ლაგოდეხის თეთრყვავილა (ლათ. Galanthus lagodechianus) — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს პრიალა და მწვანე ფოთლები, ფოთლებზე გრძელი საყვავილე ღერო. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები ღრმად ჩაზნექილია, კოვზის ფორმის. შიგნითა სეგმენტები – თირკმლისებური, წვერში ამოკვეთილი, მწვანე, იშვიათად ყვითელი ლაქა აქვთ. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია თებერვალ-აპრილი. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილსა და ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება კახეთსა და შიდა ქართლში. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.[1]