მრავალნაყოფა ღვია (ლათ. Juniperus polycarpos) — ხე, რომლის ღერო 6-12მ სიმაღლისა, ვარჯი ხშირია, პირამიდის ფორმის ან ცილინდრული. ქერქი მოწითალო რუხია, წიწვები ღია მწვანე ფერისა, პატარა ზომის, მჭიდროდაა ყლორტებზე კრამიტისებურად განლაგებული, მოყვანილობით კვერცხის ან რომბის ფორმისაა. ზურგის მხარე ფისოვანი ჯირკვლებით ხასიათდება. მამრობითი გირჩები კვერცხისებურია, მდედრობითი - სფეროსებური. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე. სემიარიდული ეკოსისტემების ნათელი ტყეების შემადგენელი ნაწილია. საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ირანს. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.