პერიარი പെരിയാര് | |
---|---|
ქვეყანა | ინდოეთი |
ტერიტორიული ერთეულები | კერალა, ტამილნადუ |
მარჯვენა შენაკადები |
მულაიარი პერინჯანკუტი მუტრაპუჟა ედამალა |
მარცხენა შენაკადები | ჩერუთონი |
სათავის სიმაღლე | 1 830 მ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 295 მ³/წმ |
პერიარი ვიკისაწყობში |
პერიარი (სიტყვასიტყვით „დიდი მდინარე“) — სიგრძით და პოტენციალური ჩამონადენით უდიდესი მდინარე ინდოეთის შტატ კერალაში.[1] მდინარე ინდოეთის რამდენიმე დიდ ქალაქს მთელი წლის განმავლობაში სასმელი წყლით ამარაგებს.[2] პერიარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კერალას ეკონომიკაშიც. ის იდუკის ჰიდროელექტროსადგურის მეშვეობით აწარმოებს შტატის ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს და სამრეწველო რეგიონების უახლოესად მიედინება. გარდა იმისა, რომ მდინარის წყლის ნაწილი საყოფაცხოვრებოდ და სარწყავადაა განკუთვნილი, მას თევზჭერისათვისაც იყენებენ.[3][4] ამ მიზეზების გამო მდინარეს კერალას „სიცოცხლის ხაზს“ უწოდებენ.[5]
პერიარის მდინარის სიგრძეა 244 კილომეტრი, ხოლო ფართობი 5 398 კვადრატული კილომეტრი, აქედან 5 284 კმ² კერალაში მდებარეობს.
მდინარის კვების წყაროები დასავლეთ გატების მაღალ მთიანეთშია.[6][7] სხვადასხვა ვერსიებით მისი სათავე კერალაში ან მის მეზობელ ტამილნადუშია. კერალას შტატი ინდოეთის უზენაესი სასამართლოს საშუალებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პერიარის სათავეც და შესართავიც კერალაშია.[8][9] სასამართლოში ამასვე ითხოვდა ტამილანდუ.[10] მდინარის საკვები წყაროების უმეტესი ნაწილი პერიარის სახელმწიფო პარკის ტყეებში მდებარეობს.[11][12] ტამილანდუს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მდინარე სათავეს სივაგირის მთებში იღებს, რომელიც მათ შტატშია.[13][14][15] თუმცა 2014 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პერიარის სათავე არ არის ტამილანდუში.[16]
პერიარის აუზი მოიცავს 5 398 კვადრატულ კილომეტრს, რომლის უდიდესი ნაწილი კერალაში მდებარეობს. ის მოქცეულია ჩ.გ 9°15’30” და 10°21’00”, ა.გ. 76°08’38” და 77°24’32”-ს შორის. მდინარიე მიედინება იდუკის, ერნაკულამისა და თრისურის ადმინისტრაციულ ერთეულებში კერელას[17] ტერიტორიაზე და კოიმბატორის რაიონში ტამილანდუში.[18] მდინარის აუზს ლათინური შებრუნებული L-ის ფორმა აქვს. სიგრძე-სიგანის თანაფარდობა შესაბამისად არის 6:1. მდინარის აუზის უდიდესი ნაწილი ღრმა, ციცაბო ხეობებსა და მაღალმთიან რაიონებს უკავია.[17]
იდუკის კაშხალი კერალას უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსია და პერიარიზე მდებარეობს. იდუკი უდიდესი კაშხალია საკუთარი სახის კაშხლებს შორის (კონკრეტულად, ორმაგი სიმრუდის პარაბოლური, წვრილ თაღოვან კაშხლებს შორის[3]) აზიაში და სიდიდით მეორე მსოფლიოში. მისი გენერატორები 780 მეგავატის სიმძლავრისაა. კაშხლის სიმძლავრე მინიმალურია მუსონების დროს. იდუკი ასევე არის რეზერვუარი ცხელ ზაფხულში, როდესაც სხვა კაშხლებში წყლის დონე დაბალია.
მდინარეზე სხვა ჰიდროენერგეტიკული ობიექტებია, როგორიცაა პალივასალი, ჩენკულამი, პანიარი, ნერიამანგალამი და ქვემო პერიარი.
პერიარიზე არის ისეთი მნიშვნელოვანი წყალსაცავები, როგორიცაა ბოტატანკეტუ,[19] იდამალიარი, ქვემო პარიარი, მატუპეთი, ანაირანგალი, კუნდალა, პონმუდი, კალარკუტი, იდუკი[20], სენგულამი, კალარი, ერატაიარი და მულაპერიარი.
ამჟამად მდინარის საკმაოდ დიდი ნაწილი მძიმედაა დაბინძურებული. ინდუსტრიული ნარჩენები წალს ტოქსიკური ნივთიერებებით ავსებს. რომლებსაც სასიკვდილო მოქმედება ახასიეთებთ. ასეთებია: დიქლორდიფენილტრიქლორეთანი, ენდოსულფანი, ექვსვალენტიანი და სამვალენტიანი ქრომი, ტყვია, ციანიდი, ჰექსაქლორობენზინი.[21][22]