პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოება, პარიზის ლინგვისტური საზოგადოება (ფრანგ. Société de linguistique de Paris) — ენათმეცნიერთა ფრანგული და საერთაშორისო გაერთიანება, ლინგვისტური პრობლემების განხილვის ცენტრი. დაარსდა 1864 წელს პარიზში, 1866 წელს მიიღეს წესდება. საზოგადოების მუშაობას ორგანიზებას უწევს გამგეობა (ბიურო), რომელშიც შედიან, მათ შორის, საზოგადოების ყოველწლიურად არჩეული თავმჯდომარე და მდივანი [მდივნის თანამდებობას იკავებდნენ: მიშელ ბრეალი (1868-1915), ანტუან მეიე (1916-1936), ჟოზეფ ვანდრიესი (1937-58), ემილ ბენვენისტი (1959-70)]. საზოგადოების საქმიანობაში დიდი როლი შეასრულეს უცხოელმა ენათმეცნიერებმა შარლ ბალიმ (შვეიცარია), ვიგო ბრენდალმა, ჰოლგერ პედერსენმა (დანია), იან მიხალ როზვადოვსკიმ (პოლონეთი), ფერდინანდ დე სოსიურმა (შვეიცარია), იან ბოდუენ დე კურტენემ (პოლონეთი), აგრეთვე ფრანგმა ლინგვისტებმა ანდრე მარტინემ, ბერნარ პოტიემ, ანტუან კიულიოლიმ, კლერ ბლანშ-ბენვენისტმა, რომლებიც სხვადასხვა წლებში იკავებდნენ მისი თავმჯდომარის პოსტს.[1]
პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოება ატარებს ყოველთვიურ სხდომებს ერთი სამეცნიერო მოხსენების წარდგენასა და განხილვასთან ერთად. წელიწადში ერთხელ, იანვარში, ტარდება სამეცნიერო სესია — Journée scientifique (სიტყვასიტყვით „სამეცნიერო დღე“), რომელიც ეძღვნება ენათმეცნიერების გარკვეული აქტუალური პრობლემის განხილვას, თან ახლავს არჩეულ თემაზე რამდენიმე მოხსენების წარდგენა.[1]
პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოების სამეცნიერო საქმიანობა XX საუკუნის შუა პერიოდამდე მნიშვნელოვნად იყო ორიენტირებული შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაზე და ძველი და ნაკლებად შესწავლილი, მათ შორის აღმოსავლური და აფრიკული ენების აღწერაზე. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ცხარე დისკუსიების შედეგად, საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცა სტრუქტურალისტური ხასიათის კვლევები და თანამედროვე სემანტიკური თეორიები. გრძელდება ენათმეცნიერული სკოლებისა და მიმართულებების ისტორიოგრაფიული აღწერის ტრადიცია.[1]
პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოების მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია: