სალომონ შვაიგერი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 30 მარტი, 1551 |
დაბადების ადგილი | შულც ამ ნეკარი |
გარდაცვალების თარიღი | 21 ივნისი, 1622[1] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიურნბერგი |
დასაფლავებულია | St. Rochus Cemetery |
საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი და თეოლოგი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ტიუბინგენის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში |
სალომონ შვაიგერი (გერმ. Salomon Schweigger; დ. 30 მარტი, 1551 ― გ. 21 ივნისი, 1622, ნიურნბერგი) — გერმანელი ლუთერანი თეოლოგი, ანთროპოლოგი, ორიენტალისტი და მოგზაური. დიდი შრომა გასწია თავისი მოგზაურობების აღწერით ბალკანეთში, კონსტანტინოპოლსა და ახლო აღმოსავლეთში. მასვე ეკუთვნის ყურანის პირველი თარგმანი გერმანულ ენაზე.
დაიბადა გერმანიის სამხრეთი ნაწილში, ნოტარიუსის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო მახლობელი სოფლების სამონასტრო სკოლებში. 1573 წლიდან სწავლას იწყებს ტიუბინგენის უნივერსიტეტში თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით.
1576 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, მიწვეულ იქნა საელჩოს კაპელანად სტამბოლში (1578-81), ჰაბსბურგთა ელჩის[2], ხოაკიმ ფონ სიტზენდორფის მიერ. მან აქ რამდენიმე წელიწადი დაჰყო დიპლომატიური მისიის განსახორციელებლად[3]. თავის სამოგზაურო დღიურებში აღწერს პირად გამოცდილებასა და აწარმოებს საინტერესო დაკვირვებებს ოსმალეთის იმპერიის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ასკვნის, რომ „სერბებს, ბულგარელებსა და რასკიანელებს აქვთ ძირები დაკიის უძველეს გერმანულ ტომებთან[4]“. ასევე საუბრობს თურქული „ტლანქი“ მუსიკის, თურქული საკვების, სამოსისა და არქიტექტურის შესახებ[5].
1581 წლიდან მოგზაურობს ეგვიპტეში, პალესტინასა და სირიაში[6], იმყოფებოდა იერუსალიმსა და დამასკოში, საიდანაც, კრეტასა და ვენეციის გავლით დაბრუნდა სამშობლოში. შეადგინა და 1608 წელს ნიურნბერგში გამოსცა თავისი მოგზაურობის ვრცელი აღწერილობა სახელწოდებით „ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში“ (Newe Reyßbeschreibung auß Teutschland nach Constantinopel und Jerusalem). ამავე წიგნში სალომონ შვაიგერი იძლევა მოკლე ცნობებს საქართველოს შესახებაც. კერძოდ, ბეჭდავს ქართულ ანბანს და ლათინური ტრანსკრიფციით ქართულ ენაზე აქვეყნებს პირველი ფსალმუნის დასაწყისს[7].
გერმანიაში დაბრუნებისას მსახურობდა პასტორად სოფელ გროცინგერში 1581–1589 წლებში, ხოლო 1589-1605 წლებში ვილჰელმსდორფში, 1605 წლიდან გარდაცვალებამდე - ნიურნბერგში.
შვაიგერი საქართველოს შესახებ საუბრობს თავის წიგნში „ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში“[8], რომელშიც გადმოგვცემს ორი ქართველი დიდებულის, ყვარყვარე ჯაყელისა და მისი ძმის, ხლებას ოსმალეთის სულთნის, მურად III-ის კარზე. ეს ჟესტი ქართველი თავადების მხრიდან მორჩილებისა და მოხარკეობის აღიარებას ნიშნავდა. ამასთან, უმცროსმა ძმამ კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს ისლამი მიიღო და იმავეს გაკეთება მოსთხოვა თავისი ათი წლის ვაჟსაც. ამის საწინააღმდეგოდ, ყვარყვარე და მისი თანმხლები პირები არ განმდგარან ქრისტიანობისგან და ბოლომდე შეინარჩუნეს მრწამსი. ამ ჟესტის განხორციელების შემდეგ ოსმალეთის სამეფო კარმა მიიღო გადაწყვეტილება, ხარკის გადახდის სანაცვლოდ ქართველი დიდებულებისთვის აღედგინათ წინანდელი ძალაუფლება. ამასთან ერთად, ოსმალთა მეთაურს უბრძანეს დანგრეული ციხე-სიმაგრის აღდგენა და იქ მყოფი გარნიზონის ხელმძღვანელობა. საბოლოოდ, ვითარება ისე შეიცვალა, რომ ქართველები ვერ შეეგუენ თურქთა ბატონობას და ბოლომდე ამოხოცეს იქ გამაგრებული ჯარი.
პოლიტიკური ვითარების მიმოხილვის გარდა, შვაიგერი ბეჭდავს ქართულ ანბანს შესაბამის ლათინურ ტრანსკრიპციითურთ. ეს არის ქართული შრიფტის სტამბური გამოყენების პირველი ნიმუში. ქართული ანბანი ნუსხა-ხუცური სახისაა: იწყება ქანწილით და მთავრდება ჰოე-თი. ამასთან, ანბანს ერთვის პირველი ფსალმუნის ქართული თარგმანის ტრანსკრიფცია შესაბამისი გერმანულენოვანი ტექსტით:
ქართული ტექსტი ლათინური ტრანსლიტერაციით
(ავტორისეული) |
ქართული ტექსტი
(არ არის მოცემული გამოცემაში) |
გერმანული თარგმანი
(ავტორისეული) |
---|---|---|
Néder as gázi, rómeli ára míuida ßráchuuaßa uchmrtó- | ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთო- | Wohl dem Menßchen, der nicht wandelt im Ra(h)t der |
taßa da gßaßa Zoduíltaßa ara tátga da (Da) ßadßchúmelßa ußchulótaßa ara | თასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა | Gottlo(ß)en ... |
tádßchada. | დაჯდა. |
შვაიგერმა შეასრულა ყურანის პირველი გერმანულენოვანი თარგმანი[9]. კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს გაეცნო ანდრეა არივაბენეს იტალიურენოვან თარგმანს, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა რობერტ კეტონელისეულ XII საუკუნის გადმოენებულ ტექსტს[10]. სწორედ არივაბენეს თარგმანი დაედო საფუძვლად 1616 წელს ნიურნბერგში გამოცემულ პირველ გერმანულენოვან ყურანს. თავდაპირველად გამოიცა სახელწოდებით: „თურქული ყურანი, რელიგია და ცრურწმენა“ (Der Türken Alcoran, Religion und Aberglauben), მეორედ — 1623 წელს, ხოლო 1659 და 1664 წლების გამოცემები ატრიბუციის გარეშეა დატოვებული.
შვაიგერის გამოცემულ ტექსტს დაეყრდნო ყურანის ჰოლანდიური თარგმანი, რომელიც 1641 წელს გამოიცა ქალაქ ჰამბურგში.