ლიბანი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული სახელმწიფოა, რომელსაც ახლო აღმოსვლეთის მასშტაბით, რელიგურად ყველაზე მრავალფეროვანი საზოგადოება ჰყავს. ლიბანში 18 რელიგიური სექტაა აღიარებული.[1][2] მთავარი რელიგიებია: ისლამი (სუნიზმი, შიიზმი, მცირე რაოდენობით ალავიტები და ისმაილიტები) და ქრისტიანობა (მარონიტები, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, ბერძნული კათოლიკური ეკლესია, პროტესტანტიზმი, სომხური სამოციქულო ეკლესია). ლიბანის მოქალაქეთა 5%-ს დრუზები შეადგენენ.[3] ლიბანური დიასპორა მსოფლიო მასშტაბითაა გაშლილი. დიასპორის დიდი ნაწილი ქრისტიანია.[4][5] მოსახლეობის დიდი ნაწილი ლტოლვილია (2017 წლისთვის, 1.5 მლნ ადამიანი). ლტოლვილთა უმრავლესობა სირიული ან პალესტინური წარმოშობისაა. ისინი მეტწილად სუნიტები არიან, თუმცა მათი ნაწილი ქრისტიანი ან შიიტია.[1]
ლიბანი ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებისგან იმით განსხვავდება, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენენ. გარკვეულწილად, ლიბანი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთს ჰგავს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ სახელმწიფოებში მოსახლეობის დიდი ჯგუფებს როგორც მუსლიმები, ისე ქრისტიანები წარმოადგენენ. ერთ დროს ლიბანში უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ, თუმცა დღეს ისინი უმრავლესობას ლიბანურ დიასპორაში შეადგენენ, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 14 მლნ ადამიანისგან შედგება. ტრადიციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი მარონიტი ქრისტიანია, პრემიერ-მინისტრი — სუნიტი მუსლიმი, ხოლო პარლამენტის სპიკერი − შიიტი მუსლიმი.
1932 წლის შემდეგ ლიბანში მოსახლეობის რელიგიური მიკუთვნების შესახებ ოფიციალური აღწერა არ ჩატარებულა, რაც აღმსარებლობის ბალანსთან დაკავშირებით ლიბანის მგრძნობიარე პოლიტიკით აიხსნება.[6] შედეგად, ლიბანის მოსახლეობის რელიგიური მიკუთვნების დარწმუნებით განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგანაც მოსახლეობის აღმსარებლობის მიხედვით მონაცემების შესაგროვებლად სხვადასხვა წყარო გამოიყენება.
ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა წყარო, რომელთაგან ლიბანის მოსახლეობის აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციას სრულად არცერთი წარმოადგენს.
2012 წელს, ბეირუთში დაფუძნებული კვლევითი ფირმის, Statistics Lebanon-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლიბანის მოსახლეობის 54%-ს მუსლიმები შეადგენენ (27% სუნიტია, 27% ― შიიტი), 35.5%-ს ― ქრისტიანები (21% ― მაროტინები, 8% ― ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები, 6.5% ― სხვა ქრისტიანული ჯგუფები), 5%-ს ― დრუზები, დანარჩენს კი ― სხვა რელიგიური ჯგუფები.[7]
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს Wordl Factbook-ის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც ლიბანის სირიელ და პალესტინელ ლტოლვილებს არ ითვალისწინებს, მოსახლეობის 67.8%-ს მუსლიმები შეადგენენ (სუნიტები, შიიტები და მცირე რაოდენობით ალავიტები და ისმაილიტები), 32.4%-ს ― ქრისტიანები (უდიდეს ჯგუფს მარონიტები შეადგენენ), 4.5%-ს ― დრუზები, ხოლო დანარჩენ რელიგიურ ჯგუფებს ებრაელები, ბაჰაისტები, ბდუისტები და ინდუსები შეადგენენ.[3]
ლიბანში დაახლოებით 13 000 ინდუსი ცხოვრობს.[8] მცირე რაოდენობით ზოროასტრიზმის მიმდევრებიც ცხოვრობენ, რომელთა რაოდენობაც 100-დან 500-მდე მერყეობს.[9][10]
ლლიბანელი მუსლიმები მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ. ისინი რამდენიმე სექტად იყოფიან, რომელთა შორის უმრავლესობას სუნიტები, შიიტები, ალავიტები და ისმაილიტები შეადგენენ.
ლიბანელი სუნიტები მეტწილად მთავარ ქალაქებში ცხოვრობენ: დასავლეთ ბეირუთში, ტრიპოლსა და სიდონში. სუნიტები სასოფლო ტერიტორიებზეც სახლობენ, რომელთა შორისაა: აკარი, იქლეემ-ალ-ხარუბი და ბექაის ხეობის დასავლეთი ნაწილი.
ლიბანელი შიიტები ძირითადად სამხრეთ ლიბანში, ბაალბექის რაიონში, ჰირმელის რაიონსა და სამხრეთ ბეირუთში (დიდი ბეირუთის სამხრეთ ნაწილი).
ლიბანური პოლიტიკური დაყოფის მიხედვით, დრუზების თემი და ლიბანის მუსლიმი თემი გაერთიანებული და პარლამენტის 50%-ს აყალიბებენ, მიუხედავად იმისა, რომ დრუზებსა და მუსლიმებს ძალიან განსხვავებული რწმენა აქვთ. დრუზების უმრავლესობა მუსლიმად არ აღიქვამს თავს[11][12][13][14][15] და ისლამის ხუთ სვეტს არ აღიარებს.[16]
ლიბანელ ქრისტიანებს მიეკუთვნებიან: მარონიტები, ბერძენი კატოლიკეები, ბერძენი მართლმადიდებლები, აღმოსავლური მართლმადიდებლობის მიმდევრები, ასირიელები და პროტესტანდები.
ლიბანელი მარონიტები დიდი ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ, მთიანი ლიბანის მუჰაფაზაში, ჩრდილოეთის მუჰაფაზის სამხრეთ ნაწილში და ასევე, ბექაას მუჰაფაზასა და სამხრეთის მუჰაფაზაში.[17]