ლევ რებეტი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 მარტი 1912 სტრიი, გალიციის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვალების თარიღი |
12 ოქტომბერი 1957 (45 წლის) მიუნხენი, ბავარია, გფრ |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთი პოლონეთი გფრ |
საქმიანობა |
პუბლიცისტი, ადვოკატი პოლიტიკოსი, უნო (ბ)-ს თავმჯდომარის მოადგილე |
ლევ რებეტი (ფსევდონიმი კილი; დ. 3 მარტი, 1912, სტრი— გ.12 ოქტომბერი, 1957, მიუნხენი) — უკრაინელი პუბლიცისტი და იურისტი, უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (უნო) ერთ-ერთი ლიდერი.[1]
ლევ კაროლ რებეტი დაიბადა 1912 წლის 3 მარტს ქალაქ სტრიიში, ფოსტის ოფიცრის მიხაილ რებეტისა და ეკატერინა ნედოკისის ოჯახში. ზოგიერთი მედიასაშუალებების ცნობით, იგი წარმოშობით ებრაელი გახლდათ, რასაც სხვა მედიასაშუალებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მსოფლიო მემკვიდრეობის ენციკლოპედია (World Heritage Encyclopedia) იუწყება, რომ ლევ რებეტი დაიბადა ბერძენი კათოლიკების ოჯახში. ქალაქ სტრიის ისტორიის მიმოხილვისას აღწერილია ქალაქის პოლონური, ებრაული და უკრაინული თემები, რომლის მიხედვით ლევ რებეტი უკრაინულ თემს მიეკუთვნება.[2][3]
გალიციის ებრაული გვარების ლექსიკონში, რომელიც მოიცავს დაახლოებით 35 ათას გვარს, მათ შორის დაახლოებით 3 ათასს ქალაქ სტრიიდან და მისი რაიონიდან, არ არის ნახსენები ლევ რებეტი. [4]
სწავლობდა უკრაინულ -პოლონურ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, სადაც 15 წლის ასაკში 1928 წელს გახდა უკრაინის სამხედრო ორგანიზაციის (უსო) წევრი. უფრო ადრე უკრაინული სკაუტური ორგანიზაცია „პლასტის“ აქტივისტი იყო.
გიმნაზიის დასრულების შემდეგ დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1934 წლიდან იყო უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (უნო) ხელმძღვანელი ქალაქ სტრიიში. 1935 წლიდან 1938 წლამდე ი.მაშჩაკის დაპატიმრების შემდეგ, გახდა უნო-ს რეგიონალური ლიდერი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გადავიდა კრაკოვში. უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციაში მომხდარი განხეთქილების დროს მხარი დაუჭირა სტეპან ბანდერას ფრაქციას.
საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ „უნო-ს მოძრავი ჯგუფის“ აქტივისტებთან ერთად იგი ჩავიდა ლვოვში. როდესაც 1941 წლის 30 ივნისს ე.წ. "უკრაინის სახელმწიფო" გამოცხადდა, იგი დაინიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურის მოადგილედ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იაროსლავ სტეცკო, ხოლო გერმანიის ხელისუფლების მიერ იაროსლავ სტეცკოს ბერლინში გადაყვანის შემდეგ — მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად.
1941 წლის შემოდგომაზე დაპატიმრების შემდეგ და 1944 წლის ოქტომბრამდე ის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. შემდეგ ის გერმანელებმა გაათავისუფლეს ანტისაბჭოთა მოძრაობის ორგანიზებისთვის.
1944 წლიდან ცხოვრობდა მიუნხენში, იყო უკრაინის მთავარი განმათავისუფლებელი საბჭოს წარმომადგენელი.
1945-1948 წლებში —უნო (ბ)-ს მთავარი მოსამართლე საზღვარგარეთ.
1948 წლიდან, მიკოლა ლებედთან, ივან ბუტკოვსკისთან და მიროსლავ პროკოპთან ერთად, გახდა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გამოეყო უნო (ბ)-ს ე.წ. "საზღვარგარეთის უნო" ან უნო (ს) -ს სახელწოდებით, ხოლო 1956 წლიდან მას ხელმძღვანელობდა ზინოვი მატლასთან ერთად.
1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სახელმწიფო და ერი“.
1952 წლიდან — ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1954 წლიდან — მიუნხენში უკრაინის თავისუფალი უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორი.
1955 წლიდან — სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალ "Ukrainian Independent"-ის მთავარი რედაქტორი.
ავტორია მრავალი ნაშრომისა უკრაინელი ერის თეორიისა და ისტორიის შესახებ, კერძოდ, "ერის თეორია", "სახელმწიფო და ერი", "უკრაინელი ერის ფორმირება", "უნო-ს შუქი და ჩრდილები", ”უკრაინელების, რუსების და ბელორუსების წარმოშობა თანამედროვე საბჭოთა თეორიების ფონზე“.[5]
ლევ რებეტი მოკლა 1957 წლის 12 ოქტომბერს კგბ-ს აგენტმა ბ. სტაშინსკიმ, ისევე როგორც მოგვიანებით ს. ბანდერა (1959 წლის 15 ოქტომბერი). ოპერაციის მსვლელობას აკვირდებოდა ნიკიტა ხრუშჩოვი. უკრაინულმა ემიგრანტულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევ რებეტი "გულის შეტევით" გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგი სპეციალური შხამით მოკლეს.[6][7]
დაკრძალეს მიუნხენში, ვალდფრიდჰოფის სასაფლაოზე.
2010 წლის 30 ოქტომბერს იგი გადაასვენეს ლვოვში და დაკრძალეს ლიჩაკოვის სასაფლაოზე. პროცესიას ესწრებოდნენ ქალაქის პირველი პირები მერის, ანდრეი სადოვის ხელმძღვანელობით.[8]