ტურიზმი ნეპალის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრია და შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. მსოფლიოს 10 უმაღლესი მთიდან 8 ნეპალში მდებარეობს, რის გამოც ქვეყანა მთასვლელთა, კლდეზე მცოცავთა და თავგადასავლების მოყვარულთა საყვარელი დანიშნულების ადგილია. ნეპალის ინდუისტური და ბუდისტული მემკვიდრეობა და ცივი კლიმატი მრავალ ტურისტს იზიდავს.[1]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.3 ქულა) ნეპალი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა. 2015 წელთან შედარებით ნეპალმა სიაში 1 ადგილით დაბლა ჩაინაცვლა.[2] 2017 წელს ნეპლს 538 970 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 481 300 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 892.9$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 426 395 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 3.2%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ია.[3] ნეპალს საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობის (მე-19 ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (27-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცდი მაჩვენებლები სახმელეთო და პორტის ინფრასტურის (135-ე ადგილი), ინფორმაციული და კომუნიკაციური უზრუნველყოფის (124-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის სვეტებში (124-ე ადგილი).[4]
მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი ნეპალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ვიზიტორთა მნიშვნელოვან ნაწილს მთასვლელები, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულები და ეკოტურისტები შეადგენენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ლუმბინი, გაუტამა ბუდას დაბადების ადგილი ნეპალის დასავლეთ რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქვეყნის მასშტაბით უამრავი მომლოცველობითი ძეგლი მდებარეობს.
ნეპალის ტურიზმის საბჭოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2012 წელს ქვეყანას 598 204 უცხოელი ტურისტი ეწვია. 2011 წელს ნეპალის ხელისუფლებამ ეს წელი ნეპალის ტურიზმის წლად გამოაცხადა და იმედოვნებდა, რომ 1 მილიონ ტურისტს მიიზიდავდა. 2012 წელი კი ნეპალის ხელისუფლებამ ლუმბინის ხელშეწყობისა და რეკლამირებისთვის ლუმბინის ტურიზმის წლად გამოაცხადა.[5]
2015 წლის მიწისძვრების სერიამ ნეპალის ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა.
2007 წელს ნეალს 526 705 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 37.2%-ით მეტი იყო. 2008 წელს ტურისტა რაოდენობამ 5%-ით იკლო, ნეპალს მხოლოდ 500 277 საერთაშორისო ტურისტი ეწვია. 2008 წელს ტურისტთა 55.9% ნეპალში აზიიდან ჩავიდა (18.2% ინდოეთიდა), ხოლო დასავლეთ ევროპიდან — 27.5%. 7.6% ჩრდილოეთ ამერიკიდნ, 3.2% ავსტრალიისა და ოკეანეთის რეგიონიდან, 2.6% — აღმოსავლეთ ევროპიდან, 1.5% - ცენტრალური და სამხრეთი ამერიკიდან, 0.3% აფიკიდან, ხოლო 1.4% სხვა ქვეყნებიდან.
2008 წელს უცხოელ ტურისტთა ნეპალში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 11.78 დღე იყო.[6][7]
2018 წლის მონაცემებით ნეპალში იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი მდებარეობს: