ლუსი რი

ლუსი რი ინგლ. Lucie Rie
მშობლიური სახელი ინგლ. Lucie Rie
დაბადების სახელი ლუსი გომპერცი ინგლ. Lucie Gomperz
დაბადების თარიღი 16 მარტი, 1902
ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ვენა
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 1995 (93 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მეთუნე
მეუღლე(ები) ჰანს რი (1926-1940)
მშობლები მამა: ბენჯამინ გომპერცი
ნათესავები ორი ძმა:
ტედ გომპერცი
პოლ გომპერცი

ლუსი რი (ინგლ. Lucie Rie; დ.16 მარტი,1902, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია1 აპრილი, 1995, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მეთუნე, მხატვარი და განმანათლებელი[1].

ლუსი რი დაიბადა 1902 წლის 16 მარტს ვენაში. მამამისი ებრაელი ექიმი ბენჯამინ გომპერცი იყო. ლუსი მისი უმცროსი შვილი გახლდათ. თავად ბენჯამინი იყო ზიგმუნდ ფროიდის კონსულტანტი[2]. ლუსის ორი ძმა ჰყავდა - ტედი და პოლი.

განათლების შინ მიღებისა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ლუსი სწავლობდა კერამიკას მაიკლ პოვოლნისთან ვენის სკოლაში. ეს სკოლა ეკუთვნოდა ვენის სახელოსნოებს, სადაც იგი შევიდა სწავლის გასაგრძელებლად 1922 წელს. ვენაში ცხოვრებისას იგი გაეცნო ბიძამისის რომაული კერამიკის კოლექციას, რომელიც ავსტრიის დედაქალაქის გარეუბანში გათხრების დროს იპოვეს. ამ კოლექციამ დიდი ინტერესი გაუჩინა არქეოლოგიის მიმართ.

ლურჯი დაფა იმ სახლზე, სადაც ლუსი რი ცხოვრობდა. ლონდონი

1925 წელს ლუსი რიმ გახსნა თავისი პირველი სტუდია ვენაში და იმავე წელს გამოფინა საკუთარი ნამუშევრები პარიზში მსოფლიო გამოფენაზე. ამის შემდეგ იგი აგრძელებდა გამოფენებში მონაწილეობას. 1937 წელს კვლავ პარიზის მომდევნო მსოფლიო გამოფენაზე მან მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1949 წელს კი გამართა თავისი პირველი მეთუნეობის გამოფენა.

1926 წელს ვენაში ლუსი დაქორწინდა ბიზნესმენ ჰანს რიზე.

1938 წელს ლუსი რი გაიქცა ნაცისტური ავსტრიიდან და ემიგრაციაში წავიდა ინგლისში, სადაც დასახლდა ლონდონში. ამ პერიოდში ქმართან ურთიერთობა გაურთულდა და მათი ქორწინება 1940 წელს დასრულდა.

ომის დროს და მის შემდეგ, თავისი თავის გასატანად იგი ამზადებდა კერამიკულ ღილებსა და სამკაულებს. ზოგიერთი მათგანი ამჟამად ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშია გამოფენილი[3].

ლუსი რის სახელოსნო, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის ექსპონატი

რის თავის პატარა სტუდია სახლში ჰქონდა მოწყობილი. მისი მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში სტუდია დიდად არ შეცვლილა. სტუდია რეკონსტრუირებულია ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის კერამიკის გალერეაში.

ლუსი ასწავლიდა 1960 წლიდან 1972 წლამდე კემბერველის ხელოვნების კოლეჯში. მან დიდი წარმატებით გამოფენები მოაწყო და თავისი ნამუშევრებისთვის არაერთი ჯილდო მიიღო. თავისი ნამუშევრების ნაწილი თავის ახლო მეგობარს, იაპონელ დიზაინერს ისეი მიაკეს უანდერძა[4].

ლუსი რის მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რამდენიმე ხარისხი: ოფიცერი (OBE, 1968); მეთაური (CBE, 1981); ქალბატონი (1991, DBE). მან მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ხელოვნების სამეფო კოლეჯში 1969 წელს და საპატიო დოქტორის წოდება ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტიდან 1992 წელს.

ლუსი რიმ 1990 წელს დაანება მეთუნეობის საქმეს თავი, როდესაც მან პირველი ინსულტის გადაიტანა. იგი გარდაიცვალა თავის სახლში, ლონდონში 1995 წლის 1-ლ აპრილს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]