კოლონია-კლაუდია-არა-აგრიპინენსიუმი (ლათ.Colonia Claudia Ara Agrippinensium), მოკლედ კოლონია-აგრიპინა ან კკაა (CCAA) — რომაული კოლონია გერმანიაში, რაინლანდის რეგიონში. კოლონია-აგრიპინის ადგილზე მოგვიანებით გერმანული ქალაქი კიოლნი აშენდა. კოლონია იყო რომის პროვინცია ქვემო გერმანიის დედაქალაქი და ქვემო გერმანიის მმართველის რეზიდენცია. დიოკლიტიანეს ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად კოლონია-აგრიპინა პროვინცია გერმანია-სეკუნდას დედაქალაქად იქცა. დღემდე მოაღწია ანტიკური ქალაქის არაერთმა საბუთმა, მათ შორის ქალაქის ჭიშკრის თაღზე გაკეთებული წარწერა CCAA; ეს თაღი დღეს რომაულ-გერმანულ მუზეუმშია დაცული.