საპროფაგია (ბერძ. σαπρός — „დამპალი“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა კვება სხვა ცხოველთა ლეშით, ლპობადი ნარჩენებითა და გამონაყოფით (ექსკრემენტებით).[1] ასეთებია აფთარი, სვავი, ყორანი, ლეშიჭამია და ტყავიჭამია ხოჭოები, ხორცისა და ლეშის ბუზების მატლები, წყლის ცხოველებიდან ზოგი კიბოსნაირი (განსაკუთრებით ფსკერის გვერდულები, მდინარის კიბოები).[2] მეორე გაგებით, საპროფაგებს მიეკუთვნება ყველა ის ორგანიზმი (ცხოველი, მცენარე, სოკო და სხვ.), რომელიც ლპობადი ბიომასით იკვებება.[3] საპროფაგებს ნაწილობრივ მტაცებელი და ყველაფრისმჭამელი ცხოველებიც განეკუთვნება.[2] ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესში მონაწილეობით საპროფაგები ნივთიერებათა და ენერგიის ბიოლოგიური წრებრუნვის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენენ. წყლის საპროფაგები მონაწილეობენ წყლის ბიოლოგიურ გასუფთავებაში, ნიადაგში მობინადრენი — ნიადაგთწარმოქმნაში, ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას.[1] ლპობადი ნარჩენების მოსპობით საპროფაგები სანიტრის როლს ასრულებენ.[2]