არგენტინაში სპორტის საკმაოდ ბევრი სახეობაა გავრცელებული. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია მოსახლეობის მულტიკულტურულობით და რბილი ამინდით. ყველაზე პოლულარული სპორტია ფეხბურთი. სპორტის სხვა სახეობებიდან, რომლებიც პროფესიუნალურ თუ სამოყვარულო დონეზეა გავრცელებული, აღსანიშნავია: ათლეტიზმი, ავტოსპორტი, კალათბურთი, კრივი, ველოსპორტი, ბალახის ჰოკეი, თევზაობა, გოლფი, ხელბურთი, ალპინიზმი, ცხენბურთი, ციგურული ჰოკეი, ნიჩბოსნობა, რაგბი, აფრით ცურვა, თხილამურებზე სრიალი, ცურვა, ჩოგბურთი და ფრენბურთი. სპორტის ამ სახეობების უმრავლესობა, სანაკრებო დონეზეა, მაგრამ მათ შორის გამონაკლისია ჩოგბურთი, კრივი და გოლფი. მიუხედავად იმისა, რომ ცხენბურთი (Pato) არგენტინის ეროვნული სპორტია, ის არც ისე პოპულარულია.
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იმ რვა ქვეყნის ნაკრებთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ მოგებული. ნაკრებმა ორჯერ მოიპოვა ფიფას მსოფლიო თასი (1978 და 1986 წლებში), ორჯერ დაეუფლა ოლიმპიური ოქროს მედალს (2004 და 2008 წლებში), ოთხჯერ კოპა ამერიკის თასს, ერთხელ კონფედერაციის თასს და ექვსჯერ ფიფას ოც წლამდელთა ჩემპიონატის თასს. არგენტინულ საფეხბურთო კლუბებს მოპოვებული აქვთ რეკორდული რაოდენობის, ლიბერტადორესის 22 თასი და 9-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. არგენტინის პრიმერა დივიზიონი უმაღლესი დონის საშინაო ჩემპიონატია. ქვეყნის ყველაზე ცნობილი, ისტორიული და სათაყვანებელი ფეხბურთელია დიეგო მარადონა.
1995 წლიდან არგენტინას ჰყავს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც.
კალათბურთი არგენტინაში ასევე საკმაოდ პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს, განსაკუთრებით პროვინციებში. საკალათბურთო კლუბების ასოციაცია ორგანიზებას უწევს ეროვნულ საკალათბურთო ლიგას (Liga Nacional de Básquet), რომელიც ქვეყნის ლიგებს შორის უმაღლესია. არგენტინის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 1950 წელს ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა 2000-იან წლებამდე კალათბურთი არგენტინაში დიდი პოლულარობით ვერ სარგებლობდა, სანამ ეროვნულმა ნაკრებმა 2004 წლის ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი არ მოიპოვა. ასევე, 2002 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე შესაბამისად მეორე და მეოთხე ადგილი დაიკავა.