სექსუალური ინვერსია (ლათ. inversio — ამობრუნება, გადაადგილება) — სექსუალური ლტოლვა თავისივე სქესის მიმართ. განასხვავებენ აბსოლუტურად ინვერტირებულ პირებს, რომელთათვისაც სექსუალური ობიექტი შესაძლოა მხოლოდ იგივე სქესის პირი იყოს (იხ. ჰომოსექსუალობა), და ამფიგენურ ინვერტირებულ პირებს, რომელთათვისაც ლტოლვის ობიექტი შეიძლება იყოს კაციც და ქალიც (იხ. ბისექსუალობა). ტერმინის გამოყენება სექსოლოგებმა მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და ის ძირითადად ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში გამოიყენებოდა. ამ დროისთვის სჯეროდათ, რომ ის თანდაყოლილი იყო და მამაკაცებში ქალური ქცევის (მაგალითად, ქალური სამოსის ჩაცმის მოთხოვნილებას) მიზეზი იყო. ცნობილი სექსოლოგი რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგი ქალებში სექსუალურ ინვერსიას ახასიათებდა, როგორც „მამაკაცის სულს ქალის წიაღში“.