ტომბო-რეჯიო, მისი ფორმიდან გამომდინარე, აგრეთვე ცნობილი როგორც პლუტონის გული[1][2][3] — ჯუჯა პლანეტაპლუტონის ზედაპირის დიდი, კაშკაშა მახასიათებელი.[4][5][6] მდებარეობს ეკვატორიდან ოდნავ ჩრდილოეთით, ორ ბნელ რეგიონს — კთულუ-რეჯიოსა და კრუნ-მაკულას შორის.[7] 1000 კმ სიგანის მისი დასავლეთი რეგიონი, რომელიც აზოტითა და ყინულებითაა ამოვსებული, სპუტნიკ-პლანიტიას სახელითაა ცნობილი.[8][9] აღმოსავლეთ რეგიონი კი მაღლობებს მოიცავს, რომლებიც დაფარულია ატმოსფეროს გავლით, სპუტნიკ-პლანიტიადან გადმოტანილი აზოტის ყინულითა და სხვადასხვა ყინულოვანი დეპოზიტებით. მყინვარების დინების საშუალებით, აზოტის გარკვეული ნაწილი კვლავ სპუტნიკ-პლანიტიას უბრუნდება. სახელი ეწოდა პლუტონის აღმომჩენის, ამერიკელი ასტრონომის, კლაიდ ტომბოს პატივსაცემად.
ტომბო-რეჯიო ვრცელი, ნათელი ფერის რეგიონია, რომელიც დაახლოებით 1 590 კილომეტრზეა გადაჭიმული.[10] რეგიონის შემადგენელი ორი ნაწილი გეოლოგიურად განსხვავებულია. დასავლეთ ნაწილი — სპუტნიკ-პლანიტია უფრო გლუვია, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილი, ოდნავ განსხვავდება მათი შეფერილობაც.[11] არსებობს ვარაუდი, რომ დასავლეთ რეგიონი მსხვილი ობიექტის შეჯახების შედეგადა წარმოქმნილი დარტყმითი კრატერია, რომელიც აზოტის თოვლითაა ამოვსებული. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ რეგიონში არსებული კაშკაშა წერტილები მთის მწვერვალები იყო.[12] მართლაც, 2015 წლის 15 ივლისს, ხომალდ New Horizons-ის მიერ გამოგზავნილი ფოტოების შედგეგად დადგინდა, რომ ისინი წყლის ყინულით დაფარული 3400 მეტრი სიმაღლის მთებია; ასევე აღმოჩნდა, რომ ამ რეგიონში არ არის კრატერები.[13] შემდეგმა მონაცემებმა გამოამჟღავნა, რომ სპუტნიკ-პლანიტიას ცენტრი მდიდარია აზოტით, ნახშირჟანგით, მეთანის ყინულებით და რეგიონის კიდეებზე, ეს ნივთიერებები წარმოქმნიან მყინვარის მსგავს ყინულის დინებებს, რომლებიც გვერდით მდებარე ბნელ რეგიონთან შედარებით, ბევრად კაშკაშად გამოიყურება.[8] სპუტნიკ-პლანიტიას ზედაპირი დაყოფილია პოლიგონურ კონვექციურ უჯრედებად,[9] ასაკი კი 10 მილიონ წელზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლუტონი გეოლოგიურად აქტიურია.[14]
New Horizons-ის გადაფრენამდე, გასული ექვსი ათწლეულის მანძილზე, პლუტონის ეს მახასიათებელი კაშკაშა წერტილის სახით იყო იდენტიფიცირებული, თუმცა შეუძლებელი იყო საკმარისი რეზოლუციით გადაღება იმისათვის, რათა მომხდარიყო მისი ფორმის განსაზღვრა. მთელი ამ დროის მანძილზე, მას აკვირდებოდნენ როგორც მბზინავ წერტილს.[15]
ტომბო-რეჯიოს იდეინტიფიცირება ზონდ New Horizons-ის მიერ გამოგზავნილი სურათების წყალობით მოხდა. თავდაპირველად, ფიზიკური ფორმის გამო, NASA-მ მას „გული“ უწოდა.[16] თუმცა, 2015 წლის 15 ივლისს, New Horizons-ის გუნდმა მას პლუტონის აღმომჩენი ასტრონომის, კლაიდ ტომბოს პატივსაცემად ტომბო-რეჯიო უწოდა (ლათ.regio — რეგიონი).[17] აღნიშნული სახელი უნდა დაადასტუროს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა. როგორც კავშირის თავმჯდომარე, რიტა შულცი აცხადებს, ორგანიზაცია ასეც მოიქცევა და ამ პლუტონის ამ რეგიონს ოფიციალურად უწოდებს ტომბო-რეჯიოს.[18]