ნეიროკრიმინოლოგია — ბიოკრიმინოლოგიისა და კრიმინოლოგიის განვითარებადი ქვედისციპლინა, რომელიც ნეირომეცნიერებიდან იყენებს ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდებსა და პრინციპებს დანაშაულის გაგების, წინასწარმეტყველების და თავიდან აცილების მიზნით.
ნეიროკრიმინოლოგიის მთავარი იდეა ისაა, რომ დანაშაული მხოლოდ ნაწილობრივ არის სოციალური და გარემოსთან დაკავშირებული პრობლემა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ბიოლოგიური ფაქტორები სამედიცინო პირობებთან ერთად.[1] ტვინის დევიანტურითეორიები ყოველთვის იყო ბიოკრიმინოლოგიის ნაწილი, რომელიც დანაშაულს ბიოლოგიური ფაქტორებით ხსნის.[2] ნეირომეცნიერების მიღწევების დამსახურებით თანამედროვე ბიოკრიმინოლოგების ძირითადი ყურადღება ტვინზეა მიპყრობილი.[3] ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ნეიროკრიმინოლოგია აქტუალურ თემად იქცა.[4] მიუხედავად იმისა, რომ ნეიროკრიმინოლოგია დღემდე ეწინააღმდეგება დანაშაულის ტრადიციულ სოციოლოგიურ თეორიებს,[4] ის სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სამეცნიერო წრეში.[5]
ნეიროკრიმინოლოგიის საწყისებს თანამედროვე კრიმინოლოგიის ფუძემდებელთან, XIX საუკუნის იტალიელ ფსიქიატრსა და ციხის ექიმთან ცეზარე ლომბროსოსთან (Cesare Lombroso) მივყავართ. მისი დაშვებები, რომ დანაშაული ტვინის ანომალიით იყო გამოწვეული, ნაწილობრივ ეყრდნობოდა ადამიანის თავის ფორმისა და ზომის ფრენოლოგიურ თეორიებს. ლომბროსომ გაკვეთა სერიული მკვლელისა და მოძალადის გვამი, რომელსაც თავის ქალის ძირში უჩვეულო ღრმული ჰქონდა. მან მკვლელის ტვინში აღმოაჩინა სიცარიელე, რომლის მაგივრადაც ნათხემი უნდა ყოფილიყო. ლომბროსოს თეორია მდგომარეობდა იმაში, რომ დანაშაული ნაწილობრივ ჩნდებოდა ანომალიური ტვინის ფიზიოლოგიისა და იმ მოძალადე დამნაშავეების გამო, რომლებიც ნაკლებად განვითარებული ადამიანური ტიპის წარმომადგენლები იყვნენ და ფიზიკური მახასიათებლებით მაიმუნისმაგვარებს ჰგავდნენ. მისი აზრით, დამნაშავეების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო ისეთი ფიზიკური მახასიათებლებით, როგორებიცაა დიდი ყბა და შუბლის დამრეცი ფორმა.[5] თანამედროვე ნეიროფიზიოლოგებმა განავითარეს აზრი, რომ ყველა დანაშაულს საფუძვლად ადამიანის ტვინის ფიზიოლოგია და თვისებები უდევს.[6] ტერმინი „ნეიროკრიმინოლოგია“ პირველად ჯეიმზ ჰილბორნმა (James Hilborn) (კანადის კოგნიტური ცენტრი) შემოიტანა. იგი დაამკვიდრა ამ სფეროში მოწინავე მკვლევარმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის კათედრის თავჯდომარემ, დოქტორ ადრიან რაინმა (Dr. Adrian Raine).[7] ადრიან რაინი იყო პირველი, ვინც მოძალადე დამნაშავეები ტვინის ვიზუალიზაციით შეისწავლა.[8]
ბოლო დროს ჩატარებულმა ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანდახან ტვინის სტრუქტურული და ფუნქციური დარღვევები იმდენად გასაოცარია, რომ ყველას შეუძლია მათი დანახვა. თუმცა ზოგიერთ მოძალადე დამნაშავეს აქვს მცირე სტრუქტურული ან ფუნქციური დარღვევები და გამოცდილი ნეირორენტგენოლოგებიც ვერ ახერხებენ მათ დროულ გამოვლენას. დღესდღეობით დარღვევების აღმოჩენა შესაძლებელია ტვინის ვიზუალიზაციითა და თანამედროვე ანალიტიკური ხელსაწყოებით.[9]
სტრუქტურულ ხარვეზებზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ახასიათებთ ანტისოციალური ქცევა, აქვთ სტრუქტურულად დარღვეული ტვინი. ანომალიები შეიძლება ან ზოგადი ხასიათის იყოს ან მოქმედებდეს ტვინის მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებზე, რომლებიც აკონტროლებენ ემოციებს, აგრესიას ან ეთიკურ გადაწყვეტილებებს.
პრეფრონტალურ (შუბლისწინა) ქერქში ნეირონების მცირე რაოდენობა: 2000 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ანტისოციალური ქცევის ისტორიის მქონე ადამიანებს პრეფრონტალურ ქერქში 11 %-ით შემცირებული ჰქონდათ რუხი ნივთიერება, მაშინ როდესაც თეთრი ნივთიერება ნორმალური რაოდენობის იყო.[10] ანალოგიურად 2009 წლის მეტა-ანალიზის კვლევამ, რომელმაც გააერთიანა დამნაშავეებზე ჩატარებული თავის ტვინის ვიზუალიზაციის 12 ანატომიური კვლევა, აჩვენა, რომ დამნაშავეთა თავის ტვინის პრეფრონტალურ ნაწილს ნამდვილად ახასიათებს დარღვევები.[11]
განუვითარებელი ამიგდალა: ორმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოპათებს ორივე, მარცხენა და განსაკუთრებით მარჯვენა, ამიგდალა დარღვეული ჰქონდათ. ფსიქოპათებს საშუალოდ 18 %-ით ჰქონდათ შემცირებული ამიგდალას მარჯვენა ნაწილი.[12][13]
გამჭვირვალე ძგიდის ღრუს ანომალიური განვითარება. 2010 წლის კვლევის თანახმად, გამჭვირვალე ძგიდის ღრუს ანომალიის მქონე ადამიანები მიდრეკილნი იყვნენ ფსიქოპათიისკენ, ანტისოციალური პიროვნული აშლილობებისაკენ და უფრო მეტჯერ იყვნენ ბრალდებულნი სამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში. ტვინის ასეთი ანომალიური განვითარება დაკავშირებული იყო მუდმივ ანტისოციალურ ცხოვრებას ე.ი არაგაცნობიერებულ ქცევასთან, როგორც საკუთარ, ასევე სხვების მიმართ, სინდისის ქენჯნის არქონასა და აგრესიასთან.[14]
ჰიპოკამპის უფრო დიდი მარჯვენა წილი: 2004 წლის კვლევის თანახმად, ფსიქოპათების მარჯვენა ჰიპოკამპი, რომელიც ნაწილობრივ აკონტროლებს ემოციებს და არეგულირებს აგრესიას, მნიშვნელოვნად უფრო დიდია, ვიდრე მარცხენა. ასეთი ასიმეტრია ჩვეულებრივი იყო ნორმალური ადამიანებისთვისაც, თუმცა ეს განსხვავება გაცილებით თვალშისაცემი იყო ფსიქოპათებთან.[15]
თავის ტვინის ზოლიანი სხეულის მოცულობაში ზრდა: 2010 წლის კვლევაში ფსიქოპათებს შეემჩნეოდათ თავის ტვინის ზოლიანი სხეულის მოცულობის 10%-ით გაზრდა.[16]
უცხო სხეულით დაზიანება: უცხო სხეულებით დაზიანების შემსწავლელი რიგი კვლევები გვიჩვენებს, რომ მოზარდებს, რომელთაც ჰქონდათ თავის დაზიანებები, დაშავებული აქვთ პრეფრონტალური ქერქი და ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი იმპულსური და ანტისოციალური ქცევა.[17] მრავალი ცნობილი ცხოვრებისეული ისტორია გვიჩვენებს იმავე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მაგალითად, პ. გეიჯი (P. Gage), ყოვლად პატივცემული, პასუხისმგებლიანი ჯენტელმენი იყო. 1848 წელს მშენებლობისას მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მას აფეთქების შედეგად ლითონის ჯოხი მარჯვენა ლოყაში შეესო და შუა ტვინის ზემოთა ნაწილიდან გამოვიდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაუზიანდა თავის ტვინი. გეიჯი სწრაფად განიკურნა, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ იგი მერყევი, უდიერი და ვულგარული გახდა. გეიჯი გაწონასწორებული, პატივსაცემი ადამიანიდან ფსიქოპათური თვისებების მქონე პიროვნებად იქცა.[18]
სიმსივნით დაზიანება: ამერიკის მრავალმა ცნობილმა კრიმინალურმა შემთხვევამ აჩვენა, რომ სიმსივნის მიერ ტვინისთვის მიყენებული დაზიანებები იმავე შედეგით სრულდება, რითაც ტვინის უცხო სხეულით დაზიანებები. ჩარლზ უიტმენი (Charles Whitman) იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტში არქიტექტურულ ინჟინერიას სწავლობდა. მას არ გააჩნდა არანაირი ძალადობრივი ან კრიმინალური ისტორია. ბავშვობაში მან სტენფორდ-ბინეს IQ ტესტში 138 ქულა აიღო, რომელიც მონაწილეების 99%-ზე უკეთესი შედეგი იყო. ის მოხალისეობდა Eagle Scout-ში სკაუტ ლიდერად და მუშაობდა „საზღვაო კორპუსში“ (Marine Corps). 1996 წელს მან მოულოდნელად მოკლა დედა და ცოლი. ჩარლზი ავიდა ტეხასის უნივერსიტეტის სამრეკლოზე და ზემოდან გაუხსნა ცეცხლი სტუდენტებს. მან მოკლა 15 და დაჭრა 31 ადამიანი, სანამ პოლიციელებმა არ მოკლეს იგი. საკუთარ ბოლო ჩანაწერში ჩარლზ უიტმენი წერდა, რომ უჭირდა აზრების კონტროლი და ითხოვდა გვამის გაკვეთას, რის შედეგადაც თავის ტვინის ჰიპოთალამუსში სიმსივნე აღმოაჩნდა, რომლის ზრდაც, ზოგი დაშვების მიხედვით, მის ამიგდალაზე ზეწოლას იწვევდა.[19][20]
მაიკლ ოფტს (Michael Oft), რომელიც მუშაობდა მასწავლებლად ვირჯინიაში, არ ჰქონდა ფსიქიატრიული ან ანომალიური ქცევის ისტორია. 40 წლის ასაკში მისი ქცევა მოულოდნელად შეიცვალა. მან დაიწყო მასაჟის პროცედურებზე სტუმრობა, ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შეგროვება, სექსუალურად ძალადობდა გერ-ქალიშვილზე და მალევე დაადანაშაულეს მწირეწლოვანი ბავშვების გახრწნაში. მაიკლ ოფტმა აირჩია პედოფილიის სამკურნალო პროგრამა, თუმცა თავი ვერ შეიკავა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებისა და სხვა კლიენტებისათვის საკუთრი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების მოთხოვნისგან. ნევროლოგებმა ურჩიეს თავის ტვინის სკანირება, რამაც აჩვენა ორბიტოფრონტალური ქერქის ფუძეში სიმსივნის ზრდა, რომელიც ავიწროებდა ტვინის მარჯვენა პრეფრონტალურ რეგიონს. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, მაიკლ ოფტის ქცევა და სექსუალური ცხოვრება ჩვეულებრივ ნორმას დაუბრუნდა. თუმცა რამდენიმეთვიანი ნორმალური ქცევის შემდეგ მან ისევ დაიწყო ბავშვების პორნოგრაფიის შეგროვება. ნევროლოგებმა ისევ დაასკანირეს მისი ტვინი და აღმოაჩინეს, რომ სიმსივნე ხელახლა გაზრდილიყო. მეორე ქირურგიული ჩარევისა და სიმსივნის ამოღების შემდეგ მისი ქცევა სრულიად ადეკვატური გახდა.[21]
ნეიროფიზიოლოგიური კვლევების მსგავსად ნეიროფუნქციურმაც აჩვენა, რომ დამნაშავეებისა და ფსიქოპათების ტვინი არა მხოლოდ სტრუქტურულად განსხვავდება, არამედ სხვადასხვანაირადაც მოქმედებს. როგორც ქვემოთ ხედავთ, ორივე, სტრუქტურული და ფუნქციური, დარღვევები ტვინის ერთსა და იმავე უბანს აზიანებს. ძირითადი აღმოჩენილი ანომალიებია:
აქტივაციის ნაკლებობა პრეფრონტალურ ქერქში: ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს მოძალადე კრიმინალების ტვინში პრეფრონტალური გლუკოზის მეტაბოლიზმის მკვეთრი შემცირება აჩვენეს.[11][22]
შემცირებული აქტივობა ამიგდალაში: კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მაღალი ფსიქოპათიური მაჩვენებლის მქონე პირები ემოციური, პერსონალური მორალური გადაწყვეტილებების მიღებისას განიცდიდნენ აქტივობის ნაკლებობას ამიგდალაში.[23]
უფუნქციო უკანა სარტყლისებრი ქერქი: ორმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულ დამნაშავე ფსიქოპათებსა და აგრესიულ პაციენტებში უკანა სარტყლისებრი ქერქი უფრო ცუდად ფუნქციონირებდა.[24][25]
შემცირებული ცერებრალური სისხლის ნაკადი ანგულარულ ხვეულაში: რამდენიმე კვლევამ მკვლელებისა და იმპულსური, მოძალადე კრიმინალების ანგულარულ ხვეულაში ცერებრალური სისხლის მიმოქცევის შემცირება აღმოაჩინა.[26][27][28]
მაღალი აქტივობა სუბკორტიკალურ ლიმბურ რეგიონებში: 1998 წლის კვლევამ აჩვენა, რომ რეაქტიული და პროაქტიული მკვლელების ორი ჯგუფის სუბკორტიკალური ლიმბური რეგიონები უფრო აქტიურია, განსაკუთრებით ტვინის უფრო „ემოციურ“ მარჯვენა ნახევარსფეროში.[29]
ჰიპოკამპი და მისი პარაჰიპოკამპური ხვეულას ფუნქციური დარღვევები: რიგი კვლევები ცხადყოფს, რომ ტვინის ეს რეგიონი გამართულად არ მუშაობს მკვლელებსა და, ზოგადად, მოძალადე დამნაშავეებში.[30][31]
კრიმონოლოგიის ფუძემდებლის, ცეზარე ლომბროსოსგან განსხვავებით, რომელსაც მიაჩნდა, რომ დანაშაულის წარმოშობა ფუნდამენტალურად ბიოლოგიური ფაქტორია და დამნაშავეებს არ გააჩნიათ თავისუფალი ნება, თანამედროვე ნეიროკრიმინოლოგები ცენტრისტულ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას. ისინი არ ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ ქცევით პრობლემებს, მაგრამ აღიარებენ, რომ ქცევა არის ბიოლოგიისა და გარემოს ინტერაქციის შედეგი.[32][33] თუმცა, ზოგიერთი ავტორი უფრო დეტერმინისტულია საკუთარ შეხედულებებში. ერთ-ერთი მათგანი წერს: „თავისუფალი ნება შეიძლება, არსებობდეს (ის, უბრალოდ, შესაძლოა, თანამედროვე მეცნიერების საზღვრებს გარეთ იყოს), მაგრამ ერთი რამ ნათელია: თუ თავისუფალი ნება არსებობს, მას მუშაობისთვის პატარა ადგილი აქვს. საუკეთესო შემთხვევაში ის შეიძლება, იყოს მცირე ფაქტორი, რომელიც გენებისა და გარემოს მიერ შექმნილ ვრცელ ნეირონულ ქსელებზე გადაადგილდება. სინამდვილეში, თავისუფალი ნება შეიძლება, იმდენად მცირე იყოს, რომ ჩვენ ცუდი გადაწყვეტილების მიღებაზე ისევე ვფიქრობდეთ, როგორც ნებისმიერ ფიზიკურ პროცესზე, როგორიცაა დიაბეტი ან ფილტვების დაავადება."[20]
აშშ-ს იურიდიული თავდაცვის ჯგუფები მოძალადე და სექსუალური დამნაშევეების სასამართლო პროცესებზე სულ უფრო და უფრო მეტად იყენებენ ტვინის სკანირებას, როგორც შემამსუბუქებელ მტკიცებულებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნეიროსამართალი. რამდენიმე ცნობილი შემთხვევა:
1991 წელს 65 წლის სარეკლამო აღმასრულებელმა ჰერბერტ ვაინშტეინმა (Herbert Weinstein), რომელსაც არ გააჩნდა არანაირი ძალადობრივი ან კრიმინალური ისტორია, ცოლთან კამათის შემდეგ გააღო ფანჯარა და მეუღლე მე-12 სართულიდან გადააგდო. მისმა დაცვის ჯგუფმა დაასკანერა ტვინი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის საშუალებით. გამოსახულებებმა აჩვენა დიდი სიცარიელე ტვინის პრეფრონტალურ ქერქში ე. ი სუბარაქნოიდალური კისტა იზრდებოდა მის მარცხენა შუბლის წილში. დაცვის ჯგუფმა გამოიყენა ეს გამოსახულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ვაინშტეინს არ შეეძლო ემოციების კონტროლი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. დაცვის ჯგუფი ამტკიცებდა დამნაშავის შეურაცხადობას, რის შედეგადაც პროკურატურა და დაცვის ჯგუფი შეთანხმდნენ არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაზე. ვაინშტეინს, ოცდახუთი წლის ნაცვლად, რომელიც მეორე ხარისხის მკვლელობას გულისხმობდა, მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.[34]
ბუსტმანტი კარგი ყოფაქცევის თინეიჯერი იყო, რომელმაც მოულოდნელად, 22 წლის ასაკში, კრიმინალური კარიერა დაიწყო. მისი დანაშაულებრივი ქმედებები მდგომარეობდა მოპარვაში, ბინების გატეხვასა და მათში შესვლაში, ქურდობასა და ნარკო-დანაშაულებში. 1990 წელს ბუსტმანტი დაიჭირეს მკვლელობისთვის. დაცვის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მათ კლიენტს 20 წლის ასაკში ძალაყინისგან ჰქონდა მიღებული თავის ტრავმა და მისი ქმედებები რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ. იგი ნორმალური ინდივიდიდან იმპულსურ და ემოციურად არამდგრად კრიმინალად გადაიქცა. დაცვის ჯგუფმა დაასკანირა ბუსტამანტეს ტვინი, რამაც აჩვენა პრეფრონტალური ქერქის დაზიანებები და მისი გაუმართავობა. შედეგად, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამნაშავის ტვინი არ ფუნქციონირებდა ნორმალურად და ანტონიო სიკვდილით დასჯას გადაურჩა.[35]
1999 წელს დონტა ფეიჯმა (Donta Page) გაქურდა, გააუპატიურა და მოკლა დენვერის მდედრობითი სქესის სტუდენტი. მოგვიანებით იგი დაადანაშაულეს პირველი ხარისხის მკვლელობაში, რაც სიკვდილით დასჯას გულისხმობდა. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ა. რაინი (A. Raine) ფეიჯის დაცვის ექსპერტი მოწმე იყო და დამნაშავე ლაბორატორიაში მიიყვანა, რათა მისი ტვინის ფუნქციონირება შეემოწმებინა. ტვინის სკანირებამ აჩვენა ვენტრალური პრეფრონტალური ქერქის აქტივაციის ნაკლებობა. პროფესორი რაინი ამტკიცებდა, რომ ფეიჯის ძალადობრივ ქცევას ღრმად ფესვგადგმული ბიოლოგიური ახსნა ჰქონდა. ამ უკანასკნელმა აირიდა სიკვდილით დასჯა ტვინის პათოლოგიის გამო.[5]
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს ბოლო დროის ნეიროკრიმინოლოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობილი დანაშაულის პრევენციის პროგრამები, არსებობს დამნაშავეთა სარეაბილიტაციო მრავალი პროგრამა (კანადის კოგნიტური ცენტრი).
ზოგიერთი მეცნიერი გვთავაზობს ტვინის ვიზუალიზაციის გამოყენებას იმის გასარკვევად, თუ რომელი დამნაშავეები ექცევიან დანაშაულის მეორეჯერ ჩადენის რისკქვეშ განთავისუფლების შემდეგ. ტვინის ვიზუალიზაციის მონაცემებს გამოიყენებენ ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორებიცაა ასაკი, ადრინდელი დანაშაულები და ოჯახური სტატუსი.[5] ამ იდეის მხარდასაჭერად ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორმა კენტ კეჰელმა (Kent Kiehl) 2013 წლის კვლევაში, რომელშიც ციხეში მყოფ 96 მოძალადე დამნაშავე მამაკაცს იკვლევდნენ, აღმოაჩინა, რომ დამნაშავეები, რომელთაც ნაკლები აქტიურობა ახასიათებდათ თავის ტვინის წინა სარტყლისებრ ქერქში, განთავისუფლებიდან 4 წლის შემდეგ ორჯერ უფრო დიდი ალბათობით ჩაიდენდნენ დანაშაულს, ვიდრე ისინი, ვისაც მაღალი აქტიურობა შეენიშნებოდათ ტვინის ამ რეგიონში.[5] ანალოგიურად, დასტინ პარდინმა (Dustin Pardini) დაასკვნა, რომ პატარა ამიგდალას მქონე მამაკაცები გათავისუფლებიდან 3 წლის შემდეგ სამჯერ უფრო დიდი ალბათობით ჩაიდენდნენ ძალადობას.[36]
ცდებმა აჩვენა რიგი მედიკამენტების, კერძოდ კი, სტიმულატორი ნეიროლეპტიკების, ანტიდეპრესანტებისა და ხასიათის სტაბილიზატორების, ეფექტურობა აგრესიის შემცირებაზე მოზარდებსა და ბავშვებში.[5] ახალგაზრდა დამნაშავეთა კვების რაციონში ომეგა-3-ის დამატებაც კი ამცირებს ახალგაზრდა დამნაშაავეეთა მხრიდან შეურაცხმყოფელ ქმედებებსა და აგრესიას.[37][38]
მედიტაციას შეუძლია, გავლენა იქონიოს ტვინზე და სამუდამოდ შეცვალოს ის. 2003 წელს უისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ დევიდსონმა (Richard Davidson) რევოლუციური კვლევა ჩაატარა. ადამიანები შემთხვევითად იყვნენ არჩეულნი ან გაცნობიერებულ ტრენინგ ჯგუფში, ან საკონტროლო ჯგუფში, რომელიც ტრენინგის მომლოდინეთა სიაში იყო. დევიდსონმა აჩვენა, რომ მედიტაციის 8-კვირიანმა სესიებმა გააძლიერა მარცხენა ფრონტალური ელექტროენცეფალოგრაფიული ფუნქციონირება.[39] მსგავსი კვლევა მოგვიანებით პროფესორმა ჰოლზელმა გაიმეორა.[40]