მამის მკვლელობა კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ-ერთ საკვანძო სიუჟეტს წარმოადგენს. ზიგმუნდ ფროიდი ყურადღებას ამახვილებდა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და, მისი აზრით, სამი მსოფლიო შედევრის _ სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", შექსპირის "ჰამლეტი" და დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" თემა შემთხვევით როდია მამის მკვლელობა. იგი დანაშაულის ერთ-ერთი უძველესი სახეა და დალექილია თაობათა ფსიქიკაში, მათ ცნობიერებასა და ქვეცნობიერში "ოიდიპოსის კომპლექსის" სახით.
ნაშრომში "დოსტოევსკი და მამისმკვლელობა" (1927) ფროიდმა გამოიკვლია ამ დანაშაულის მოტივები რომანზე "ძმები კარამაზოვები" დაყრდნობით. ფროიდის თანახმად, "ოიდიპოსის კომპლექსის" მატარებლები არიან არა მხოლოდ ძმები კარამაზოვები, არამედ თავად ავტორიც. დოსტოევსკის მამა, რომელიც საკუთარმა ყმა-გლეხებმა მოკლეს, ძალიან სასტიკი კაცი იყო და შვილში დიდ შიშს იწვევდა. მომავალმა მწერალმა გადაიტანა როგორც უმძიმესი დანაკარგის სიმწარე, ასევე ტირანი მამისგან გათავისუფლების ტკბილი გრძნობა და ამის გამო სინდისის ქენჯნა. ამ განცდების თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს მისი რომანი "ძმები კარამაზოვები".
ფროიდის მტკიცებით მამის მკვლელობაში დანაშაული მიუძღვის ყველა ძმას, რამეთუ ყოველ მათგანში ცხოვრობდა არქაული "ოიდიპოსის კომპლექსი", როგორც ოდესღაც მათმა წინაპრებმა ველურ ურდოებში აღმოაჩინეს საკუთარი კვალი დანაშაულში.
დიმიტრისათვის ძირითადი ბრალეულობა იყო მამასთან სექსუალური მეტოქეობის მოტივი, ივანესთვის კი _ იდეოლოგიური მოტივები; რეალურ მკვლელ სმერდიკოვს კი ფროიდი თვლიდა ყველაზე უბრალო ფიგურად, რომელიც მიმქრალი მოტივებით მოქმედებდა. ალიოშაც კი, მიუხედავად თავისი დადებითი თვისებებისა, იყო ჭანჭიკი იმ მექანიზმისა, რომელმაც აამოძრავა მამისმკვლელი მანქანა.
ფროიდის თეორიული პოზიციის რაციონალური აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ რომანის ოიდიპოსისეულ კოლიზიებში მკვლევარმა აღმოაჩინა მორალურ-ეთიკური და კრიმინალური მოტივაციის ახალი ფერები, მან ყურადღება მიაპყრო დანაშაულის აშკარა მოტივაციების გარდა კიდევ იმას, რომ არსებობს უფრო ღრმა გაუცნობიერებელი და იმორალურად ორიენტირებული მოტივები და ქმედებები.
მამის მკვლელობა გავრცელებული არქეტიპია სხვადასხვა რელიგიებსა და კულტურებში, განსაკუთრებით ეს ბერძნული კულტურისათვისაა დამახასიათებელი.