშლილივით აჰკრობია საიდანაც გოგონას ოთახის ფანჯარა ჩანს სადაც ზოგჯერ ესმერალდას სილუეტიც გაიელვებს ხოლმე. კლოდი ხედავს როგორ ზრუნავს კვაზიმოდო გოგოზე და დაბნეულია; არ ესმის კუზიანმა ეს რატომ ქნა, ვერ ხვდება რომ ლამაზმანზე ყრუც შეყვარებულია მას შემდეგ, რაც გოგომ უსახურს წყალი დაალევინა მისი გატაცების მცდელობის გამო გამათრახების შემდეგ.

მოსვენებას სულ დაკარგავს შეპყრობილი არქიდიაკვანი. მთელი ღამეები კრუნჩხვებშია, ესმერალდა სულ წინ უდგას, კვაზიმოდოსადმი ეჭვს შეუპყრია. ერთ ღამესაც კიდევ ერთი ესმერალდაზე მორიგი სიზმარის შემდგომ, სისხლადუღებული წამოვარდება და გოგონას სენაკში მიუვარდება და ხვევნა-ხვეწნას დაუწყებს რომ დაინდოს და შეიყვაროს. მაშინ ესმერალდა კუზიანის მიცემულ სასტვენს ჩაბერავს; ეს ერთადერთი ხმაა რომელიც ყრუ ზართმრეკავს ესმის. ხმაზე კვაზიმოდო მოვარდება, კლოდს ხელს დაავლებს და მოკვლას დაუპირებს თუმცა მისი ვინაობის დანახვისას, შეშინებული ბატონის ფეხთით დაემხობა და ხანჯალს მიაწვდის, აქეთ თქვენ მომკალითო. შოკირებული, დაბნეული ბოშა დაასწრებს, იარაღს დასტაცებს ხელს და ღვთისმსახურს მიუშვერს; გამწარებული კლოდი კი იქაურობას უარესად შეშლილი დატოვებს.

პროტესტების გამო, მეფე გასცემს საგანგებო ნებართვას ეკლესიის თავშესაფრის წესები დაარღვიონ და ბოშა გამოიყვანონ და ჩამოახრჩონ. ამის გაგონებაზე შეშფოთებული მამა კლოდი ესმერალდას ფიქტიურ ქმარს, გრენგუარს მიადგება და ყოფილ მოსწავლეს დაავალდებულებს გოგონა როგორმე გადაარჩინოს რადგან თავის დროზე ესმერალდამ იხსნა პიერი. გრენგუარი სასწაულთა სასამართლოში წავა და ამ ამბავს ყველას მოსდებს. იქაურები, რომელთაც ესმერალდა ძალიან უყვარდათ, აღშფოთდებიან და გოგოს გადასარჩენად და ბარემ იქაურობის გასაქურდადაც ნოტრ-დამისკენ დაიძვრებიან. იქ, ტაძრის შესასვლელში მეფის ჯარისკაცებთან სასტიკი შეტაკება მოუვათ. თავის მხრივ შეშფოთებული და დაბნეული კვაზიმოდო რომელიც ცდილობს ესმერალდა დაიცვას, ზემოდან ყველას ქვებს და ხის ძელებს ესვრის, მდუღარეს გადმოასხავს და დათუთქავს. ამ ერთ აყალმაყალ და სისხლისღვრაში, ჟან ფროლო, კლოდის ძმა რომელიც ესმერალდას გამოსახსნელად მაწამწალათა მხარეს იბრძვოდა, იაზრებს, ტაძარს კიბეს მიადგავს და ზედ აძვრება. კვაზიმოდო მას ხელს დაავლებს და უკვე ზედ ასულს ქვევით გადმოისვრის და მოკლავს.

ამასობაში ახალგაღვიძებულ ესმერალდას პოეტი პიერი და შენიღბული კლოდი ერთად გამოაპარებენ ტაძრიდან და იქაურობას გაარიდებენ. გრენგუარი უჩუმრად დაავლებს ხელს ჯალის - ესმერალდას თხას, რომელიც ძალიან შეყვარებოდა და მასთან ერთად გაიპარება, კაპიშუნიან კლოდს და დაბნეულ ესმერალდას კი მარტო დატოვებს. მთავადიაკვანი კაპიშუნს გადაიხდის და თავზარდაცემული ესმერალდა უკან დაიხევს, თუმცა კლოდი კიდევ ერთხელ ფეხებში ჩაუვარდება და შეეხვეწება რომ ნება მისცეს გადაარჩინოს. ღვთისმსახურს გოგოს ფეხთით უკონტროლო ტირილი აუვარდება - მან მოასწრო დანახვა როგორ გაუჭეჭყეს მის ძმას თავი იმ არეულობაში და როგორ გადაარჩინა ესმერალდა საკუთარი ძმის ნაცვლად. თუმცა გოგონა კვლავ ზიზღით შეხედავს მის ცრემლებს და მკვახედ მიახლის რომ მასთან ერთად წასვლას კვლავ სიკვდილი ურჩევნია, რაზეც გაცეცხლებული და მოთმინებაამოწურული ხუცესი გოგოს ხელს დაავლებს და მის იქვე მცხოვრებ განდეგილს ჩააბარებს რომელსაც ბოშები ეზიზღება, თუმცა ბოლო მომენტში ესმერალდას დაკარგული დედა აღმოჩნდება. განდეგილი გოგოს დამალვას ცდის, თუმცა ჯარისკაცებთან ერთად იქვე კაპიტანი ფებუსიც გამოჩნდება რაზეც ესმერალდა სამალავიდან გამოვარდება, თუმცა ფებუსი ზიზღით შეაქცევს ზურგს და ჯარისკაცები გოგოს ჯალათთან მიათრევენ, დედამისი კი შვილის დაცვის მცდელობისას ქვას თავს დაარტყავს და სახრჩობელის წინ დაიღუპება. ახლა უკვე დაპანიკებულ გოგოს დაუყოვნებლივ აიყვანენ სახრჩობელაზე და საბოლოოდ ჩამოახრჩობენ.

გრევის მოედანზე გოგოს ჩამოხრჩობას ზარის კოშკიდან უყურებს ფროლო, რომელიც უკვე თავის ჭკუაზე აღარაა და მწარე, პანიკური სიცილი აუტყდება. ამასობაში გაგიჟებული ყრუ, რომელმაც ესმერალდა აურზაურის შემდგომ ვეღარსად იპოვა, მამობილს დაინახავს რომელიც აივნიდან ქვემოთ იყურება. ესმერალდას ჩამოხრჩობას ისიც დაინახავს და გაახსენდება ის ღამე როცა ესმერალდამ სასტვენით უხმო. ბევრი არაფრის ცოდნის მიუხედავად, ის გონებაში ყველაფერს გადაალაგებს და ესმერალდას სიკვდილს მყისვე ფროლოს მიაწერს და გაცეცხლებული, საკუთარ აღმზრდელს ხელს ჰკრავს და კათედრალის კოშკურიდან გადმოაგდებს. არქიდიაკვანი ადგილზევე დაიღუპება.

დასასრულს, ფებუს დე შატოპერსი საცოლეზე დაქორწინდება, კვაზიმოდო კი აკლდამაში ესმერალდას ნეშტს მოეხვევა და იქამდე დარჩება გვამზე დამხობილი სანამ ზედ არ დააკვდება. უსახური კუზიანის და ესმერალდას გადახლართულ ჩონჩხებს კი ორი წლის შემდეგ იპოვიან, მღვიმეში სადაც მკვდარ ჩამოხრჩობილებს ყრიდნენ ხოლმე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორ ჰიუგოს რომანი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"