როდერიხ ფონ ერკერტი (გერმ. Roderich von Erckert, რუსეთში — როდრიგ თედორეს ძე ერკერტი, რუს. Родриг Фёдорович Эркерт; დ. 15 დეკემბერი, 1821, კულმი, ახლანდ. ხელმნო, პოლონეთი, — გ. 12 დეკემბერი, 1900, ბერლინი) — გერმანელი ეთნოგრაფი.
დაიბადა პრუსიელი ოფიცრის ოჯახში. თავადაც პრუსიის ჯარში მსახურობდა, შემდეგ რუსეთის სამსახურში გადავიდა. 1860-იან წლებში მეთაურობდა ბრიგადას დასავლეთის მხარეში, შემდეგ დივიზიას ჩრდილოეთ კავკასიაში. 1884 წელს სამსახურიდან გადადგა გენერალ-ლეიტენანტის წოდებით და დასახლდა ბერლინში, სადაც სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული. რუსეთში სამსახურის პერიოდში დაინტერესდა ეთნოგრაფიის და ლინგვისტიკის საკითხებით. მონაწილეობდა გუსტავ-თეოდორ პაულის რედაქტორობით გამოცემული მონუმენტალური ნაშრომის „რუსეთის ხალხების ეთნოგრაფიული აღწერილობის“ (რუსულ ენაზე, 1862) მომზადებაში. ერკერტის მონოგრაფია „კავკასია და მისი ხალხები“ (გერმანულ ენაზე, 1887) შეიცავს ეთნოგრაფიულ ცნობებს კავკასიის ხალხთა შესახებ, კავკასიის ენათა ლექსიკურ მასალას. მეორე შრომა „კავკასიური ძირის ენები“ (გერმანულ ენაზე, 1895) გამოცემულია ორ ტომად. მასში 545 სიტყვაა თარგმნილი თითქმის ყველა კავკასიურ ენაზე, მოცემულია ცალკეული ფრაზები და თითოეული ენის მოკლე გრამატიკული მიმოხილვა.