პეზიზა, პეციცა (ლათ.Peziza) — ჩანთიანი სოკოებისგვარი. ნაყოფსხეული ჯამის ან ლამბაქის ფორმისაა, დიამეტრით 1–5 (10-მდე) სმ, ხშირად უსწორმასწორო და გაწყვეტილი კიდეებით, მჯდომარეები ან ძალიან მოკლე ფეხით არიან. შიდა ნაწილი ყავისფერი, მურა, ნარინჯისფერი ან იასამნისფერია, გარე — მომურო, მოთეთრო, შიშველი, მარცვლოვანი ან დაფქვილული. საპროტროფული ორგანიზმებია. იზრდებიან ტყეებში, ბაღებში, პარკებში; მარტოდ ან ჯგუფებად; ტენიან ნიადაგზე, ფოთლოვანი ჯიშების ლპობად მერქანზე, ცხოველთა ექსკრემენტებზე, ნაკოცონარ ადგილებზე.[1] მოიცავს 85–100 სახეობას.[2] საკვებად უვარგისებია. ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება მურა ჯამა სოკო (P. badia),[3] რომელიც ძირითადად ზაფხულში და შემოდგომაზე დიდ ჯგუფებად ჩნდება წიწვიან ტყეებში, უმთავრესად ტყის პირებსა და გზების გასწვრივ.[1]