პაკი, პაკური ყინული — მოტივტივე ძველი პოლარული, უმეტესწილად, არქტიკული ყინული სისქით დაახლოებით 3 მ და მეტი, რომელმაც გადაიტანა ზაფხულის დნობის ორი ან მეტი სეზონი. წარმოიქმნება ზღვის ზედაპირის გაყინვის შედეგად.[1]
შედგება ცალკეული ყინულებისა და მრავალრიცხოვანი ყინულოვანი ნატეხებისაგან, რომელთა სიმაღლე 10 მ-ს უდრის. მასზე არსებული ტოროსი მოგლუვებულია, ყინული თითქმის მთლიანადაა გამტკნარებული და აქვს ლურჯი ფერი, ზაფხულში იფარება მომრგვალო მდნარი წყლითა და კარგად განვითარებული სადრენაჟო სისტემით.[1]
ჩვეულებრივ გვხვდება არქტიკულ აუზში ვეებერთელა ყინულოვანი მინდვრების სახით, ძირითადად, კანადის არქტიკულ სექტორში (ყინულსაფრის ფართობის 60-იდან 90 %-მდე), ზოგჯერ იჭრება ჩუკოტკის ზღვაში, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში, ლაპტევების ზღვაში, გრენლანდიის ზღვაში და კანადის არქტიკული არქიპელაგის სრუტეებში.[2]
გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაპირების გასწვრივ, კანადის არქტიკული არქიპელაგის ჩრდილოეთ სრუტეებსა და ანტარქტიდაში გვხვდება როგორც ნაპირის ყინული. პაკური ყინული გამოიყენება არქტიკულ აუზში მოდრეიფე სამეცნიერო სადგურების ორგანიზაციისთვის. პაკის სამხრეთ საზღვარი ცვალებადია. პაკი დიდად აბრკოლებს გემების მიმოსვლას.[3]
ზამთარში პაკური ყინული ფართოვდება, ხოლო ზაფხულში ორივე ნახევარსფეროში უკან იხევს და დაახლოებით 5 %-ით ფარავს ჩრდილოეთის ოკეანეებს, ხოლო 8 %-ით სამხრეთის ოკეანეებს.[4]
ინგლისურენოვან ლიტერატურაში პაკად იწოდება ნებისმიერი მოდრეიფე ყინული.[2]