მონღოლეთის კონსტიტუცია (მონღ. Монгол Улсын Үндсэн Хууль; ითარგმნება როგორც მონღოლეთის ფუნდამენტური კანონი) ― მიღებულია 1992 წლის 13 იანვარს და ძალაშია იმავე წლის 12 თებერვლიდან. კონსტიტუციაში დამატებები შევიდა 1999, 2000, 2019[1] და 2023 წლებში.[2] კონსტიტუცია ამყარებს წარმომადგენლობით დემოკრატიას, განამტკიცებს მთავრობის ძირითად ფუნქციებს, მათ შორის ძალაუფლების დანაწილებისა და არჩევნების ციკლურობის პრინციპებს. კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის უფლებები, მათ შორის რელიგიის თავისუფლების, გადაადგილების, გამოხატვისა და კერძო საკუთრების უფლებები. დოკუმენტი მიიღეს მონღოლეთის 1990 წლის რევოლუციის შემდეგ.
კონსტიტუცია შედგება პრეამბულისა და ექვსი თავისგან, რომლებიც 70 მუხლს მოიცავს.[3] მონღოლეთის კონსტიტუციაზე გავლენა იქონია დასავლურმა ლიბერალურმა დემოკრატიებმა, რაც კონსტიტუციით უმცირესობების უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების უფლებისა და მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემის დაცვაში გამოიხატება.