საშუალო იაპონური ენა, ან შუაიაპონური ხანა (იაპონურად 中世日本語, chūsei nihongo) იყო იაპონური ენის ისტორიული განვითარების ერთ-ერთი საფეხური, წარმოადგენს კლასიკური იაპონურიდან ახალ იაპონურზე გარდამავალ ხანას. ამ დროის იაპონურმა არაერთი ძველი ნიშანი უკუაგდო და თავის დღევანდელ ფორმას დაუახლოვდა.
საშუალო, ან შუაიაპონური ენის განვითარებაში ეს ე.წ. გარდამავალი პერიოდი გრძელდებოდა დაახლოებით 500 წელს XII-დან XV საუკუნემდე. მიღებულია ამ ხანის ორ, ადრეულ და გვიან ქვეპერიოდებად დაყოფა.
პოლიტიკურ-ისტორიული თვალთახედვით, ადრეული შუაიაპონური არსებობდა ჰეიანისა, - უფრო ზუსტად კი ინსეის დროს, და ასევე კამაკურას ხანაში, ხოლო გვიანი შუაიაპონური კი მურომაჩის ხანაში დაიწყო და დასრულდა.
XII საუკუნის დასასრული იაპონიის ისტორიაში არის ჟამი ჰეიანის პერიოდის არისტოკრატიული საზოგადოებიდან სამურაების ფეოდალურ საზოგადოებაზე გადასვლისა. ამ ცვლილებებს თან ახლდა პოლიტიკური ცენტრის გადატანა აღმოსავლეთისაკენ და მისი აღმართვა შოგუნატეში. ამ დროს გაჩნდა უამრავი ახალი ბუდისტური მოძრაობა, გაიზარდა წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი.
XVI საუკუნის შუა ხანებში პორტუგალიელმა მისიონერებმა იაპონიასაც მიაღწიეს, რამაც დასავლური კონცეპტების, აზროვნების ტიპის გაჩენა გამოიწვია ქვეყანაში. იაპონურში გაჩნდა პირველი ევრონასესხობები.
ქრისტიანობის (იაპონურად „ქრისტიანობა იაპონიაში“) გასავრცელებლად პორტუგალიელ მისიონერებს მოუწიათ იაპონური ენის შესწავლა-დაუფლება. მათ შეჰქმნეს დიდძალი ლინგვისტური ლიტერატურა გრამატიკებისა და ლექსიკონების სახით. მისიონერები ძირითადად თარგნიდნენ თავიანთ სამისიონერო მიზნებისთვის გამოსადეგარ ლიტერატურას. ეს წყაროები წარმოადგენენ ფასდაუდებელი მნიშვნელობის ნაშრომებს საშუალო იაპონური ენის ენათმეცნიერული კვლევის საქმეში.