სერვეცეზა ქადინეფენდი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი |
1 სექტემბერი, 1823 მაიკოპი, ჩერქეზეთი |
გარდაცვალების თარიღი |
25 სექტემბერი, 1878 (55 წლის) სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
ეროვნება | ჩერქეზი |
რელიგია | სუნიზმი |
მეუღლე(ები) |
აბდულმეჯიდ I, ოსმალეთის სულთანი (ქ. 1839 - გარდ. 1861) |
შვილ(ებ)ი |
შვილობილები: ფატმა სულთანი რეფია სულთანი მეჰმედ V, ოსმალეთის სულთანი |
სერვეცეზა ქადინეფენდი (თურქ. Servetsezâ Kadınefendi; დ. 1 სექტემბერი, 1823, მაიკოპი, ჩერქეზეთი — გ. 25 სექტემბერი, 1878, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ჩერქეზი დიდგვაროვანი და ოსმალეთის სულთან აბდულმეჯიდ I-ის პირველი ცოლი 1839 წლიდან მის გარდაცვალებამდე.
სერვეცეზა დაიბადა 1823 წლის 1 სექტემბერს მაიკოპში. მისი მშობლების ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი ერთ-ერთი წარჩინებული ჩერქეზი თავადის ქალიშვილი იყო[1]. მისი სახელი სპარსულ ენაზე ნიშნავს „სიმდიდრის ღირსს“[2]. ასევე უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა იგი სტამბოლში, ოსმალეთის სულთან აბდულჰამიდ I-ის ქალიშვილის, ესმა სულთნის სასახლეში[3].
1839 წლის 2 ივლისს, როდესაც ოსმალეთის ახალი სულთანი აბდულმეჯიდ I გახდა, ესმა სულთანმა სერვეცეზა თავისი ძმისწულის, ახალი სულთნის ცოლად შეარჩია. ქორწინება 1839 წელსვე შედგა, რის შემდეგაც სერვეცეზას, როგორც სულთნის პირველ ცოლს, მიენიჭა „უფროსი ქადინის“, ანუ ქადინეფენდის წოდება, რომელიც მან ქმრის გარდაცვალებამდე შეინარჩუნა[4].
ლეილა აჩბა თავის მოგონებებში წერდა, რომ სერვეცეზა ქადინეფენდი კულტურული და ინტელექტუალი ქალი იყო[5]. ჩარლზ უაითმა, რომელიც ასევე ეწვია სტამბოლს, სერვეცეზას შესახებ ასეთი რამ განაცხადა:
![]() |
„ქადინს, ის ქალბატონები, რომლებიც მას იცნობენ, მას საინტერესო და წარმატებულ ქალად აღწერენ, თუმცა არა რაიმე განსაკუთრებული შარმით დაჯილდოვებულად.“
|
სერვეცეზა უნაყოფო აღმოჩნდა. ამის გამო, მას შემდეგ, რაც 1851 წელს მისი ქმრის მეექვსე ცოლი, გიულჯემალ ქადინი გარდაიცვალა, სერვეცეზამ მისი სამივე შვილი: ფატმა სულთანი, რეფია სულთანი და უფლისწული მეჰმედი იშვილა[6]. მან აბდულჯემიდს პირადად სთხოვა, რომ უდედოდ დარჩენილი ბავშვები მის მეურვეობაში შეეყვანა, რათა მას ისინი საკუთარი შვილებივით აღეზარდა. სულთანმა ცოლს თხოვნა შეუსრულა და სერვეცეზაც დარჩენილი ცხოვრება ზრუნავდა მათზე, როგორც საკუთარ შვილებზე[7].
როდესაც 1853 წელს აბდულჯემიდის მეცხრე ცოლი, ბეზმიალემ სულთანი გარდაიცვალა, სერვეცეზა დაინიშნა ჰარემის მმართველად. ამ პერიოდში გავრცელდა ჭორი, რომ აბდულმეჯიდის ცოლს, შევქეფზა სულთანს უფლისწული მეჰმედი შეუყვარდა, რამაც სულთნის განრისხება გამოიწვია და სერვეცეზას მეურვეობაში მყოფი მეჰმედი მემკვიდრეთა სიაში უკან გადაწია, მის ნაცვლად კი უფლისწული აბდულაზიზი გამოაცხადა მემკვიდრედ[8].
1861 წლის 25 ივნისს აბდულმეჯიდ I გარდაიცვალა და ტახტი სულთან აბდულაზიზმა დაიკავა, რის შემდეგაც სერვეცეზამ დატოვა თოფქაფის სასახლე და ქაბატაშის სასახლეში გადავიდა[9]. 1872 წელს მისი ბრძანებით გააკეთეს შადრევანი უსქუდარში[10]. როგორც ჩანს, მას თავისი შვილობილი, უფლისწული მეჰმედი ძალიან უყვარდა, რის გამოც, როდესაც ტახტზე სულთან აბდულჰამიდ II ავიდა, სერვეცეზამ მას პირდაპირ განუცხადა, რომ ტახტი წაართვეს[11][12].
სერვეცეზა ქადინეფენდი გარდაიცვალა 1878 წლის 25 სექტემბერს სტამბოლში. დაკრძალულია ქმრის მავზოლეუმის მახლობლად[13][14]. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სერვეცეზა მოწამლეს, რამეთუ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იგი აბდულჰამიდ II-თან მივიდა და განუცხადა, რომ ტახტი კანონიერი მფლობელისთვის დაებრუნებინა. მას შემდეგ, რაც სულთანმა მისი „გაფრთხილება მიიღო“ იგი სასმელზე დაპატიჟა, სერვეცეზა კი სასახლეში დაბრუნებისთანავე გარდაიცვალა, რის გამოც ივარაუდება, რომ იგი სულთანმა მოაწამლინა[11][12].
მიუხედავად ყველაფრისა, სერვეცეზას სურვილი მაინც ახდა, როდესაც 1909 წელს ჩამოაგდეს აბდულჰამიდი და მის ნაცვლად სერვეცეზას შვილობილი, მეჰმედ V დასვეს ტახტზე[15].