მიუხედავად იმისა, რომ სირიაში დასავლეთ აზიის უძველესი ქალაქები, როგორიცაა დამასკო და ალეპო, მდებარეობს, ქვეყანაში ტურიზმის დონე მკვეთრად შემცირდა სირიის სამოქალაქო ომის გამო, რომელიც 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ტურიზმის დაცემა აგრეთვე ქვეყნისათვის დაწესებულმა საერთაშორისო ეკონომიკურმა სანქციებმა და სირიული გინვანქის მკვეთრმა გაუფასურებამ განაპირობა.
სამოქალაქო ომის დაწყებამდე, 2010 წელს, სირიას 8.5 მილიონი ტურისტი ეწვია, რის შედეგადაც ქვეყანამ ტურიზმიდან 30.8 მილიარდი სირიული გირვანქის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ხოლო ტურიზმის სექტორმა ქვეყნის ეკონომიკის 14% შეადგინა. 2015 წლისთვის სირიაში ტურისტთა რაოდენობა 98%-ით შემცირდა.
ქვეყნის მრავალი ტურისტული ღირშესანიშნაობა დაბომბვების შედეგად განადგურდა. ასვე დაიკეტა არაერთი დიდი სასტუმრო. დადგენილია, რომ სირიაში ტურიზმის ინდუსტიის ხელახლა ასაღორძინებლად დიდი მოცულობის ინვესტიციების ჩადება იქნება აუცილებელია.[1][2][3][4]
2000 წელს სირიის მშპ-ში ტურიზმის წილი 6% იყო. 2002 წელს გამოქვეყნდა ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების გეგმა, რომელიც უდაბნოსა და ბუნებრივ ნაკრძალებში ტურისტების მიზიდვას ისახავდა მიზნად.[5] 2004 წლის ბოლოს დამასკოში ორი მდიდრული სასტუმრო გაიხსნა.[5]
სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიაში ტურისტთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. სირიის ტურიზმის სამინისტროს 2011 წლის იანვრის მონაცემებით, 2009 წელს ქვეყანას 6 მილიონი ტურისტი ეწვია, ხოლო 2010 წელს ეს რიცხვი 8.5 მილიონამდე, შესაბამისად 40%-ით გაიზრდა.
2011 წლის მარტში სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ტურიზმის დონემ საგრძნობლად იკლო. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ტურისტული სასტუმროები ლტოლვილთა თავშესაფრებად იქცა. თუ 2011 წლის პირველ მეოთხედში ტურიზმის შემოსავალი 52 მილიარდი სირიული გირვანქა იყო, 2012 წლის პირველ მეოთხედში ეს რიცხვი 12.8 მილიარდამდე დაეცა. ასევე წინა წელთან შედარებით ტურისტთა რიცხვმა 76%-ით იკლო. 2012 წლის მეორე მესამედში ტურიზმის სექტორში დასაქმების დონე დაეცა.[6] იუნესკოს ცნობების მიხედვით, სამოქალაქო ომის შედეგად სირიის ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ხუთი დაზიანდა.[6][7] 2012 წელს სირიამ გაეროს წერილი მისწერა, რომელშიც ტურიზმის ინდუსტიის დაცემა აღწერა და აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით სასტუმროების დატვირთვა 90%-დან 15%-მდე დაეცა.
2013 წლისთვის, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემოსავალი 94%-ით დაეცა. 2013 წლის სექტემბის დასასრულს ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ 2011 წლიდან 298 ტურისტული დანიშნულების ადგილს მიადგა ზარალი.[8]
2015 წლისთვის ტურისტთა რიცხვმა 98%-ით იკლო. ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წლის პირველ ნახევარში სირიას 45 000 ტურისტი ეწვია, თუმცა დამკვირვებლებმა ეს ციფრები სადავოდ მიიჩნიეს, რადგანაც სირიის ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ ირანელთა რელიგიური ტურიზმი იყო შემორჩენილი.[9] გაზეთ The Daily Telegraph-ის 2015 წლის სტატიის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქებში, ტარტუსსა და ლათაკიაში მდებარე სასტუმროები ჯერ კიდევ მასპინძლობდნენ შიდა ტურისტებს, ხოლო ერთ-ერთ სასტუმრო 2014 და 2015 წლების ზაფხულში სრული დატვირთვით მუშაობდა.[10]
მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ ქვეყნის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები დაიბრუნა, ეს ტერიტორიები კვლავ სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა. დაიწყო საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტურისტული ობიექტების აღდგენა და განახლება. იუნესკოს ძეგლებს შორის აღადგინეს ალეპო, პალმირა და კრაკ-დე-შევალიე.[11][12]
სირიაში ტურიზმის ხელშეწყობას სირიის ტურიზმის სამინისტრო უძღვება.[13] 2016 წელს სამინისტრომ ვიდეორგოლი სახელწოდებით „სირია ყოველთვის მშვენიერია“ გადაიღო, რომლის საშუალებითაც ტურისტებს ქვეყანაში სტუმრობისკენ მოუწოდებდა. ვიდეორგოლში ასახულ ადგილებს შორის იყო ტარტუსი, სადაც 2016 წელს სამხედრო შეტევის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა.[14] ამის გამო ვიდეორგოლმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.
სირიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ექვსი ძეგლი მდებარეობს, ხოლო 12 ძეგლი კანდიდატთა სიაშია შეტანილი.