პაკისტანის ტურიზმი მზარდი ინდუსტრიაა.[1][2][3] 2018 წელს ბრიტანეთის ბექპერეკრთა საზოგადოებამ პაკისტანი მსოფლიოს საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული დანიშნულების ადგილად დაასახელა და შემდეგნაირად აღწერა: „...პაკისტანი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანაა, მთიანი ხედებით, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ყველაზე უჩვულო წარმოსახვის მიღმაც აღწევს“.[4] გეოგრაფიულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანას ტურისტებისთვის ბევრი შეთავაზება აქვს, დაწყებული ბუნებრივი ხედებითა და ისტორიული მემკვიდრეობით, დამთავებული კულტურული მრავალფეროვნებით.
2006 წლის ოქტომბერში, ქაშმირის მიწისძვრის შემდეგ გაზეთმა The Guardian გამოაქვეყნა სტატია „პაკისტანის ხუთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობის შესახებ“, რათა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას დახმარებოდა.[5] დანიშნულების ადგილებს შორის იყო: ლაჰორი, ყარაყორუმის გზატკეცილი, კარიმაბადი და საიფულ მულუკის ტბა. 2007 წელს ქვეყნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისთვის პაკისტანმა წამოიწყო ტურისტული კამპანია სახელწოდებით - „Visit Pakistan“. კამპანია მოიცავდა მთელი წლის განმავლობაში ბაზრობების გამართვას, რელიგიურ ფესტივალებს, რეგიონულ სპორტულ ღონისძიებებს, ხელოვნების შოუებს, სახალხო ფესტივალებსა და ისტორიული მუზეუმების გახსნას.[6] მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2009 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით პაკისტანის საუკეთესო ტურისტულ დანიშნულების ადგილებად სვატის რაიონი, ლაჰორი, ხაიბერის გასასვლელი, პეშავარი, ყარაჩი და რავალპინდი დასახელდა.[7]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (2.9 ქულა) მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 124-ე ადგილზეა. 2015 წელთან შედარებით პაკისტანმა სიაში 1 ადგილით მაღლა აინაცვლა.[8] 2017 წელს პაკისტანს 965 498 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 317 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 328.3$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 1 429 580 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2.4%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8%-ია.[9] პაკისტანს საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობის (29-ე ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (59-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ადამიანური რესურსებისა და შრომის ბაზრის (134-ე ადგილი), უსაფრთხოებისა და დაცულობის(133-ე ადგილი) და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების (133-ე ადგილი სვეტებში.[10] პაკისტანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 9.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.[11]
პაკისტანის ტურისტული ღირსშესანიშნაობების მოიცავს მოჰენჯო-დაროსა და ჰარაპას ნანგრევებიდან დაწყებული, ჰიმალაების სამთო ხედებით დამთავრებულ დანიშნულების ადგილებს.[12] პაკისტანში 7000 მეტრზე მაღალი მთები მდებარეობს, რომლებიც სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებსა და მთასვლელებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, განსაკუთრებით კ2.[13] პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში მრავალი ძველი ციხესიმაგრე და ანტიკური არქიტექტურის ძეგლი მდებარეობს. ჰანზას ველი და ჩიტრალის ველი კალაშების სამკვიდროს წარმოადგენს, ხოლო გილგიტ ბალტისანის დიამერის რაიონში „ზღაპრული მდელოები“ მდებარეობს. პაკისტანის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის გამორჩეულია ხაიბერ-პახტუნხვა, პენჯაბის პროვინცია თავისი ისტორიული ქალაქით ლაჰორით, რომელიც პაკისტანის კულტურულ დედაქალაქს წარმოადგენს მოგოლთა დინასტიის არქიტექტურული ძეგლებით, როგორიცაა ბადშაჰის მეჩეთი, შალიმარის ბაღები, ჯაჰანგირის სამარხი და ლაჰორის ფორტი.
1990 | 1991 | 1992 | 1993 | 1994 | 1995 | 1996 | 1997 | 1998 | 1999 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვიზიტორები[14] | - | - | - | - | - | 378,000 | 369,000 | 375,000 | 429,000 | 432,000 |
2000 | 2001 | 2002 | 2003 | 2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვიზიტორები | 557,000 | 500,000 | 498,000 | 501,000 | 648,000 | 798,000 | 898,000 | 840,000 | 823,000 | 855,000 |
2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015[15] | 2016[16] | 2017[17][18] | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვიზიტორები | 907,000 | 1,167,000 | 966,000 | 565,212 | 530,000 | 563,400 | 965,498 | 1,750,000 |
პაკისტანის ტურიზმი მზარდი ინდუსტრიაა. უცხოური ინვესტიციებითა და დაბანდებებით, პაკისტანმა მთავარი სახმელეთო და საჰაერო ინფრასტრუქტურის შექმნა შეძლო. გილგიტ-ბალტისტანიდან დაწყებული კარაჩის პორტით დამთავრებული, გზები გაუმჯობესდა.
2004 წლის სექტემბერში პაკისტანის ტურიზმის სამინისტრო ცალკე სამინისტროდ გამოიყო. ტურიზმის სამინისტრო შიდა და უცხოური ტურიზმის პოლიტიკის შემუშავებაზე, განვითარებაზე, მარკეტინგსა და ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, სამინისტრო კოორდინირებს და არეგულირებს იმ ფედერალურ და პროვინციულ მთავრობებსა და კერძო სექტორის ატივობებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან ჩართული.[19]
ტურიზმის სამინისტროს ქმედებებმა შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც 2011 წლის 30 ივნისს კონსტიტუციის შესაბამისად პაკისტანის მთავრობამ სამინისტრო გააუქმა. ტურიზმის ხელშეწყობა პროვინციულ დონეზე შექმნილ დეპარტამენტებს დაევალათ,შესაბამისად, დღეისთის ყოველი პროვინცია თავად არის პასუხისმგებელი ტურიზმის განვითარებაზე. ეს ორგანიზაციები პაკისტანის ტურისტული განვითარების კორპორაციის შემადგენლობაში შედიან:
პაკისტანი მოიცავს ოთხ პროვინციას: ბელუჯისტანის პროვინციას, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციას, პენჯაბის პროვინციასა და სინდის პროვინციას, ორ ფედერალურ ტერიტორიას: ისლამაბადის ფედერალურ ტერიტორიასა და ტომების ტერიტორიების ფედერალურ მმართველობას და ორ ავტონომიურ რეგიონს: აზად-ქაშმირსა და გილგიტ-ბალტისტანს.[26]
პაკისტანის ტურიზმის დედაქალაქი ბილგიტ-ბალტისტანია. ავტონომიურ რეგიონში არაერთი მაღალი მწვერვალი მდებარეობს, მათ შორის, კ2, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტის შემდეგ. ავტონომიური რეგიონი მდიდარია მთებით, ტბებით, მყინვარებითა და ველებით. გარდა მთის ხედებისა, გილგიტ-ბალტისტანი ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, კულტურით, ისტორიითა და ხალხითაა ცნობილი.[27] ავტონომიური რეგიონის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: „ზღაპრული მდელოები“, ჰაშის ველი, ნალტარის ველი და დეოსაის ეროვნული პარკი.[28]