ნოტოთენია (ლათ. Notothenia) — თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. დამახასიათებელია პატარა პირი, ეშვისებრი კბილები არა აქვთ. გვერდითი ხაზი ჩვეულებრივ ორია. ძირითადად გავრცელებულია ანტარქტიკაში, პატაგონიის ნაპირებთან და სუბანტარქტიკულ კუნძულებზე. მეტად ფართოა Notothenia kempi-ის არეალი, რომელიც გვხვდება ანტარქტიდის ნაპირებთან, მნიშვნელოვან სიღრმეზე (830 მ). მასობრივ სახეობას მიეკუთვნება Notothenia rossii, Notothenia squamifrons და Notothenia gibberifrons. ამათგან აღსანიშნავია Notothenia rossii, რომლის სხეულის სიგრძე 90 სმ, ხოლო წონა 9 კგ აღწევს. მოზრდილი თევზები ლაქისებრ-მარმარილოსებრია. გემრიელი ხორცი აქვთ. სარეწაო მნიშვნელობისაა.