მეიხანა (აზერ. Meyxana) — გამორჩეული აზერბაიჯანული ლიტერატურული და სახალხო რეპის ტრადიცია. შედგება არააკომპანირებული სიმღერებისგან, რომელსაც ერთი ან ორი ადამიანი იმპროვიზირებით ასრულებს.[1][2] მეიხანა განსხვავდება სალაპარაკო ენის პოეზიისგან, რომელიც ასევე რიტმულად სრულდება.
მეიხანას ხშირად ადარებენ ჰიპ-ჰოპ მუსიკას, რის გამოც, აზერბაიჯანელებს შორის ცნობილია, როგორც ეროვნული რეპი. მეიხანა ზოგჯერ ინსტრუმენტთან ერთად ან სინთეზურ რიტმთან ერთად სრულდება.[3] შემსრულებლები ხშირად რეპერტუარს სინთეზატორების, დასარტყამების ან ცოცხალი ბენდების თანხლებით ასრულებენ. მეიხანას ოსტატები ტექსტებს ხშირად იმპროვიზირებულად წარმოადგენენ რიტმებში, ან ა კაპელათი.[4]
ჟანრი სპარსული meykhane-დან წარმოდგება, რაც ტავერნას, პაბს ნიშნავს. თავის მხრივ, meykhane სპარსული სიტყვიდან mey (ღვინო) და khane (სახლი) წარმოდგება.[5] აზერბაიჯანული ენაზე მეიხანის ოსტატები ხშირად იწოდებიან, როგორც Söz Ustadı, რაც სიტყვის ოსტატებს ნიშნავს. პროფესიონალ მეიხანის შემსრულებლებს მეიხანის ოსტატებადაც მოიხსენიებენ.[6]
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მეიხანა იყო ადგილი, სადაც პოეტები ერთად იყრიდნენ თავს და ექსტრაორდინალურ ვერსიებს გამოთქვამდნენ, ხშირად ხუმრობდნენ და სხვებს დასცინოდნენ. შეჯიბრის ბოლოს აუდიტორია იმ პოეტს ირჩევდა, რომლის იმპროვიზაციაც ყველაზე მოხერხებული და ჭკვიანური იქნებოდა.[7] ამგვარ შეჯიბრებებს თანამედროვე პოეტურ იმპროვიზაციას და რეპ-ბრძოლებს ადარებენ.[8]
მეიხანას ასრულებდნენ ბაქოს დაარსების ადრეულ ხანებშიც, ბოლშევიკურ რევოლუციამდე. საბჭოთა პერიოდში მეიხანა აიკრძალა. პოეტ ალიაღა ვაჰიდის პოეზია ხშირად თანამედროვე მეიხანად მოიხსენიება.[9][10][11][12] მიუხედავად ამისა, მეიხანა ძალიან გავრცელებული იყო ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულის მოსახლეობაში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეიხანა აღარ იყო აკრძალული, თუმცა ფუნდამენტალისტები მაინც თვლიდნენ, რომ იგი ლიბერალური იყო და ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, მუსიკის ეს ჟანრი ხელს უწყობდა სექსუალურობის პოპულარიზაციას, ალკოჰოლს, ნარკოტიკებსა და დასავლურ მომხმარებლურ კულტურას, მაგრამ ფუნდამენტალისტთა კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდობას თავად უნდა აერჩია, რომელ კულტურას მიეკუთვნება.[13][14]
მეიხანის თანამედროვე ოსტატებმა მუსიკის ამ ჟანრის ახალი ტალღა წამოიწყეს, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული მუსიკისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავს წარმოადგენდა. ნიზამი რამზი პირველი ოსტატი იყო, რომელმაც მეიხანას შესრულება სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში დაიწყო.[15]
1990-იან, 2000-იან წლებში მეიხანის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სატელევიზიო არხებმა მეიხანის ტურნირების გამართვა და ტრანსლირება დაიწყეს. ისეთმა სატელევიზიო პროგრამება, როგორიც De, Gelsin! იყო, აზერბაიჯანის ბინადრებს შორის მეიხანის პოპულარიზებას შეუწყო ხელი, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ ქორწილებში.[16][17]