მხითარ გოში (სომხ. Մխիթար Գոշ, დ. XII საუკუნის I ნახევარი, განძა — გ. 1213, ნორ-გეტიკი) — სომეხი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე[1]. იმ დროის კვალობაზე მხითარ გოშმა საფუძვლიანი განათლება მიიღო. მოღვაწეობდა საქართველოს ფარგლებში მდებარე გეტიკისა და მის მიერვე დაფუძნებულ ნორ-გეტიკის მონასტრებში. მხითარ გოშის შრომებიდან საყურადღებოა „სამართლის წიგნი“, „იგავები“, „ეპისტოლე“ და ე. წ. „ალბანეთის ქრონიკა“. პირველ ნაშრომში ასახულია საქართველოს მეზობელი თუ საქართველოს სახელმწიფოში შემავალი სომხეთის ოლქების ფეოდალური საზოგადოებრიობის ცხოვრების მრავალი მხარე. ვახტანგ VI-ის თაოსნობით ამ ძეგლის ქართული ვერსია შეიქმნა (მხითარ გოშის სამართლის წიგნი). „იგავებში“ მხილებულია იმდროინდელი საზოგადოების მანკიერი მხარეები. „ეპისტოლე“ (დაწერილია 1193-1206 წლების მიჯნაზე) მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია საქართველოში ქალკედონელობის გავრცელების საკითხის შესასწავლად. „ალბანეთის ქრონიკაში“ ალბანთა მღვდელმთავრების სიის გარდა, მოიპოვება ცნობები განძის საამიროსა და მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ (1139-1162), ნაჩვენებია ანისისათვის ქართველთა ბრძოლების მოკლე ისტორია.