სოფელი | |
---|---|
პაპათია | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | პაზარის რაიონი |
კოორდინატები | 41°07′05″ ჩ. გ. 40°54′47″ ა. გ. / 41.11806° ჩ. გ. 40.91306° ა. გ. |
ადრეული სახელები | პაპათი |
პაპათია (თურქ. Papatya) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 42 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 5 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 263 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელ პაპათიას ძველი სახელწოდებაა პაპათი.[3] ნიკო მარმაც 1910 წელს სოფლის სახელი ამგვარად ჩაწერა, თუმცა პაპათისა და ლამღოს სახელებს ერთი და იმავე დასახლებისთვის იყენებდა.[4][5] ლაზური ტოპონიმი პაპათი, პაპილათის მსგავსად ნიშნავს „მღვდლის ადგილს“. კერძოდ, ქართველმა ისტორიკოსმა იური სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ამ ტოპონიმში „-ათ“ არის ადგილის მაწარმოებელი სუფიქსი, ხოლო სიტყვა „პაპა“ ლაზურად ნიშნავს „მღვდელს“.[6]
სოფელი პაპათი მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს..[7] თუმცა, პაპათი არ მოიხსენიება როგორც სოფელი არც 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულში და არც 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაში. ის რომ ეს დასახლება დღევანდელი იუჯეჰისარის სოფლის ნაწილი იყო, ჩანს იქიდან, რომ ნიკო მარი ერთი და იმავე დასახლებისთვის იყენებდა როგორც ლამღოს, ისე პაპათის სახელწოდებას.[4][5]
პირველი მსოფლიო ომის წლებში სოფელი პაპათი რუსეთის ადმინისტრაციის საზღვრებში მოექცა. ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ, 1917 წელს ლაზეთის რეგიონში მოგზაურობისას აღნიშნა ლანგო (ლანგო) ფორმით ჩაწერილი ლამღო, თუმცა პაპათი ცალკე სოფლად არ განუხილავს.[8] სოფელი პაპათი პირველად პაპათიას სახელით 1970 წლის საყოველთაო აღწერაში გამოჩნდა როგორც სოფელი. ამ დროს რიზეს პროვინციის პაზარის რაიონის ცენტრალურ უბანში შემავალი სოფლის მოსახლეობა 490 ადამიანისგან შედგებოდა. იუჯეჰისარის სოფლის მოსახლეობის შემცირება 1965 წლის 964 ადამიანიდან 1970 წელს 643 ადამიანამდე მიუთითებს, რომ პაპათია, რომელიც იუჯეჰისარის უბანი იყო, ცალკე სოფლად გარდაიქმნა.[9][10]