სილიბისტრო ჯიბლაძე | |
---|---|
ფსევდონიმი/ები | სილვა, ს. |
დაბადების თარიღი | 1859 |
დაბადების ადგილი | ამაღლება, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 1922 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია |
საქმიანობა | რევოლუციონერი, პოლიტიკოსი |
მამა | ბესარიონ ჯიბლაძე |
სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე (ფსევდ. „სილვა“, „ს“) (დ. 1859, ამაღლება — გ. 17 თებერვალი, 1922, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
დაიბადა დიაკვნის ოჯახში. 1872 წელს 13 წლის ასაკში შევიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. სასწავლებელში სწავლისას ცხოვრობდა თოთიბაძეების ოჯახში, სადაც ასევე იზრდებოდა ანტონ თოთიბაძე, შემდგომში დეკანოზი. სკოლაში ჯიბლაძის გარშემო შეიკრიბნენ მოწინავე მოსწავლეები, რომელთა შორის იყო ეგნატე ინგოროყვა (ნინოშვილი). სკოლის ინსპექტორ ლიაძის მხარდასაჭერად, რომელიც ლიბერალური კურსის გამო დაითხოვეს სამსახურიდან, ჯიბლაძემ და ნინოშვილმა ერთკვირიანი გაფიცვა მოაწყვეს. გაფიცვის გამო ნინოშვილი, როგორც გლეხი, სასწავლებლიდან გარიცხეს, ხოლო ჯიბლაძე, როგორც სასულიერო წოდების წარმომადგენელი, გარიცხვას გადაურჩა. ნინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად სწავლა შეწყვიტა ჯიბლაძემაც, მაგრამ ნინოშვილისვე თხოვნით დაბრუნდა სასწავლებელში და ნინოშვილს ეხმარებოდა საშინაო განათლების მიღებაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1879 წლიდან, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ სტუდენტად ითვლებოდა. მან სემინარიაში მალევე დაიწყო აკრძალული ლიტერატურის კითხვა და ფარული წრეების ჩამოყალიბება. 1885 წელს, მეექვსე კურსზე ყოფნისას, როცა საავადმყოფოში იწვა, მისი ოთახი გაჩხრიკეს და უპოვეს აკრძალული ლიტერატურა. სემინარიის რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის, გადაწყვეტილებით გარიცხეს „მგლის ბილეთით“. ამ გადაწყვეტილების გამო ჯიბლაძემ ჩუდეცკი სემინარიის შენობაშივე სცემა და თმით ათრია, რის გამოც 2 წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს ხარკოვში, ხოლო შემდეგ კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს ვადა.
1889 წელს გათავისუფლდა საჯარიმო სამხედრო სამსახურიდან და ფიზიკურად დასუსტებული დაბრუნდა თბილისში. მეგობრებმა, ზაქარია ჭიჭინაძემ და ნოე ჟორდანიამ, სამკურნალოდ გაგზავნეს აბასთუმანში. გამოჯანმრთელებული ჯიბლაძე დაბრუნდა გურიაში, სადაც ხელახლა დაამყარა კავშირი ეგნატე ნინოშვილთან, დაუმეგობრდა ისიდორე რამიშვილს, არსენ წითლიძეს. აკრძალული ლიტერატურით ჯიბლაძეს ნოე ჟორდანია ამარაგებდა. ჯიბლაძემ დაიწყო მუშაობა „საფილოქსერო კომიტეტში“, რომელიც წარმოადგენდა ფილოქსერასთან ბრძოლის ორგანოს და სადაც იყვნენ დასაქმებული ეგნატე ნინოშვილი, კარლო ჩხეიძე და სასწავლებლებიდან გარიცხული ახალგაზრდები, რომლებიც კომიტეტის საქმიანობას და პროვინციებში ხშირ მოგზაურობას გლეხთა გასანათლებლად და რევოლუციური პროპაგანდისთვის იყენებდნენ. კომიტეტში საქმიანობის დროს ჯიბლაძე დაშორდა ნაროდნიკული შეხედულებებს და დაუახლოვდა მარქსიზმს. 1892 წლის დეკემბერში ესწრებოდა ზესტაფონის კრებას, რომლის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო მესამე დასის მუშაობაში. 1894 წლის 7 მაისს სოფელ ჩანჩეთში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე წარმოთქვა ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული მესამე დასის პროგრამა.[1]
1897 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მატერიალური საწყობის გამგედ ალექსანდრეს ბაღში. ეს საწყობი გადაიქცა ყველა არალეგალურად მომუშავე პირის ცენტრად, აქ იღებდნენ აკრძალულ ლიტერატურას, იმართებოდა კრებები. ჯიბლაძე საქართველოში მომხდარი მუშათა ყველა გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქტიურად იყო ჩართული მუშათა წრეების ჩამოყალიბებაში რკინიგზის სახელოსნოებსა და სხვადასხვა ფაბრიკებში. ის პრაქტიკულად გახდა საქართველოში მესამე დასის ლიდერი, მუშაობდა მის ორგანიზაციულად ჩამოყალიბებისთვის და 1898 წელს ჩამოაყალიბა კიდეც თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე თავად იყო. დაიწყო მუშაობა გაზეთ „კვალში“, სადაც შემოიკრიბა თანამებრძოლები და გაზეთის მეშვეობით დაიწყო მუშათა ფართო წრეებში პროპაგანდა-აგიტაცია.
1900 წელს გაემგზავრა პეტერბურგში რსდმპ ცენტრთან კავშირის დასამყარებლად, სადაც მას ამაში იქ მცხოვრები ისიდორე კვიცარიძე ეხმარებოდა. 1901 წლის 22 მარტს დააპატიმრა ჟანდარმერიამ და 1902 წლის ზაფხულში ვასილ ცაბაძესთან ერთად გადაასახლა გორში, სადაც მათ ხელოსანთა შორის ჩამოაყალიბეს არალეგალური ორგანიზაციები და მალე შექმნეს გორის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. 1903 წლის დასაწყისში ის აირჩიეს რსდმპ კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრად.
1903 წლის აგვისტოში გორიდან გურიაში გადასახლების შემდეგ იქცა გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთ ორგანიზატორად. გურიაში ის დააპატიმრეს და ქუთაისისა და ფოთის ციხეებში ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ 5 წლით გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც ამნისტიით დაბრუნდა 1905 წლის ზაფხულში. პარტიაში დაწყებული განხეთქილების შემდეგ ჯერ კიდევ ციმბირიდან აქვეყნებდა ბოლშევიკების საწინააღმდეგო წერილებს, ხოლო ამნისტიით გამოსვლის შემდეგ შეუერთდა ნოე ჟორდანიას პარტიაში ბოლშევიკური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ პარტიის გადაწყვეტილებით დაევალა ტერორისტული აქტების განხორციელების ხელმძღვანელობა. 1906 წლის იანვარში არსენ ჯორჯიაშვილმა მისი ორგანიზებით მოკლა კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე, გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი. დააორგანიზა რამდენიმე ბოლშევიკის ლიკვიდაცია. თანამშრომლობდა გაზეთებში: „სხივი“, „განთიადი“, „ელვა“.
1909 წლის 3-9 იანვარს მონაწილეობდა რსდმპ პარიზის კონფერენციაში. 1909 წლის 23 სექტემბერს ის ჟანდარმერიამ დააპატიმრა თუმანოვის ქუჩაზე და 1910 წელს გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით ხუთი წლით გადაასახლეს დონის როსტოვში, საიდანაც 1910 წლის მაისში გაიქცა და არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში, იყო რსდმპ პეტროგრადის კომიტეტის წევრი. 1913 წელს მცირე ხნით არალეგალურად იმყოფებოდა თბილისსა და ბაქოში. 1914 წელს გადასახლების ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა თბილისისა და ჭიათურის პარტიულ ორგანიზაციებში. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბორჯომის კონფერენციაში. იყო ქშწკგს წევრი. 1915 წლის 28 აგვისტოს კვლავ დააპატიმრეს თბილისში, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ციხიდან გაათავისუფლეს პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1917 წლის ნოემბრიდან იყო აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს წევრად. 1919 წლის მარტში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 12 მარტს, როგორც კრების უხუცესმა წევრმა, გახსნა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. იყო საარჩევნო, სამხედრო და სარეკომენდაციო კომისიების წევრი.
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 10 აპრილს თავმჯდომარეობდა სსდპ კონფერენციას, რომელმაც მიიღო 7 პუნქტიანი რეზოლუცია და საქართველოს სსრ მთავრობა შესთავაზა ჩაეტარებინათ რეფერენდუმი, ასეთ შემთხვევაში დებდნენ პირობას, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია მხოლოდ ღია კრიტიკითა და თანამშრომლობით შემოიფარგლებოდა. ბოლშევიკური რეჟიმის მიერ კომპრომისზე უარისა და რეპრესიების გამო ჯიბლაძემ დაიწყო წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნა. 1921 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს ნაძალადევის კლუბში გამართულ შეხვედრაზე სტალინის მოხსენებისთვის შეპასუხების გამო. 1921 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს ციხიდან ავადმყოფობის გამო. გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდა იატაკქვეშა საქმიანობას და 17 ოქტომბრიდან გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. იყო ინიციატორი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიმართვისა გენუის კონფერენციისადმი, რომლითაც ის საბჭოთა ოკუპაციისგან საქართველოს გათავისუფლებას ითხოვდა.[2] 1922 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა გულის უკმარისობით კონსპირაციულ ბინაში. დილით გადაასვენეს საკუთარ ბინაზე, შემდეგ კი ჩეკამ მისი ცხედარი გაიტაცა და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაასაფლავა ვერის რუსულ სასაფლაოზე.