ნიუ-იორკის ხუთეული (ინგლ. New York Five) — ხუთი ნიუ-იორკელი არქიტექტორი (პიტერ აიზენმანი, მაიკლ გრავზი, ჩარლზ გუათმი, ჯონ ჰეიდუკი და რიჩარდ მეიერი), რომელთა ნამუშევრები გამოჩნდა არტურ დრექსლერის მოწყობილ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გამოფენაზე 1967 წელს, და შემდგომში 1972 წელს გამოსულ წიგნში „Five Architects“.
ხუთივე არქიტექტორი იზიარებდა არქიტექტურული მოდერნიზმის წმინდა ფორმის პრინციპებს, სესხულობდა რა ლე კორბუზიეს 1920-30-იანი წლების ფილოსოფიას, თუმცა უფრო ახლო შესწავლით თითოეული მათგანის ნამუშევარი გაცილებით ინდივიდუალისტურია. მათი მსგავსება უფრო აკადემიურ მიკერძოებაში უნდა იყოს, სავარაუდოდ ფილიპ ჯონსონის მენტორის როლის გამო.
ამ გამოფენამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია არქიტექტურული ფორუმის 1973 წლის გამოცემაში ესეების წყებაში, სახელწოდებით „Five on Five“ (ხუთი ხუთის შესახებ), დაწერილი არქიტექტორები რომალდო გიურგოლა, ალან გრინბერგი, ჩარლზ მური, ჯაკლინ რობერტსონისა და რობერტ შტერნის მიერ. ეს ხუთეული, ცნობილი როგორც „რუხები“, თავს ესხმოდა „თეთრებს“ იმ მიზეზით, რომ მათი მისწრაფება წმინდა მოდერნისტული ესთეტიკისადმი შედეგად იძლეოდა გამოუსადეგარ შენობებს, რომლებიც გარემოს მიმართ უკონტექსტო იყო, მომხმარებელთა მიზნებს არ ესადაგებოდა და ყოველდღიურ ცხოვრებას მოწყვეტილი იყო. ეს „რუხები“ გაერთიანებული იყვნენ ფილადელფიელი არქიტექტორი რობერტ ვენტურის გარშემო და მათი საერთო ინტერესით ტრადიციულ არქიტექტურასა და ადრეული პოსტმოდერნიზმის მიმართ.
ამ ხუთეულიდან ჯონ ჰეიდუკი ძირითადად აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული და 2000 წელს გარდაიცვალა. დანარჩენი ოთხი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნის და ერთმანეთთან კავშირს უარყოფს. გრეივზი პოსტმოდერნიზმს შეეჭიდა. აიზენმანი ძირითადად ნაბეჭდ მედიაში არქიტექტურის მსგავსი დიზაინით იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით დეკონსტრუქტივისტი გახდა. მეიერის შენობები ერთგული დარჩა წმინდა მოდერნისტული ესთეტიკისა და კორბუზიეს ფორმების. გვათმიც, ასევე მოდერნისტული სტილის ერთგული დარჩა, თუმცა მისი სიწმინდე ვრცელი კორპორაციული და საზოგადო პროექტების კომერციულობის გამო შეილახა.