ოკეანარიუმი — ზღვისწყლიანი ხელოვნური აუზი, რომელშიც ჰყავთ ზღვის ცხოველები. ოკეანარიუმში ჩვეულებრივ სხვადასხვა ზომის რამდენიმე განყოფილებაა. მისი ერთ-ერთი გვერდითი კედელი გამჭვირვალეა — აუზის ცხოველებზე დაკვირვებათა ჩასატარებლად. გვერდიდან მოწყობილია ამფითეატრი მაყურებელთათვის: ასეთ ოკეანარიუმში მართავენ წარმოდგენებს გაწვრთნილი დელფინების ან სელაპების მონაწილეობით. ზოგიერთ ოკეანარიუმში ტარდება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა (მაგ., ჰავაის კუნძულებზე. ოკეანარიუმებს დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრებს. საყურადღებოა ლოს-ანჯელესის ოკეანარიუმი, რომელშიც 3000 მ3-მდე და 2500 მ3-მდე მოცულობის 2 აუზია. მესამე, ღია წყალსატევში, „ზღვის ცირკში“, აჩვენებენ გაწვრთნილ სელაპებსა და დელფინებს. სან-დიეგოს (აშშ) ოკეანარიუმში თევზების შესანიშნავი კოლექციაა და უჩვენებენ გაწვრთნილ დელფინებსა და ცელნამგალა ვეშაპებს. ჰონოლულუს (ჰავაის კუნძულები) ოკეანარიუმში შექმნილია მარჯნის რიფის ბუნებრივი ეკოსისტემა. ცნობილია აგრეთვე სან-ფრანცისკოს, იაპონიის და სხვათა ოკეანარიუმები. საქართველოში არის ბათუმის დელფინარიუმი.