სპასალარი

სპასალარი, სპასპეტი (სპარს. سپه سالار [spāhsālār] — „სარდალი“, „მხედართმთავარი“) — სამხედრო უწყების მოხელე ძველ საქართველოში. სპასალარი ადგილობრივი მხედართმთავარი იყო. ყოველ კუთხესა და თემს („ქუეყანაჲ“) თავ-თავისი სარდალი უნდა ჰყოლოდა. ქართულ წყაროებში ს. /სპასპეტი /ამირსპასალარი შინაარსობრივად სინონიმური ცნებებია. „ქართლის ცხოვრება“ იცნობს სამივე ტერმინს, მაგრამ მათი გამოყენებისას ქრონოლოგიური ნიშნით გარკვეული დიფერენციაცია შეინიშნება.

ლეონტი მროველის ცნობით სპასალარნი ფარნავაზ მეფემ „ერისმთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა“ („მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“). მეწინავე ჯარს „სამცხის სპასალარი“ სარდლობდა. სპასალარი სპასპეტის, ამირსპასალარის სახელისუფლოში შედიოდა.

ვახუშტის სიტყვებით, „შემდგომად შესძინეს ათაბაგობა, რამეთუ არღარა იწოდებოდა სპასალარი სპასალარად, არამედ ათაბაგად“. აღნიშნული არასწორია, რადგანაც ეს ორი თანამადებობა სპასალარი და ათაბაგი შემდგომ პერიოდშიც გვხვდება. ამის გარდა ამ ორ ხელისუფალთა შორის კავშირი არ არსებობს. სპასალარი ნიშნავს სპათა უფროს, მხედართმთავარს, ხოლო ათაბაგი — მემკვიდრის გამზრდელს.

ელინისტურ და გვიანანტიკურ ქართლში სპასალარი ერისთავთა ქვემდგომი ადგილობრივი სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე იყო, რომლის უფლებამოსილება საერისთავოს ცალკეული თემისა და „ქვეყნის“ ფარგლებში ვრცელდებოდა. სპასალარს, თავის მხრივ, ათასისთავები ემორჩილებოდნენ, რომელთაც, გარდა უშუალოდ სამხედრო საქმიანობისა, ფისკალური ფუნქციებიც ებარათ - „მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეფო და საერისთავო“.

გვიანანტიკურ ეპოქაში სპასალარები სოციალური წარმომავლობით ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ და სამეფო ოჯახთან ბუნებრივი ან ხელოვნური („მამამძუძეობა“) ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი. მაგ., ვახტანგ გორგასლის მამამ, მეფე მირდატმა, თავისი ასული მირანდუხტი კასპის სპასალარს მისცა აღსაზრდელად. ადრეული შუა საუკუნეების შემდეგ იერარქიული ზღვარი სპასალარისა და სპასპეტს შორის იშლება და ეს ორი ტერმინი სინონიმურად იხმარება. XI ს-ში ს., ძველი სპასპეტის მსგავსად, ქვეყნის ძირითადი სამხედრო ბირთვის, საერისთავო ლაშქრის წინამძღოლად, ერისთავთა „უხუცესად“ იწოდებოდა. სპასალარიად მოიხსენიებს „მატიანე ქართლისა“ ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის თანამედროვე კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ (IV) ბაღვაშს და მის ძეს ივანეს, რომელთა ძალაუფლება სასპასპეტო შიდა ქართლზეც ვრცელდებოდა და უდიდესი ძალაუფლება და გავლენა ჰქონდათ იმდროინდელ საქართველოში. სპასალარს, როგორც სამხედრო ხელისუფალს, ექვემდებარებოდნენ ერისთავები და ის საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, რომლებიც საერისთავოებში სამხედრო საქმეს ემსახურებოდნენ. ნ. ბერძენიშვილი ვარაუდობდა, რომ სპასალართა ინსტიტუტი დავით აღმაშენებელმა გააძლიერა, რათა დაეპირისპირებინა იგი ერისთავებისადმი. თუმცა, შემდგომ იმავე სოციალურმა მოვლენამ, რომელმაც ძველი ერისთავები (ჯარის უფროსები) ფეოდალებად აქცია, ასეთივე ზეგავლენა მოახდინა სპასალართა ინსტიტუტზე, რის გამოც მან დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა. მთავარსარდლის აღმნიშვნელ ტერმინად დავით აღმაშენებლის დროს შემოღებული „ამირსპასალარი“ ტერმინოლოგიურადაც და ფაქტობრივი ვითარების მიხედვითაც სპასალართა გაერთიანებული სამხედრო ძალების არსებობას გულისხმობს. სპასალარები ჩაუყენა დავით აღმაშენებელმა ყივჩაყთა ჯარის ცალკეულ შენაერთებსაც სათავეში. არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს სპასალარი იყო თამარის თანამედროვე სამეფო კარის მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, რომლის ხელში გიორგი რუსის აჯანყების დროს დასავლეთ საქართველოს მთელი სამხედრო კონტინგენტი აღმოჩნდა (თ. ბერაძე). ნიშანდობლივია, რომ XIII ს-ის იმ ისტორიულ წყაროებში, რომლებიც ბევრად ადრინდელი მდგომარეობის ამსახველია, სპასალარი ადგილობრივი სამხედრო მეთაური ჩანს, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართლის ერისთავისა და სხვა ერისთავთა სამოხელეო რანგში თანაბრად განიხილებოდა. მაგ., მირონის კურთხევისას დიდ ხუთშაბათს მცხეთაში შეკრებილთა შორის დასახელებულნი არიან: „მეფე, ათაბაგი, ქართლის ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი“. ხოლო „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, „ძღვენი საწელიწდისთაო ...ერისთავთა, ქართლის ერისთავისა, სამცხის სპასალარისა“ და დადიანისა იყო.

ივ. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ წყაროები საბრძოლო მოქმდებების აღწერისას მეწინავე ჯარის წინამძღოლად მხოლოდ სამცხის სპასალარს ასახელებენ. მართალია, წერილობით წყაროებში სამცხის სპასალარი პირველად თამარის მეფობისას ჩნდება, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ ეს ხელი დავით აღმაშენებლის დროიდანვე არსებულიყო. სპასალარები უნდა ყოფილიყვნენ 1118 წ. თურქთაგან მოკლული ბეშქენ ჯაყელი, ასევე 1177 წ-ის ორბელთა ამბოხების მონაწილე მემნა ჯაყელი. თამარის პირველი ისტორიკოსი იქ, სადაც ჩამოთვლის თამარის დროინდელ ერისთავებს, აღნიშნავს, რომ „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. ტექსტში ჩამოთვლილ ერისთავებს შორის ახლად დადგინებული მხოლოდ ბოცო ჯაყელია და, სხვა ერისთავებისაგან განსხვავებით, ერთდროულად „სამცხის ერისთავად და სპასალარად“ იწოდება. 1191 წ. გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობისა და აჯანყებულთა თანადგომისათვის ბოცო ჯაყელმა სამცხის სპასალარობასთან და ერისთავობასთან ერთად „ჯაყელობაც“ დაკარგა და ეს სამოხელეო თანამდებობა და საგვარეულო წოდება ჯაყელ-ციხისჯვარელთა სახლში გადავიდა. ამ შტოს ფუძემდებელია „ყუარყუარა, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი“, რომელსაც თამარის მეორე ისტორიკოსი მონაპირე ერითავებს შორის ასახელებს.

თავდაპირველად სამცხის სპასალარობა და ერისთავობა მართლაც ცალ-ცალკე ხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ორი ხელის დამოუკიდებელი არსებობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა და სამცხის სპასალარი მალე ჩვეულებრივ ერისთავად იქცა. სამცხის სპასალარი იგივე მონაპირე ერისთავი იყო, მხოლოდ გაზრდილი სამხედრო ფუნქციებით (მონაპირეობა, მეწინავე ჯარის მეთაურობა). სამხედრო ფუნქციის გარდა, მის მოვალეობაში შედიოდა ხარკის აკრეფაც, რაზედაც ვახუშტი იუწყება: „ესრევე შეჰკრებდა ლაშკართა და ხარკსა სამეფოსა ერისთავთა მიერ ყოველთა საბრძანებელთა“. ისტორიული წყაროების თანახმად, XIV ს-ის შუახანებამდე ბექა I ჯაყელის (1285-1308) ძეებიდან სამცხის სპასალარი იყო სარგის II (1308/9-1344), ხოლო შემდგომ მისი ძმა - ყვარყვარე II (1334-1361), რომელიც ერთდროულად საქართველოს ამირსპასალარი და სამცხის სპასალარი ყოფილა.

XIV ს-ის განმავლობაში სამცხის სამთავროს მმართველი ჯაყელები ჯერ კიდევ საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარებად და სამცხის სპასალარებად იწოდებოდნენ, ხოლო XV ს-დან მოყოლებული, სპასალარი ჯაყელთა მმართველი სახლის ზედწოდებად შემორჩა.

საქართველოს სპასალარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 509.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1-2 (ნაკვ 1), ტფ., 1928.
  • ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს ისტორია“, (დ. ბაქრაძის რედაქტორობით), ტფ. 1885, გვ. 12
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]