სოფელი | |
---|---|
ნაგომარი | |
ნაგომრის ცენტრი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაგომარი |
კოორდინატები | 41°59′52″ ჩ. გ. 42°06′54″ ა. გ. / 41.99778° ჩ. გ. 42.11500° ა. გ. |
ფართობი | 2,6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
მოსახლეობა | 365[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 140,4 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ნაგომარი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნაგომარი, მაღალი ეწერი, ჟანაურა, შუა ისნარი). სოფელში არის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა.[2] სოფელში დაიბადა ალექსანდრე ინწკირველი.
მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 70 მ. ოზურგეთიდან 16 კმ. ნაგომარში არის ოქრას, რკინის ჟანგისა და თიხის ნაერთების საბადო (მარაგი 18 400 ტონამდე). სიმძლავრე 1,5-5 მეტრი, მასში სამვალენტიანი რკინის შემცველობა 11,33 %-ია.
სახელწოდება მომდინარეობს ტერმინ გომიდან, რომელიც აღნიშნავს საქონლის საზამთრო სადგომს.[3]
ნაგომრის ტერიტორია ოდითგანვე დასახლებული იყო. 1963 წლის აგვისტოში ნაგომრის სამხრეთით ე.წ. რწყავის შტოში გურიანთის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის რაზმმა (ნ. ბერძენიშვილი) აღმოაჩინა მეზოლით-ნეოლითის ხანის კაჟის იარაღები (ნუკლეუსები, ლამელები და ა.შ.).[4]
ნაგომარი წარმოადგენდა გურიელების ზამთრის რეზიდენციასა და სამოურავოს, რომლის მოურავებიც გუგუნავები იყვნენ. სიმონ III გურიელმა ნაგომარში ააგო ან განაახლა ციხე და სასახლე.[5] სოფელში ტრადიციულად, 28 აგვისტოს მარიამობას იმართებოდა დღესასწაული და დიდი ბაზრობა. ბაზრობა ნაგომარში მამია V გურიელმა დააწესა. 1827-1830 წლებში წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს. ნაგომრის სამოურავოში, 1831 წლისთვის, შედიოდა 64 სოფელი, მათ შორის ამაღლება, ჯუმათი, ვაკიჯვარი და სხვ. ნაგომრის მოსახლეობა ამ დროისთვის შეადგენდა 12 კომლს (72 სული), ხოლო ნაგომრის სამოურავოში ცხოვრობდა 3073 კომლი (18 282 სული). XIX საუკუნის შუაშიც გუგუნავებმა, მაჭუტაძეებმა და ერისთავებმა აქ რამდენიმე დუქანი ააგეს. 1850-70-იან წლებში ნაგომრის ბაზრობა ერთკვირიანი იყო და ივლისის მეორე ნახევარში იმართებოდა.[6] ნაგომრის დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი ცენტრალური მდებარეობა გურიაში, თუმცა მის უარყოფით მხარეს ჭაობიანი ნიადაგი წარმოადგენდა.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში ნაგომარი შედიოდა ასკანის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში ცხოვრობდა ქართველი პოეტი სიმონ გუგუნავა. 1889-1895 წლებში სოფლის ექიმი იყო დიმიტრი ერისთავი. 1886 წლიდან აქ იდგა მისი „პოეზიის სასახლე“. გუგუნავების რეზიდენცია იდგა ცხავათის გორაკზე, ერთი მხრივ გადაჰყურებდა ბახვისწყლისა და სუფსის შესართავს, მდინარის გაღმა ნასაკირალს, ხოლო მეორე მხრივ, სამხრეთით, წყავის ტყეს. ნაგომარშივე იდგა გაბრიელ ეპისკოპოსის საზამთრო რეზიდენცია. 1889 წელს სოფელში გაიხსნა სამედიცინო პუნქტი. 1895 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.[7]
1905 წლის მარტშისოფელში შევიდა გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის სამხედრო კორპუსი, გაჩხრიკა და გაძარცვა მოსახლეობა.[8]1905 წლის მაისიდან აგვისტომდე მიხეილ თალაკვაძის სახლში კუსტარულად ამზადებდნენ იარაღს. საქმიანობაში ჩართული იყვნენ კირილე და ილარიონ უჯმაჯურიძეები. აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე იარაღის უკანონო დამზადება გადაიტანეს ილარიონ უჯმაჯურიძის სახლში.[9]
1906 წლის იანვარში გურიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა ნაგომარში გადაწვა 200 სახლი და პოეზიის სასახლე.
1924 წელს ნაგომარი იყო ოზურგეთის მაზრაში აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ცენტრი. სიმონ გოგიბერიძის მიერ ნაგომრის მილიციის და ფოსტის შენობების აღებით დაიწყო აჯანყება გურიაში[10]
საბჭოთა პერიოდში ნაგომარი წარმოადგენდა ერთ-ერთ მოწინავე კოლმეურნეობას მახარაძის რაიონში და შედიოდა ხუთ საუკეთესოს შორის. 1946 წელს ნაგომრის ცენტრი კეთილმოეწყო. ცენტრში გაშენდა სკვერი, გზის პირებზე გაშენდა 3700 ძირი დეკორატიული და მარადმწვანე მცენარე, ჩოხატაურის მიმართულებით გზატკეცილზე ორი კილომეტრის მანძილზე დაირგო აკაციები.[11] ცენტრში მაღლობზე აშენდა ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა,[12] დაიწყო ჩაის ფაბრიკის მშენებლობა. 1961 წელს „პოეზიის სასახლის“ ადგილზე აშენდა კულტურის სახლი, რომელიც 450 მაყურებელს იტევდა. კულტურის სახლის ასაშენებლად 70 000 მანეთი იქნა გადახდილი.
2021 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა ყოფილი ადმინისტრაციული შენობა.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1831 | 72 | ||
1908[13] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
167 | 198 |
სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნაგომრის კულტურის სახლი.
გურიელის ციხე-სასახლის ნანგრევები კერძო კარმიდამოშია შემორჩენილი. ციხეს სამი მხრიდან მდინარე სუფსა აკრავს და ერთადერთი სახმელეთო მისასვლელი სამხრეთიდან აქვს. გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. გალავნის ჩრდილოეთ ნაწილი 30 მ. სიგრძემდეა გადაჭიმული. დასავლეთით გალავანში ჩართული ნაკოშკარი ფიქსირდება, რომელიც 2.4 მ. სიმაღლემდეა შემორჩენილი.[14]
სოფელში დგას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია.[15]
|