ლონგიუ

ლონგიუ
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 26 თებერვალი, 1889
მმართ. დასასრული: 14 ნოემბერი, 1908
წინამორბედი: სიაოჟეი
მემკვიდრე: ვანრონგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 იანვარი, 1868
გარდ. თარიღი: 22 თებერვალი, 1913, (45 წლის)
გარდ. ადგილი: აკრძალული ქალაქი, ჩინეთი
მეუღლე: გუანგსუ
სრული სახელი: დაბადებით: იეჰე ნარა ჯინგფენი
ქორწინებისას:სიაოდინგჯინგი
ქვრივობისას:ლონგიუ
დინასტია: ცინი (ქორწინებით)
მამა: გუისიანგი
დედა: აისინ გიორო

იმპერატორის ქვრივი ლონგიუ (ჩინ.: 隆裕太后), აგრეთვე ცნობილია როგორც იმპერატორის მეუღლე სიაოდინგჯინგი (ჩინ.: 孝定景皇后; დ. 28 იანვარი, 1868 — გ. 22 თებერვალი, 1913) — ჩინელი არისტოკრატი. ჩინეთის იმპერატორ გუანგსუს მეუღლე და მისი კონსორტი 1889-1908 წლებში.

იეჰე ნარა ჯინგფენი დაიბადა 1868 წლის 28 იანვარს, ჩინეთში, იმპერატორ ტონგჟის მმართველობის 27-ე წელს. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, გუისიანგისა და მისი ცოლის, აისინ გიოროს ქალიშვილი. მას ორი და და ორი ძმა ჰყავდა. მისი ერთი მამიდა იყო ჩინეთის იმპერატორის მეუღლე ცისი, ხოლო მეორე მამიდა, ვანჟენი, იმპერატორ გუანგსუს დედა იყო. ამის გათვალისწინებით, იეჰე ნარა ჯინგფენი ბავშვობიდანვე იზრდებოდა საიმპერატორო კარზე.

1889 წლის 16 იანვარს, აკრძალულ ქალაქში საზეიმოდ გამოცხადდა იმპერატორ გუანგსუს თავის ბიძაშვილ ჯინგფენზე დანიშვნის ამბავი. ამას მოჰყვა 1889 წლის 26 თებერვალს მათი ქორწინება, რითაც ჯინგფენი იმპერატორის მეუღლე და მისი კონსორტი გახდა, რის გამოც სახელი გადაერქვა და სიაოდინგჯინგი ეწოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქორწინება იმპერატორის რეგენტისა და სიაოდინგჯინგის მამიდის, იმპერატორის ქვრივ ცისის ინიციატივით შედგა. თავად იმპერატორ გუანგსუს ტატარას კლანის წარმომადგენელ ჟენზე დაქორწინდება სურდა, თუმცა რეგენტის ნების წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა. ამის გამო, იმპერატორს მთელი ცხოვრება ეზიზღებოდა საკუთარი მეუღლე.

სიაოდინგჯინგს პოლიტიკაზე გავლენა თითქმის საერთოდ არ ჰქონდა, თუმცა 1898 წელს იგი აშკარად შეეწინააღმდეგა იმპერატორის მიერ გატარებულ „ასი დღის“ რეფორმას, რის გამოც ცისიმ იგი ზაფხულის სასახლეში გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ სიაოდინგჯინგი უფრო ცისის ჯაშუში იყო, ვიდრე იმპერატორის მეუღლე, რადგან იგი ცისის გუანგსუს ყველა გეგმის შესახებ უყვებოდა.

1900 წლის ბოსერის აჯანყების დროს, სიაოდინგჯინგი იმპერატორთან და რეგენტთან ერთად გაიქცა სიანში, რა დროსაც პეკინის ოკუპაცია გაერთიანებული რვა ერის (იაპონია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, აშშ, რუსეთი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია) ძალებმა მოახდინა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა იმპერატორის ფავორიტი — ჟენი, რომელიც აკრძალული ქალაქის ჭაში იპოვნეს დამხრჩვალი.

1908 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა იმპერატორი გუანგსუ. ეს ამბავი ვერ გადაიტანა იმპერატორის ქვრივმა ცისიმ, რომელსიც მეორე დღეს, 15 ნოემბერს გარდაიცვალა 72 წლის ასაკში. ვინაიდან გუანგსუს მემკვიდრე არ დარჩენია, ტახტი მისმა შორეულმა ნათესავმა, იმპერატორმა პუიმ დაიკავა, რომელმაც გუანგსუს ქვრივს ლონგიუ უწოდა და იმპერატორის ქვრივობაც მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალებამდე ცისიმ შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ქალებს ერთმეოდა ქვეყნის მართვის უფლება, პუის საიმპერატორო კარზე ლონგიუ მაინც მთავარ ფიგურად დარჩა, რომელიც იმპერატორს მთავარ საკითხებთან დაკავშირებით უტარებდა კონსულტაციას. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ იმპერატორი ძალიან ახალგაზრდა იყო, მისი რეგენტი კი პოლიტიკაში ცუდად ერკვეოდა.

ცინის დინასტიის მმართველობა 1912 წელს, ჩინეთის რესპუბლიკის გამოცხადებით დასრულდა. დინასტიის დაცემიდან სულ რამდენიმე თვეში, 1913 წლის 22 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ იმპერატორის ქვრივი ლონგიუ აკრძალულ ქალაქში გარდაიცვალა, 45 წლის ასაკში. იგი ჩინეთის ერთადერთი კონსორტია, რომლის კუბოც მატარებლით მიიტანეს საფლავამდე. მის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ლი იუანჰონგი, რომელმაც ლონგიუს „ქალთა შორის ყველაზე შესანიშნავი“ უწოდა. იგი დაკრძალეს იმპერატორ გუანგსუს გვერდით, ჩონგის მავზოლეუმში.

  • Sterling Seagrave: Dragon Lady ISBN 0-679-73369-8
  • Maria Warner: The Dragon Empress: Life and Times of Tz'u-Hsi, 1835–1908, Empress of China. ISBN 0-689-70714-2
  • Anchee Min: Empress Orchid ISBN 978-0-618-06887-6
  • Een Vrouw op de Drakentroon (A woman on the dragonthrone), Mayli Wen (foreword Lulu Wang), ISBN 90-5429-222-9
  • Daily Life in the Forbidden City, Wan Yi, Wang Shuqing, Lu Yanzhen ISBN 0-670-81164-5
  • Der Ling, Princess Two Years in the Forbidden City, Dodd, Mead & Company 1929, pp. 18 & 146; retrieved 2 July 2013.
  • Carl, Katherine A. With the Empress Dowager of China, The Century Co., 1907, pg. 77; accessed 2 July 2013.