ნახარარები

ნახარარები (სომხ. Նախարարներ) — დიდი და საშუალო ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები ადრინდელი ფეოდალური ხანის სომხეთში (IV-IX საუკუნეები). იყოფოდნენ უფროს და და უმცროს გვარებად. პირველნი თავის წარმომავლობას ხშირად სომეხთა ლეგენდარულ მამამთავარს ჰაიკს (ჰაიოსს) უკავშირებდნენ, უმცროსებს ამ ხარისხს მხოლოდ მეფე ანიჭებდა. ნახარარების უმაღლეს ფენას შეადგენდნენ იშხანები (მთავრები), რომლებიც სომხეთის ცალკეულ ოლქებს განაგებდნენ — ჰყავდათ საკუთარი ვასაკები და ჯარი, რის გამოც ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული მეფის ხელისუფლებაზე. მათ შორის გამოირჩეოდნენ კამსარაკანები, მამიკონიანები, ბაგრატუნები, არწრუნები, სიუნები და სხვები. უფროსი ნახარარების უმრავლესობა VIII-IV საუკუნეების შინაომების შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით, იშხანებისაგან განსხვავებით, ნახარარებს საშუალო, ზოგჯერ წვრილ ფეოდალებსაც უწოდებდნენ.

სომეხ ნახარარებს ძველ ქართულ წყაროებში შეესაბამებიან მთავარნი და წარჩინებულნი, რაც დასტურდება სომხურიდან გადმოქართულებულ ძეგლებშიც.

  • Адонц Н., Армения в эпоху Юстиниана. Политическое состояние на основе нахарарского строя. СПб., 1908;
  • Новосельцев А. П., Пашуто В. Т., Черепнин Л. В., Пути развития феодализма, М., 1972;
  • მაისურაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 346, თბ., 1984