კორნელი კეკელიძე

კორნელი კეკელიძე
დაბ. თარიღი 18 (30) აპრილი, 1879
დაბ. ადგილი ტობანიერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 ივნისი, 1962(1962-06-07)[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ისტორიკოსი, ფილოლოგი და თეოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

კორნელი კეკელიძე (დ. 30 აპრილი [ძვ .სტ. 18 აპრილი], 1879 — გ. 7 ივნისი, 1962) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941 წლიდან), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943 წლიდან).[2]

კორნელი კეკელიძე 1879 წლის 30 აპრილს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში, სამსონ კეკელიძის და თებრონე ურუშაძის მრავალშვილიან ოჯახში. სამსონ კეკელიძე მედავითნე იყო სოფლის ეკლესიაში, წერა-კითხვა კარგად იცოდა და კორნელისაც ადრევე შეასწავლა სახლში. 1886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში. ოჯახს უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა და კორნელის სასწავლებელში დატოვება სკოლის ინსპექტორის ივანე გაფრინდაშვილის, მომავალი პოეტის პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მამის, მეშვეობით მოხერხდა, რომელიც მომავალ აკადემიკოსს სასწავლებლის ინტერნატში უფასოდ ჩარიცხვაში დაეხმარა.

ქუთაისში სწავლის დამთავრების შემდეგ კეკელიძემ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. მის შენახვას ოჯახი ვერც თბილისში შეძლებდა, ნიჭიერ ახალგაზრდას მაშველად თბილისის სემინარიის ინპექტორი იოანიკე მოევლინა, მისი დახმარებით კორნელი უფასოდ მოეწყო პანსიონში. მასთან ერთად სემინარიაში სწავლობდა იოსებ ჯუღაშვილი. 1896 წელს კორნელის დედა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი მამა. კორნელის და მთლიანად დაობლებულ ოჯახს უფროსი და აკვირინე და მისი მეუღლე, კალისტრატე ცინცაძის უმცროსი ძმა, ამფილოქე ეხმარებოდნენ. როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, კეკელიძე სახელმწიფოს ხარჯზე კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა, გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა და სიტყვიერების ფაკულტეტზე მოეწყო.

1904 წელს, აკადემიის დამთავრების შემდეგ,[3] კეკელიძე საქართველოში დაბრუნდა და ეწეოდა საეკლესიო მოღვაწეობას, იყო დეკანოზი. 1906 წელს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიიდან გადაიყავნეს თბილისში, დედათა ეპარქიალურ სასწავლებლის ინსპექტორად. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1905-1912 წლებში თანამშრომლობდა კიევის სასულიერო აკადემისთან. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 წელს ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 წელს გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908 წელს) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.[2]

სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, 1912 წელი, მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე, 1912 წელი) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905 წელს) და სვანეთში (1911 წელს) დაცული ქართული ხელნაწერები. 1912-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. იყო საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრი. ანაფორა გაიხადა 1921 წელს.

კორნელი კეკელიძის ძეგლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში.

კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიია 21-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[4]

1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 1926-1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს. 1924 წელს მონაწილეობა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან და საკათალიკოსო საბჭოს წევრების სასამართლო პროცესში მოწმის სტატუსით და მისცა ბრალდებულების საწინააღმდეგო ჩვენება.[5]

1933-1936 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949 წლებში განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927 და 1929 წლებში).[2]

1948-1954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 წელს — ნოდარ ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 წელს — იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, 1936 და 1948 წლებში — იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი ალექსანდრე ბარამიძე), 1938 წელს — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ალექსანდრე ბარამიძე და პავლე ინგოროყვა), 1941 წელს — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.[2]

კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923—1960 წლებში ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, 1938 წელს). 1955 წელს იტალიის დედაქალაქ რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მიხეილ თარხნიშვილისა და იულიუს ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.[2]

კორნელის ორი ცოლი ჰყავდა, პირველი ცოლი, ლიუდმილა, შეირთო კიევში. მასთან სამი შვილი შეეძინა: ალექსანდრე, კოტე და ილია. 1922 წელს მასთან განქორწინდა და ცოლად შეირთო მინადორა კასრაძე, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ალექსანდრემ 1924 წელს დააარსა იატაქვეშა გაერთიანება “თავისუფალი საქართველო”. მაშინ ალექსანდრე 18 წლის იყო. ორგანიზაცია ერთ-ერთმა წევრმა გასცა, გვარად ბარათაშვილმა. ორგანიზაციის წევრები და, მათ შორის, ალექსანდრე დააპატიმრეს. ალექსანდრე კეკელიძე დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე. კორნელიმ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. იმ პერიოდში კორნელი მეუღლესთან ერთად სამაჩაბლოში იყო. ჩეკისტებმა კორნელი იქ დააპატიმრეს და ისე ჩამოიყვანეს თბილისში. მაგრამ როდესაც დაკითხვების შედეგად დარწმუნდნენ, რომ კორნელის ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, გაათავისუფლეს.

კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.[2]

კორნელი კეკელიძე 1962 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძე
  • ბარამიძე ა., ჩვენი დიდი მეცნიერი, თბ., 1979;
  • დიდი ქართველი მეცნიერი აკად. კორნელი კეკელიძე. კრებულიშეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ს. ყუბანეიშვილმა, თბ., 1965;
  • კორნელი კეკელიძეს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად. კრებული, თბ., 1959;
  • კორნელი კეკელიძის პირადი არქივის აღწერილობა, შეადგინა რ. კავილაძემ, თბ., 1979;
  • კორნელი კეკელიძე (1879—1962). ბიბლიოგრაფია, შემდგ. ს. ყუბანეიშვილი, ე. დოლიძე, თბ., 1979;
  • Rapp, Stephen H. (2003 წელი), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, გვ. 16.
  • Mikaberidze, Alexander (ed., 2007 წელი), Kekelidze, Korneli. Dictionary of Georgian National Biography. 26 მაისი 2007 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: